რევაზ არველაძე: "არ არსებობს ქვეყანა, რომელიც აუთვისებელი ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის ჩანაცვლებას სხვა რესურსით გეგმავს"

"კაცობრიობისათვის უკვე საკმაო ხანია ცნობილია, რომ ნავთობის, გაზის, ნახშირის და ურანის მარაგები შეზღუდულია, თუმცა მათი მოხმარების მოცულობები წლიდან წლამდე იზრდებოდა და ბოლო 30 წელიწადში გაორმაგდა. ამ ზრდაში განსაკუთრებით დიდი წილი განვითარებად ქვეყნებს მიუძღვით, სადაც ეკონომიკა სწრაფი ტემპებით ვითარდება (ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია, ინდონეზია და სხვა). ამ ტენდენციის გრძელვადიან პერსპექტივაში შენარჩუნების შემთხვევაში შესაძლოა ქვეყნიერება მძიმე ენერგეტიკულმა კრიზისმა მოიცვას. სწორედ ამიტომ და იმისთვისაც, რომ შერბილდეს ორგანული სათბობის წვის შედეგად გამოწვეული გლობალური დათბობის პროცესი, ქვეყნების უმეტესობამ გადაწყვიტა ენერგიის არაგანახლებადი რესურსების გარკვეული ნაწილი ჩაანაცვლოს განახლებადი წყაროებით (მზე, ქარი, ჰიდრო, გეოთერმალური, ოკეანეების მოქცევა-მიქცევის, ტალღების და სხვა). საქართველომაც, რომელსაც საკმაოდ დიდი ჰიდროპოტენციალი გააჩნია, გადაწყვიტა ძირითადად სწორედ ამ განახლებადი რესურსების ხარჯზე განავითაროს ელექტროენერგიის წარმოება. პირველ რიგში იმ ჰიდროელექტროსადგურების ხარჯზე, რომელთა ეკონომიკური ეფექტიანობა ეჭვს არ იწვევს და რომლებიც აკმაყოფილებენ გარემოს დაცვის გამკაცრებულ მოთხოვნებს. მიგვაჩნია, რომ ასეთი გადაწყვეტილება სავსებით სამართლიანია. ჩვენ ქვეყანას კი ჰიდროენერგეტიკული რესურსების პოტენციალი იმ მოცულობით გააჩნია, რომელიც უახლოესი ათწლეულების განმავლობაში უზრუნველყოფს ეროვნული მეურნეობისა და მოსახლეობის მზარდ მოთხოვნილებას ელექტროენერგიაზე." _ აცხადებს საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი რევაზ არველაძე.

რევაზ არველაძის განცხადებით, საჭიროა, რომ აქედანვე დაიწყოს ზრუნვა პერსპექტივაში ენერგიის ალტერნატიული წყაროების გამოყენების ეფექტიანობისა და მათი დანერგვის მასშტაბების განსაზღვრისათვის, რისთვისაც მიზანშეწონილია შესაბამისი საპილოტე პროექტების განხორციელება. თუმცა მათი სიმძლავრე უახლოეს პერიოდში ათეულობით მეგავატს არ უნდა აჭარბებდეს.

რევაზ არველაძე: "არ შევუდგებით ენერგიის ისეთი განახლებადი წყაროების განხილვას, რომელთა გამოყენებას საქართველოში დიდი პერსპექტივები არ გააჩნია. შევჩერდები მხოლოდ მზისა და ქარის ენერგიის გამოყენების იმ ფაქტორებზე, რომლებმაც შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინონ მათი განხორციელების მასშტაბებზე, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნებისათვის, რომლებსაც გააჩნიათ დიდი მოცულობის საკუთარი ჰიდროენერგეტიკული რესურსები. ასეთ ქვეყნების რიცხვს საქართველოც განეკუთვნება."

