სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

იუსტიციის სახლის სახურავის შეკეთების პირველი ეტაპის სამუშაოები 1 100 000 ლარი დაჯდება

იუსტიციის სახლის თბილისის ფილიალი ამოქმედდა 2012 წლის სექტემბერში ისე, რომ ექსპლუატაციაში არ მიუღიათ. ეს დღემდე ვერ ხერხდება, რადგან არსებობს თავის დროზე მშენებლობის პროცესში დაშვებული მთელი რიგი არსებითი ხარვეზებისა. მათ შორის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს გადახურვის კონსტრუქციების არასათანადო ტექნიკური მდგომარეობა, რაც დაუყოვნებლივ გამოსასწორებელია.

შენობის გადახურვასთან დაკავშირებულმა პრობლემამ მას შემდეგ იჩინა თავი, რაც 2013 წლის დეკემბერში სახურავის ერთი ნაწილი ჩამოიშალა. ჩამონგრეული ნაწილის ფონზე მოხდა სამშენებლო პროცესში დაშვებული შეცდომების იდენტიფიცირება. 2014 წლის განმავლობაში ჩატარდა სახურავში ჩარჩენილი რამდენიმე ტონა სამშენებლო ნარჩენების შეგროვება და გატანა, განხორციელდა მთელი რიგი კვლევითი სამუშაოებისა სამშენებლო პროცესში დაშვებული შეცდომების გამოსავლენად და მათი აღმოფხვრის გზების დასადგენად. მათ შორის აღსანიშნავია შპს „ტრიჯიტის“ მიერ 2014 წლის 30 სექტემბერს მომზადებული შესაბამისი ტექნიკური ანგარიში.

ალტერნატიული საექსპერტო მოსაზრებების აუცილებლობიდან გამომდინარე, 2014 წლის ზამთრიდან უნგრულმა კომპანია „მტმ“-მა დამატებით დაიწყო სახურავის ლითონკონსტრუქციის კვანძების სტრუქტურული ანალიზი. 2015 წლის ივლისში კომპანიის მიერ წარმოდგენილმა დასკვნამ კიდევ ერთხელ უტყუარად დაადასტურა სახურავის მშენებლობის პროცესში დაშვებული მასშტაბური ხარვეზები. უმთავრესია ლითონკონსტრუქციის არსებული მდგომარეობის პირველად პროექტთან შეუსაბამობა. ამას გარდა, დადგინდა ათასობით წერტილში შედუღების ხარვეზები ან შედუღების არარსებობა და გადახურვის გარკვეულ უბნებზე დასაშვებ ნორმაზე მეტი დატვირთვები (400 პროცენტიანი დატვირთვა ზოგიერთ საყრდენ სვეტზე), რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის კონსტრუქციის მდგრადობას; აღნიშნული საფრთხე კი იზრდება უამინდობისას. 35 კმ/სთ ქარის დროს განსაკუთრებით მატულობს საშიშროება, ხოლო 100 კმ/სთ დროს ვითარება ხდება საგანგაშო. ასევეა მიწისძვრის შემთხვევაშიც.

სხვადასხვა საექპერტო დასკვნების შედეგებიდან გამომდინარე, ჩასატარებელი სამუშაოები პირობითად სამ ნაწილად დაიყო. შემუშავდა ნაკლებად სერიოზული ხარვეზები აღმოფხვრის პროექტი, რაც სახურავის 11-ვე პეტალში რამდენიმე ათას ნაკლოვან კვანძზე შედუღების სამუშაოების ჩატარებას გულისხმობს და ამ სამუშაოების ვადა, დაახლოებით, 4 თვეა. შედუღების სამუშაოების დასაწყებად, სახურავში უკვე იქნა გაყვანილი ძალოვანი კაბელი მიმდინარე წლის ივნის-ივლისში, რაც 98 ათასი ლარი დაჯდა. ვინაიდან თითოეულ პეტალში გართულებულია გადაადგილება, ზედმიწევნით იქნება დასაცავი ხანძარსაწინააღმდეგო ნორმები და მშენებლობა უნდა მიმდინარეობდეს არასამუშაო საათებში, ნაკლებად სერიოზული ხარვეზების აღმოფხვრის სამუშაოების ვადა შეიძლება 4 თვეზე გრძელიც შეიძლება აღმოჩნდეს.

ამის პარალელურად მიმდინარეობს გამოვლენილი და დადასტურებული სერიოზული და განსაკუთრებით სერიოზული ხარვეზების აღმოფხვრის კონკრეტული გზების ძიება და პროექტების შედგენა, რაც, ქართველი და უცხოელი სპეციალისტების აზრით მინიმუმ 6 თვეს მოითხოვს. ამ პროექტების განხორციელებისათვის საჭირო ვადები და ხარჯები ამ ეტაპზე უცნობია.

დღეს, მთავრობის სხდომაზე იუსტიციის მინისტრმა საქართველოს მთავრობას შექმნილი მდგომარეობის შესახებ დეტალური ანგარიში წარუდგინა. გადაწყდა, რომ პირველი ეტაპის ზემოხსენებული შედუღების სამუშაოებისათვის აუცილებელი სახელმწიფო შესყიდვები, საექსპერტო დასკვნებიდან გამომდინარე, განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის წესით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100