სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა განცხადება 21-26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით

ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს მიგვაჩნია, რომ მიმდინარე წლის 21–26 მაისს, “სახალხო კრების” მიერ ორგანიზებული აქციები იყო არა საქართველოს შიდა საზოგადოებრივ–პოლიტიკური ცხოვრების ნაწილი და ეროვნული ინტერესებით განპირობებული ქმედება, არამედ უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალის მიერ წარუმატებლობისთვის განწირული მაპროვოცირებელი ნაბიჯი, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოში სისხლის ღვრის მოწყობას, დემოკრატიული განვითარების, ევროპული და ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის შეფერხებას.

გვინდა გამოვხატოთ ღრმა გულისტკივილი 2011 წლის 26 მაისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე ჩვენი თანამოქალაქეების დაღუპვის გამო და თანადგომა გამოვუცხადოთ დაღუპულთა ოჯახებს.

ჩვენ მივიჩნევთ, რომ:

დემოკრატიულ საზოგადოებაში სრულიად ბუნებრივი და სასარგებლოა დისკუსია 26 მაისს განხორციელებული საპოლიციო ოპერაციის ლეგიტიმურობისა და მისი ჩატარების დროს გამოყენებული ძალის პროპორციულობის შესახებ. რაც მოხდა, ჩვენი ახალგაზრდა დემოკრატიისთვის კიდევ ერთი სერიოზული გამოწვევა იყო და ამ ეპიზოდის სწორი შეფასება აუცილებელია ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი განვითარებისთვის.

ეს შეფასება უნდა დაემყაროს იმ ზოგად პრინციპს, რომ სწორად იყოს დაბალანსებული დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი ყველა ღირებულება. კერძოდ, ყველა მოქალაქის გამოხატვის თავისუფლება და მათი უსაფრთხოება. გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს, მაგრამ დაუშვებელია, როცა ის ემსახურება ძალადობის გამოწვევას. 26 მაისის ღამეს პოლიციას საქმე ჰქონდა არა „მშვიდობიან დემონსტრანტებთან“ (როგორც ზოგიერთი უფლებადამცველი და პოლიტიკოსი არასწორად აცხადებს), არამედ შეიარაღებულ ექსტრემისტულ ჯგუფთან, რომლის მიზანი იყო ძალადობის გამოწვევა.

აქციის ორგანიზატორთა გადაწყვეტილება, ჩაეშალათ ეროვნული დღესასწაულის აღნიშვნის ზეიმი, ხელისუფლების ძალადობაზე შეგნებულ გამოწვევას გულისხმობდა. არსებობს სერიოზული საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ეს ხორციელდებოდა საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილი სახელმწიფოს პირდაპირი თუ ირიბი მხარდაჭერით. ყოველივე ამის გათვალისწინებით და იმ პირობებში, როდესაც აქციის გაგრძელებას აღარ ჰქონდა არავითარი ლეგალური საფუძველი და ამასთანავე მათ შეეთავაზათ აქციის გაგრძელება ნებისმიერ ალტერნატიულ ადგილას, სახელმწიფოს მხრიდან სრულიად გამართლებული იყო აქციის აღკვეთა ძალის გამოყენებით.

სამართლიანია, რომ თვით გადაწყვეტილება აქციის დაშლისა არ იწვევს არც ერთი კომპეტენტური შემფასებლის ეჭვს. ამასთან, რაკი წინასწარ ცხადი იყო, რომ პოლიციას საქმე ექნებოდა ექსტრემისტულად განწყობილ ჯგუფთან, გამართლებული იყო ამგვარი აქციების დასაშლელად კანონით გათვალისწინებული ყველაზე ეფექტური მეთოდების გამოყენება, რათა ექსტრემისტებს მინიმალური შანსები დარჩენოდათ ფართომასშტაბიანი ძალადობის პროვოცირებისთვის. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას:

(1) კანონის სრული დაცვით და არა პოლიტიკური მიზანშეწონილებიდან გამომდინარე გამოიძიოს აქციის ორგანიზატორთა მოქმედება და გადადგას ადექვატური სამართლებრივი ნაბიჯები;

(2) საქართველოს სახალხო დამცველის ოფისთან მჭიდრო თანამშრომლობით, შეისწავლოს პოლიციის მიერ ძალის გადამეტების ყველა ბრალდება და ადექვატური ზომები მიიღოს დამნაშავეთა მიმართ.

მათ, ვინც უერთდება განცხადებაში გადმოცემულ პოზიციას და მოთხოვნებს, შეუძლიათ გადავიდნენ ამ ბმულზე და ავტომატურად მოაწერონ ხელი "მომწონს" ბრძანებაზე დაკლიკებით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100