როგორც რევაზ არველაძე განმარტავს, მზის ელექტროსადგურების მუშაობის პრინციპი ორგვარია: მზის კონცენტრატორებიანი და ფოტოელექტრული. მზის ფოტოელექტრული სადგურები მზის სინათლეს პირდაპირ მუდმივი დენის ელექტროენერგიად გარდაქმნიან. მზის კონცენტრატორებიან ელექტროსადგურებში მზის კონცენტრატორების (სარკეების) საშუალებით თბური ენერგია გადაეცემა სადგურის ცენტრში განთავსებულ რეზერვუარს, რომელშიაც მოთავსებული წყალი გარდაიქმნება ორთქლად. ორთქლი მიეწოდება ტურბოგენერატორს და ციკლი ვითარდება თბოელექტროსადგურების ანალოგიურად. მართალია მზის ელექტროსადგურები გამოიყენებენ პრაქტიკულად უფასო და უშრეტ ენერგიას, არ აბინძურებენ გარემოს და შესაბამისად მათზე გამომუშავებული ელექტროენერგიის თვითღირებულება თითქოს ძალზე დაბალი უნდა იყოს, მაგრამ ამ სადგურებს გააჩნიათ მნიშვნელოვანი უარყოფითი მხარეებიც, რაც საკმაოდ შეზღუდულს ხდის მათ გამოყენებას და ამცირებს ეკონომიკურ ეფექტიანობას.

რევაზ არველაძე: "პირველი ეს არის მათი მუშაობის დამოკიდებულება დღეღამის დროსა და ამინდზე, რის შედეგადაც ასეთი სადგურების დადგმული სიმძლავრის გამოყენების ხანგრძლივობა წელიწადში 1000-1500 საათის ფარგლებში მერყეობს, რაც ძალზე დაბალი მაჩვენებელია. მეორე, რაც ასევე მეტად მნიშვნელოვანია საქართველოსა და ანალოგიური გეოგრაფიული მდებარეობის სახელმწიფოებისათვის, ელექტროენერგიის მოთხოვნილების მაქსიმუმის-ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიის წარმოების პოტენციალის მკვეთრად ეცემა, განსაკუთრებით დეკემბერ-იანვარში, როდესაც მზიან დღეებშიც კი სადგურმა შეიძლება 4-5 საათზე მეტი ვერ იმუშაოს. ცხადია სადგური ვერ იმუშავებს, ან მკვეთრად დაეცემა მისი მწარმოებლობა ღრუბლიან დღეებშიც. საკმაოდ ძვირი ღონისძიებაა მზის ელექტროსადგურებზე სარკეების პერიოდული წმენდა, რაც განსაკუთრებით აქტუალური ხდება ჭუჭყიანი ნალექების პირობებში (როგორებსაც პერიოდულად ადგილი აქვს საქართველოში) და მნიშვნელოვნად ამცირებს სადგურის მწარმოებლობას, თანაც თუ დროულად არ განხორციელდა გაწმენდა და ჭუჭყი სარკეებს მიახმა, პროცესი შეიძლება საკმაოდ პრობლემატური გახდეს. დღეისათვის ჯერ კიდევ მაღალია მზის სადგურების მშენებლობის ღირებულებაც. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ კალიფორნიის სამხრეთში მოჰავის უდაბნოში აშენებული მსოფლიოში უდიდესი მზის ელექტროსადგური „აივანპაჰი“, რომლის პირველი რიგის სამუშაოები დამთავრდა გასული წლის შემოდგომაზე. სადგურის სრული დადგმული სიმძლავრე 392 მეგავატი იქნება. სადგურში დამონტაჟებულია 300 ათასი სარკე (ჰელიოსტატი) და სამი, თითოეული 140 მეტრი სიმაღლის, კოშკი. გიგანტური ”სარკის” ფართობი 1400 ჰექტარს აჭარბებს. სადგურის მშენებლობა 2.2 მილიარდი აშშ დოლარი ჯდება. ანუ 1 მეგავატ დადგმულ სიმძლავრეს ესაჭიროება დაახლოებით 3.5 ჰექტარი მიწის ფართობი და 1 კილოვატი დადგმული სიმძლავრე ჯდება თითქმის 6000 აშშ დოლარი."

