სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქალია – ადამიანი (?!)

გენდერული ძალადობა, ნელ-ნელა, თითქოს „ოჯახური კერიდან“ გამოდის და მასობრივი სანახაობა ხდება. აქამდე თუ მავანი მამაკაცის მიერ ქალზე განხორციელებულ ფსიქოლოგიურ თუ ფიზიკურ ზეწოლას „ერთი წყვილის პრობლემად“ მიიჩნევდა, უკანასკნელად ბათუმის სანაპიროზე მომხდარმა შემთხვევამ ცხადყო, რომ სოციუმის მრავალწლიანმა ინერტულობამ არამარტო მოძალადეები წაახალისა, არამედ შექმნა გარემო, სადაც ძალადობის ირიბი პროპაგანდაც კი ხდება.

ამ მოსაზრებას იზიარებენ ფსიქოლოგებიც, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ბათუმის სანაპიროზე მომხდარ შემთხვევას ერთზე მეტი დაზარალებული ჰყავს. კერძოდ, გარდა იმისა, რომ მამაკაცმა თანხმლებ ქალზე ფიზიკური ზეწოლა განახორციელა, აღნიშნულით ზიანი მიაყენა გარშემომყოფთა, განსაკუთრებით კი მცირეწლოვანთა, ფსიქიკას.

ერთ-ერთი, ვინც აღნიშნულ მოსაზრებას იზიარებს, ფსიქოლოგი ეკა მენაბდიშვილია. მისი თქმით, მოზარდებში განსაკუთრებით მაღალია „ძლიერი პერსონის“ პოზიციაში ყოფნის სურვილი. სწორედ ამიტომ, ისინი ხშირად მოძალადის ქცევის მოდელირებას ახდენენ.

„შესაძლოა, ძალადობის ერთმა შემთხვევამაც კი მათზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს. მათი მოძალადეებად ჩამოყალიბების ალბათობა კი, მათ ცხოვრებაში ძალადობის შემთხვევების მატების პარალელურად იზრდება. მოზარდებს „ძლიერის პოზიციაში“ ყოფნის სურვილი უჩნდებათ და, ნანახიდან გამომდინარე, აღნიშნულის საშუალებად სხვათა ჩაგვრას მოიაზრებენ“, – აცხადებს ფსიქოლოგი.

თუმცა, ამ შემთხვევაში, მოზარდთა ფსიქიკისთვის ზიანის მიყენებისთვის, მოძალადეს პასუხისგება არ მოუწევს; აღნიშნული გარემოება სამართალდამცველებს მხედველობაში არ მიუღიათ და ჩადენილზე საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით აღძრეს.

ძალადობის მასობრივ სანახაობად გადაქცევის ამ ნათელი მაგალითის მიუხედავად, ძალადობის ამ შემთხვევის მიმართ პროტესტი ახლაც მხოლოდ იმ დღეს გაგრძელდა, ისიც მხოლოდ სოციალურ ქსელში.

გენდერის სპეციალისტი თამარ ცხადაძე ასევე აცხადებს, რომ შემთხვევას ერთზე მეტი დამნაშავე ჰყავს.

„ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, ინდივიდი პასუხისმგებელია ძალადობის განხორციელებისთვის, მაგრამ ისევ და ისევ, მთავარი პრობლემა არის საზოგადოებრივ ნორმებში და საზოგადოების რეაქციებში, რადგან სოციუმი მამაკაცის მხრიდან ქალზე ძალადობას არ ასანქცირებს“, – აცხადებს ცხადაძე.

მისი თქმით, ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საზოგადოებამ გენდერული სტერეოტიპების დავიწყებით უნდა დაიწყოს.

აღნიშნულისთვის საჭიროდ, დამოუკიდებელ ფემინისტთა ჯგუფის წევრი იდა ბახტურიძე ქალების გაერთიანებას მიიჩნევს. მისი თქმით, სწორედ მათ უნდა მოსთხოვონ სახელმწიფოს ქალსა და მამაკაცს შორის თანასწორობის უზრუნველყოფა.

„სამწუხაროდ, დღემდე ვერ მოხერხდა ქალების ამ იდეის გარშემო შემოკრება და ქალსა და მამაკაცს შორის თანასწორობა მხოლოდ ფორმალურ აუცილებლად რჩება“, – აცხადებს ბახტურიძე. მისი თქმით, ძალადობის წინააღმდეგ ქალების გაერთიანება თავად მოძალადეებსაც აიძულებდა, გაეკონტროლებინათ საკუთარი ქცევა.

საზოგადოებაში ქალის როლის დაკნინების კუთხით, ნებსით თუ უნებლიეთ, ნეგატიური აქტიურობით გამოირჩევა ეკლესია, რომელიც ხელს უწყობს ქალის დეპერსონალიზაციას და მისი „მეორეხარისხოვნების“ წახალისებას. ამიტომ, საქართველოში ქალებზე ძალადობის მზარდ სტატისტიკაზე პასუხისმგებლობა, გარკვეულწილად, სწორედ ეკლესიას ეკისრება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100