"რამაზ ნოზაძეს ამ საქმეში ქალების ჩარევა რაში დასჭირდა?" - რას პასუხობს კურტანიძის ყოფილი მეუღლე ხატია სიჭინავას


რამაზ ნოზაძის მეუღლემ, ხატია სიჭინავამ გუშინ ღამით "ფეისბუქზე" დაწერა, რომ მათ ოჯახს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, ლუკა კურტანიძის ყოფილი ცოლი დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ კურტანიძემ საკუთარი ცოლ-შვილი სახლიდან გამოყარა. Ambebi.ge ლუკა კურტანიძის ყოფილ მეუღლეს, ნანა კურტანიძეს დაუკავშირდა:

- ქალბატონო ნანა, მართლა დაუკავშირდით ნოზაძეების ოჯახს და უთხარით, რომ ლუკა კურტანიძემ სახლიდან გამოგყარათ და ალიმენტის სიძვირის გამო აპირებს შვილებიც ჩამომართვასო?
- არ ვიცი, საიდან დავიწყო, და როგორ გითხრათ, მაგრამ ლუკას ყოფილი ცოლი ვარ მე. ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს ლუკასთან და მის მეუღლესთან, ხათუნა მაქაცაძესთან. ზუსტად ვიცი, როგორი ადამიანები არიან. მე და ჩემი შვილები ვცხოვრობთ აბაშიძეზე, საკმაოდ დიდ და კომფორტულ სახლში, საიდანაც არავის არ გამოვუყრივართ. ეს დღის წესრიგშიც არ ყოფილა. 5 წელია მე და ლუკა დავშორდით, მაგრამ დღემდე მის გვარზე ვრჩები. ჩვენს მიერ ერთად შეძენილ აგარაკზეც ნებისმიერ დროს შეგვიძლია ჩავიდეთ და დავისვენოთ. ამაზე არც ლუკას და არც მის მეუღლეს არ აქვს პრეტენზია. გამორიცხული იყო, რომ მე ხატიასთან დამერეკა მსგავს თემებზე. ძალიან გამიკვირდა, ნოზაძე და სიჭინავა რაზეც საუბრობენ, ეს ყველაფერი მაგათ სისუსტეზე მიუთითებს. სამსახურეობრივ გულგრილობაში ლუკას ვერავინ ვერ დაადანაშაულებს. არ არსებობს ასეთი ფაქტები.

- ხატია სიჭინავას განცხადებით, თქვენ თითქოს ისიც უთხარით ნოზაძეებს, რომ ლუკა კურტანიძეს მოძღვარიც კი არ ჰყავს და მას ფარისეველი უწოდა...
- ჩვენ ოჯახის მოძღვარი გვყავს, ჩემი შვილის ნათლიაა ჩვენი მოძღვარი. ლუკა როგორი მლოცველი და როგორი ადამიანია, ჩემზე კარგად არავინ იცის. მე და ლუკა 6 წლიდან ერთად გავიზარდეთ. 21 წელი როგორც ცოლ-ქმარმა ერთად ვიცხოვრეთ და არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს. კარგი მამაა. მე არასდროს მისაუბრია პირად ცხოვრებაზე, მაგრამ რადგან ახლა ასეთი განსხვავებული შემთხვევაა, ვსაუბრობ.
ბატონ რამაზს შეეძლო სამსახურეობრივად მოეგვარებინა ეს საქმე, ქალების ჩარევა რაში დასჭირდა? ეს არის მდაბიო, ჭორიკნული საქციელი, არც კი ვიცი რა დავარქვა. ღმერთმა დამიფაროს, მაგრამ მე კონფლიქტი რომ მქონდეს ლუკასთან და ხათუნასთან, მაგ ოჯახს ნამდვილად არ დავუკავშირდებოდი.

საღამოს აუცილებლად გავეცნობი რამაზის და ხატიას მოსაზრებებს. ჩემი სახელით საუბრის უფლება არავის აქვს. ლუკას საქმესთან დამოკიდებულება არის უტყუარი და იგივეს ითხოვს ყველასგან, გვარების დასახელებაც შემიძლია, მაგრამ ზუსტად ვიცი, მოვა დრო, ლუკა დაასახელებს ამ გვარებს. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ლუკას საქმეში რომ ჩაიხედონ, ნაკლს ვერ უპოვნიან. 10-15 წელი სკანდალები იმიტომ იყო ფედერაციაში, ლუკა მაქსიმალურს მოითხოვდა ყველასგან, სხვანაირად საქმე არ გამოდის.

- არსებობს მოსაზრება, რომ ლუკა კურტანიძეს შვილი ჰყავს ერთ-ერთ ქალბატონთან, გამორიცხავთ რომ მას დაერეკა ნოზაძეებთან?

- მე არავის პირად ცხოვრებაში არ ვერევი. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ 1989 წელს დავამთავრეთ სკოლა და ლუკას კანონიერი მეუღლე ვიყავი 21 წელი, დღეს კი მისი მეუღლეა ხათუნა მაქაცაძე. სხვა ცოლი ლუკას არ ჰყოლია. მადლობა, რომ ჩემი აზრის გამოთქმის საშუალება მომეცით.

Ambebi.ge ნანა კურტანიძესთან საუბრის შემდეგ ხატია სიჭინავას ოჯახს დაუკავშირდა, ხატიას დედამთილის ლალი ნოზაძის განცხადებით, ლუკა კურტანიძის ყოფილი მეუღლის სახელით მის მეუღლეს, ჯემალ ნოზაძეს დაუკავშირდნენ და სწორედ მასთან გადაგვამისამართა.

- ბატონო ჯემალ, ლუკა კურტანიძის ყოფილი მეუღლე მართლა დაგიკავშირდათ? ის ამას უარყოფს.
- ეს არაოფიციალური ინფორმაციაა და რა უფლება გაქვთ, რომ დაწეროთ?

- თქვენმა რძალმა დაწერა ამის შესახებ "ფეისბუქზე"...

- ჯემალ ნოზაძემ ტელეფონი გაგვითიშა და ამ თემაზე საუბარი არ ისურვა.

ხატია სიჭინავას სტატუსს, ლუკა კურტანიძის ახლანდელი მეუღლეც, ხათუნა მიქაცაძე გამოეხმაურა: "რთულია უყურო, როგორც ესვრიან ტალახს ჭაობში ჩაფლული ადამიანები. ლუკა კურტანიძემ 20 წლის მანძილზე მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში გააჟღერა საქართველოს ჰიმნი".

თამარ ბოჭორიშვილი

წყარო

კომენტარი