რევაზ არველაძე აღნიშნავს, რომ ასეთი დიდი ფართობების დაფარვა ჰელიოსტატებით ბუნებას სერიოზულ საშიშროებას უქმნის (კალიფორნიის უდაბნოს შემთხვევაში გაქრობის წინაშე დგება უდაბნოს კუს პოპულაცია), რაზეც გარემოსდამცველები დიდ შეშფოთებას გამოხატავენ. უდაბნოში მზის კონცენტრატორებიანი დიდი სიმძლავრის ელექტროსადგურის პირობებში რისკის ქვეშ დგება მკვეთრად დეფიციტური რესურსის-წყლის გამოყენების საკითხიც. ამიტომაც, ამ შეზღუდვების გათვალისწინებით უნდა იქნას მზის ელექტროსადგურების განთავსების ადგილი შერჩეული. სხვა ადგილებშიც მზის ელექტროსადგურის მიერ დაკავებული მიწის ფართობები სოფლის მეურნეობისათვის გამოუყენებელი ხდება და თვით ფოტოელემენტების დამზადების პროცესი არასაკმარისად ეკოლოგიურია.

რევაზ არველაძე: "მეცნიერთა გარკვეულ ნაწილს მიაჩნია, რომ მზის ენერგია ძირითადად გამოყენებული უნდა იქნას ცხელწყალმომარაგებისა და თბომომარაგების მიზნით და უახლოეს მომავალში მზის სითბოს გამოყენების ყველაზე უფრო პერსპექტიული მიმართულებებია: მზის ენერგიით გაცხელებული წყლის მიწოდება ინდივიდუალური და საზოგადოებრივი მომხმარებლებისთვის სეზონურ ობიექტებზე (საბავშვო, ტურისტული და სპორტული ბანაკები, დასასვენებელი სახლები, კურორტები), მზის პასიური გათბობა, მზის ენერგიის სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოო პროცესებში, სხვადასხვა ტექნოლოგიურ პროცესში დაბალი პოტენციის სითბოს გამოყენება და სხვა.

თუმცა პერსპექტივაში მზის ელემენტების გაიაფებისა და შესაბამისად მზის დიდი სიმძლავრის ელექტროსადგურებზე ელექტროენერგიის წარმოების თვითღირებულების შემცირების კვალობაზე არ არის გამორიცხული სამხრეთ ქვეყნებში მათი მშენებლობის მასშტაბების გაზრდა."

ქარის ენერგეტიკა ენერგიის ის სახეობაა, რომელიც ატმოსფეროში ჰაერის მოძრაობის კინეტიკურ ენერგიას გარდაქმნის ელექტრულად, მექანიკურად, თბურად ანუ ენერგიის ისეთ ფორმად, რომელიც პრაქტიკულად გამოყენებადი იქნება. ამგვარი გარდაქმნა შესაძლებელია ისეთი მოწყობილობების გამოყენებით, როგორებიცაა ქარის გენერატორები, ქარის წისქვილები, აფრები ტრანსპორტისათვის და ა.შ.

ქარის ენერგია მიეკუთვნება ენერგიის განახლებად წყაროებს. 2013 წლის დასაწყისისათვის მსოფლიოში ქარის ელექტროსადგურების ჯამურმა დადგმულმა სიმძლავრემ 280 გიგავატს გადააჭარბა. წიაღისეული სათბობისაგან განსხვავებით ქარის ენერგია პრაქტიკულად ამოუწურავია და ეკოლოგიურადაც სუფთაა, თუმცა ქარის ელექტროსადგურების აგება გარკვეულ ტექნიკურ და ეკონომიკურ სიძნელეებთან არის დაკავშირებული. ცნობილია, რომ ქარის სიჩქარეები დედამიწის ზედაპირიდან სიმაღლეების ზრდასთან ერთად იზრდება და უფრო ეფექტიანია ქარის ტურბინის მაღალ ანძებზე დამონტაჟება. ეს კი თავის მხრივ წარმოშობს ტექნიკურ სირთულეებსა და ეკონომიკურ პრობლემებს.

