ამერიკელი ათეისტები „განკითხვის დღედ“ მიჩნეულ 21 მაისს დასცინიან

ამერიკელი ათეისტები აპირებენ რამდენიმე საღამოს მოწყობას ცნობილი ევანგელისტი მოძღვრის წინასწარმეტყველებასთან დაკავშირებით, რომელიც ირწმუნება, რომ 2011 წლის 21 მაისი განკითხვის დღე გახდება.

89 წლის ჰეროლდ კემპინგი ამ დრომდე ირწმუნება, რომ იესო ქრისტე დედამიწაზე შაბათს, 2011 წლის 21 მაისს დაბრუნდება და განკითხვის დღეს მოაწყობს, რის შემდეგაც ჭეშმარიტ მორწმუნეებს ცად აიყვანს.

თავისი წინასწარმეტყველებისა და იდეების რეკლამირებისთვის მოძღვარმა რადიოგადამცემები და სარეკლამო ფარები გამოიყენა. კიმპინგის თქმით, მან ბიბლიის მიხედვით გამოთვალა, რომ შაბათს უმძლავრესი მიწისძვრა მოხდება, რაც დედამიწის განადგურების დასაწყისი იქნება, 21 ოქტომბრისთვის კი ყველა ურწმუნო მოკვდება.

კიმპინგმა ერთხელ უკვე იწინასწარმეტყველა სამყაროს აღსასრული - 1994 წელს. მაგრამ მისი მიმდევრები ამბობენ, რომ მაშინ ეს შუალედური პერიოდის დასაწყისი იყო.

„ბიბლიიდან შევიტყვეთ, რომ უფალი ღმერთი დაახლოებით 200 მილიონი ადამიანის გადარჩენას აპირებს“, - ნათქვამია კემპინგის ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, რომელსაც ასე ჰქვია: „მსოფლიო საოჯახო რადიო“.

„განკითხვის პირველ დღეს, ანუ 2011 წლის 21 მაისს ისინი ცად ამაღლდებიან, რადგან უფალი გულმოწყალეა მორწმუნეთა მიმართ“, - ღაღადებს ვებ-გვერდი.

ამერიკელი, კერძოდ კი სამხრეთკაროლინელი ათეისტები კი ამ ყველაფრის საპასუხოდ ორდღიანი აქციების მოწყობას აპირებენ, რომელსაც „ამაღლების შემდგომი ზეიმი“ ერქმევა.

„ეს ზეიმი ყველაზე დიდი ზეიმია სამხრეთკაროლინელი შეცვენებულების მონაწილეობით!“ - ასეთ რეკლამას უკეთებენ ახალგაზრდული ათეისტური ორგანიზაციები თავიანთ საღამოებს.

კომენტარი