სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მამა პეტრე: ღმერთით ადამიანებს აშინებენ. შიშით კი შინაგან თავისუფლებას ვერ მიაღწევ

პეტრე კოლხი - გაუგზავნელი წერილი

ე.წ. მრევლისგან უფრო დიდი აგრესია და სიძულვილი მოდის, ვიდრე ძიებაში მყოფი ადამიანებისგან. გუშინ წიგნიერ და პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდას შევხვდი. დიდხანს ვისაუბრეთ ნიცშეზე, კანტზე. წარმოუდგენლად კარგად დაახასიათა პილატეს პიროვნება. მისი აზრი ჩამოაყალიბა მარხვის მნიშვნელობაზე და ბოლოს თქვა, მინდა ვიყო ეკლესიური, მაგრამ ამ გაგიჟებულ ბრბოს რომ ვხედავ, მეშინია ისიც არ დამეკარგოს, რაც აქამდე მოვიტანეო. არ ვარ მზად და ღირსი ზიარების რიგში ჩავდგეო... შემრცხვა, ის თუ არ იყო მზად, აბა ისინი არიან, ვინც მუჯლუგუნების რტყმით იკვლევს გზას საკურთხევლისკენ?!
დავემშვიდობე და შემპირდა, რომ ისევ მნახავს. საფიქრალი კი უამრავი დამიტოვა. განსაკუთრებით ორი აზრი ამეკვიატა:ან ყველაფერი მინდა შეიცვალოს, ან ყველაფერი უნდა გაატარო.
მისი ცოდნა წმინდა წერილისადმი, თავის განმარტებებით, ფილოსოფია და ფსიქოლოგიური დასკვნები მრევლის სახელით ცნობილმა დაჯგუფებამ რომ მოისმინოს, მთელი ჩვენი სულიერი ცხოვრების მიუხედავად, სიბნელეში არ ვიქნებოდით. გასაგებია ისიც, რომ მას ბევრი შეკითხვა და კითხვის ნიშნები გაუჩნდება. ჩვენ კი უკვე მოძველებულ ხერხს მივმართავთ და ეკლესიის მტრად გამოვაცხადებთ. არადა, მტერი ის უფროა, ასეთ ადამიანებს რომ არ უფრთხილდება და მისი აბსოლუტური უწიგნურობიდან, ურწმუნოებიდან გამომდინარე შეტევაზე უსუსურად გადადის. ვინც მოუმზადებელია, ის ,,შიგნით" არის, ვისაც მართლა დიდი აქვს მომზადების დონე, მაგრამ თავს მაინც უღირსად თვლის, ,,გარეთ" დგას... კიდევ კარგი გარეთ რომ დგას, თორემ შინაგანი ,,სინათლე" რომ დაენახა, მტრობა მაშინ გენახა. ამიტომ მომინდა ყველაფრის შეცვლა, რადგან ღმერთით ადამიანებს აშინებენ. შიშით კი შინაგან თავისუფლებას ვერ მიაღწევ. მის გარეშე ვერც თავს იპოვი და ვერც მითუმეტეს ნაზარეველს. ყველაფრის გატარება უკვე ტრაგედიაა. ამ შემთხვევაში ეთიშები იმ მიზანს, რის გამოც მიაშურე თავშესაფარს და იმედგაცრუებულმა წარმოთქვი-,,ზღვა მეპატარავებოდა, ვფიქრობდი ოკეანეზე და მოვხვდი აქვარიუმში" ... ვშიშობ, ესეც ვერ გაიგონ. აქვარიუმი უფლის სწავლებას და საეკლესიო გამოცდილებას არ გულისხმობს, არამედ მის დამახინჯებულ გადმოცემას.
გწერ, მაგრამ არ მგონია გამოგიგზავნო. პასუხი ან არაადექვატური, ან სულ არ იქნება...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100