რევაზ არველაძე: "ამჟამად ქარის ელექტროსადგურების ყველაზე დიდი სიმძლავრეები ჩინეთშია-70 გიგავატზე მეტი, თუმცა მათ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის წილი საერთო ბალანსში 4%-ის ფარგლებშია. სწრაფი ტემპებით მიმდინარეობდა ქარის ელექტროსადგურების მშენებლობა გერმანიაში, სადაც ფუკუსიმას ატომური ელექტროსადგურის კატასტროფის შემდეგ საკანონმდებლო დონეზე დამტკიცდა, რომ 2022 წლისათვის აღარ იმუშავებს არცერთი ატომური ელექტროსადგური. გერმანიაში მანამდე მეორე გადაწყვეტილებაც იყო მიღებული, რომ 2018 წლისათვის შეწყდეს ქვანახშირის მოპოვება. ნახშირისა და ატომური ელექტროსადგურები კი გერმანიაში ჯამურად წარმოებული ელექტროენერგიის თითქმის ნახევარს გამოიმუშავებენ. გასაგებია, რომ გერმანია ზომებს იღებს, რათა უკვე უახლოეს მომავალში არ დაუდგეს ენერგეტიკული კრიზისი. გერმანელი მეცნიერების გათვლებით კი 1 მეგავატი ატომური ელექტროსადგურის სიმძლავრის სრულფასოვანი ჩანაცვლებისათვის საჭიროა არანაკლებ 4 მეგავატი სიმძლავრის ქარის ელექტროსადგური. თუმცა ასეთ სადგურებსაც საკმაოდ სერიოზული უარყოფითი მხარეები გააჩნიათ.

ქარის ენერგეტიკა ენერგიის არარეგულირებად წყაროებს განეკუთვნება. მათზე ელექტროენერგიის წარმოება დამოკიდებულია ქარის სიჩქარეზე, იგი კი ძალზე არამდგრადია. შესაბამისად ქარის ელექტროსადგურებიდან ელექტროენერგიის გაცემა ენერგეტიკულ სისტემაში დიდი არათანაბრობით ხასიათდება როგორც დღეღამურ, ასევე კვირების, თვეების, წლიურ და მრავალწლიურ ჭრილებშიც. ენერგეტიკული სისტემა თავისთავად ხასიათდება არათანაბარი დატვირთვებით (ელექტრომოხმარების მაქსიმუმები და მინიმუმები), რომლის რეგულირებაც შეუძლებელია ქარის ელექტროსადგურებით. ენერგეტიკულ სისტემაში ასეთი სადგურების დიდი სიმძლავრეებით ამოქმედება სისტემის დესტაბილიზაციას გამოიწვევს. ასეთ პირობებში საჭიროა სარეზერვო სიმძლავრეების ქონა გაზტურბინიან დანადგარებზე ან ჰესებსა და ჰესებზე და ამავდროულად მოხმარების რეგულირების მართვის ძვირადღირებული სისტემების განხორციელება. ქარის ენერგეტიკის აღნიშნული თავისებურება საგრძნობლად აძვირებს მათზე წარმოებული ელექტროენერგიას. ამიტომაც ენერგეტიკული სისტემები ხშირად არ თანხმდებიან ქარის ელექტროსადგურების ქსელზე მიერთებას (იგივე ითქმის მზის ელექტროსადგურების შესახებაც) და შესაბამისად საჭირო ხდება საკანონმდებლო აქტების მიღება, რომლებიც აიძულებს ენერგეტიკული სისტემებს მიიერთონ ასეთი ელექტროსადგურები. ენერგეტიკულ სისტემებში მართვის პრობლემები წარმოიშვება, როდესაც ქარის ელექტროსადგურების სიმძლავრეების წილი 20%-ს აჭარბებს."

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ენერგიის ალტერნატიული წყაროების გამოყენების თვალსაზრისით მოწინავე პოზიციებზე არიან გერმანია, ჩინეთი, აშშ, ესპანეთი, იტალია, პორტუგალია და სხვა. გერმანიაში ეს პროცესი დაჩქარებული ტემპებით მიმდინარეობს ნახშირზე მომუშავე და ატომური ელექტროსადგურების სიმძლავრეების ჩანაცვლება და აქ ეს პროცესი სწორედ მზისა და ქარის პოტენციალის ხარჯზე ხორციელდება, ვინაიდან ჰიდროენერგეტიკული პოტენციალი პრაქტიკულად სრულად არის ათვისებული. თუმცა, როგორც ცნობილია აღნიშნული პოლიტიკა გერმანიაში გადახედვის სტადიაშია.

ამერიკელი მეცნიერების აზრით, ატმოსფეროს გაჯანსაღებისა და ნახშირმჟავა გაზების ემისიის შემცირების აუცილებლობის გათვალისწინებით, ალტერნატიული ენერგეტიკის ეფექტურობა უფრო დიდი იქნება არა იქ, სადაც ელექტროსადგური მეტ სიმძლავრეს იძლევა მილიონ დოლარ კაპიტალდაბანდებაზე, არამედ იქ, სადაც ისინი ან არსებულ ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურებს ჩაანაცვლებენ ან აშენდებიან ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურების ნაცვლად. ამერიკაშიც თითქმის მთლიანად არის ამოწურული ჰიდროენერგეტიკული პოტენციალი, თუმცა აქ სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს ათწლეულების წინათ გაუქმებული მცირე ჰესების აღდგენა, ხოლო ალასკის შტატში ჰიდროენერგიის აუთვისებელი პოტენციალის ამოქმედება დიდ ჰესებზე.

რევაზ არველაძე: "ზუსტად იგივე მოსაზრებით ხელმძღვანელობდნენ ჩინეთშიც, როდესაც მიიღეს გადაწყვეტილება ნახშირის წვის ენერგიის განახლებადი წყაროებით მაქსიმალური ჩანაცვლების შესახებ. ნიშანდობლივია, რომ მსოფლიოში წლიურად მოპოვებული 8 მილიარდი ტონა ნახშირიდან ჩინეთსა და აშშ-ზე 4.5 მილიარდი ტონა მოდის.(მათ შორის ჩინეთზე 3.5 მილიარდი ტონა). ამ რესურსების ჩანაცვლება და ყოველწლიურად მზარდი მოთხოვნილების დაკმაყოფილება კი უპირველესად დიდი და მცირე სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის, შემდეგ კი ენერგიის სხვა განახლებადი წყაროების ხარჯზე ხდება. ნიშანდობლივია, რომ საქართველოში ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგურები არ მოქმედებენ, თუ არ ჩავთვლით ტყიბულის მცირე სიმძლავრის თეცს. ამდენად ამ მიმართულებით სხვა ქვეყნების მაგალითის ბრმად გადმოტანას შესაძლებელია დადებითის საპირისპირო შედეგი მოჰყვეს.

ჩვენთვის არ არის ცნობილი არც ერთი ქვეყანა, რომელსაც გააჩნია აუთვისებელი ჰიდროენერგეტიკული რესურსების პოტენციალი და მის ჩანაცვლებას გეგმავდეს სხვა რესურსით."

რევაზ არველაძე აცხადებს, რომ ენერგიის განხილული განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის მიღება დღეისათვის საკმაოდ არარენტაბელურიცაა. ისინი ეკონომიკური თვალსაზრისით კონკურენციას ვერ უწევენ ტრადიციულ სათბობზე მომუშავე თბოელექტროსადგურებს. ამდენად ინვესტორები ნაკლებად ინტერესდებიან ასეთი ელექტროსადგურების მშენებლობით. სწორედ ამიტომ, ენერგიის განახლებად წყაროებზე მომუშავე ელექტროსადგურების მშენებლობის წასახალისებლად და შესაბამისად გარემოზე მიყენებული ზარალის მინიმიზაციის მიზნით ზოგიერთ ქვეყანაში შემოღებულია ე.წ. "მწვანე ტარიფი", რომლის ძირითადი პრინციპებია:

-ენერგიის განახლებადი წყაროების ელექტრულ ქსელთან მიერთების გარანტია,

-ენერგიის განახლებადი წყაროების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის სრული მოცულობით შესყიდვის გრძელვადიანი კონტრაქტის უზრუნველყოფა,

-ენერგიის განახლებადი წყაროების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ღირებულებაზე დანამატის უზრუნველყოფა.

რევაზ არველაძე: "ძნელი სათქმელია თანამედროვე ეტაპზე რამდენად შეძლებს საქართველო ყველაფერი ამის განხორციელებას, ვინაიდან "მწვანე ტარიფი" უარყოფითად აისახება სამომხმარებლო ტარიფზე ან საჭირო გახდება სახელმწიფოს მხრიდან დიდი მოცულობის სუბსიდირების განხორციელება. მაგალითისათვის შეიძლება ითქვას, რომ უკრაინაში მზის ელექტროსადგურებისათვის მოქმედი მწვანე ტარიფის მინიმალური ფიქსირებული სიდიდე 43-47 ევროცენტს შეადგენს ერთ წარმოებულ კილოვატსაათზე, ქარის ელექტროსადგურებისათვის 6-12 ევროცენტს, ბიომასისათვის 12 ევროცენტს, ხოლო 10 მეგავატამდე სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურებისათვის 7-8 ევროცენტს. უკრაინის ენერგოსისტემაში კი, როგორც ცნობილია დომინანტური როლი სწორედ ნახშირის თბოელექტროსადგურებს უჭირავთ. ცხადია, რომ ენერგიის განახლებადი წყაროების ათვისებისათვის ინვესტიციების მოსაზიდად ამგვარი ეკონომიკური და პოლიტიკური მექანიზმის გამოყენების გარეშე ენერგიის განახლებადი წყაროების მასშტაბური ათვისება ვერ განხორციელდება. ამჟამად მსოფლიოში ძირითადად იმ ქვეყნებში მოქმედებს ”მწვანე ტარიფი” სადაც დიდი ჰიდროენერგეტიკული რესურსები თითქმის სრულადაა ათვისებული, ასეთი რესურსები არ არსებობს ან მათი დეფიციტია და ენერგეტიკული სისტემების შემდგომი განვითარება მიზანშეწონილია ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენებით.

გამომდინარე ზემოთქმულიდან მიგვაჩნია, რომ კომპანიებმა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოში ქარისა და მზის ელექტროსადგურების მშენებლობით, გარდა თვით ენერგიის განახლებად წყაროების ბაზაზე განსახორციელებელი პროექტების მაჩვენებლებისა (სიმძლავრე, გამომუშავება და ა.შ.) ყოველმხრივ უნდა შეისწავლონ ასეთი სადგურების მუშაობის დადებითი და უარყოფითი მხარეები, განსაკუთრებით მათი გავლენა ენერგეტიკული სისტემის მუშაობის მდგრადობაზე.

იმ თვალსაზრისით კი, რომ ქარისა და მზის ელექტროსადგურების დიდი სიმძლავრეებით ამოქმედებამ უარყოფითი გავლენა არ მოახდინოს ენერგეტიკული სისტემის მუშაობაზე, მიგვაჩნია, რომ მათი მასშტაბური მშენებლობა უნდა განხორციელდეს დაახლოებით 10 წლის შემდეგ, როდესაც საქართველოს ენერგეტიკული სისტემა ბევრად უფრო მძლავრი იქნება და რამდენიმე ასეული მეგავატი სიმძლავრის ქარისა და მზის ელექტროსადგურის არასტაბილური მუშაობა გავლენას ვერ მოახდენს ენერგეტიკული სისტემის მდგრადობაზე. მანამდე კი დაჩქარებული ტემპებით უნდა წარიმართოს ენერგიის ტრადიციული წყაროების ბაზაზე მომუშავე ელექტროსადგურების (პრიორიტეტულად ჰიდროელექტროსადგურების) მშენებლობა, ხოლო მზისა და ქარის ენერგიის გამოყენებით განხორციელდეს რამდენიმე ათეული მეგავატი ჯამური სიმძლავრის საპილოტე პროექტები."

კომენტარი