"რაც მარხვა დაიწყო, საქალწულე აპკის აღდგენის ოპერაციების რიცხვმა იკლო"

ქართველი ქალი გემოვნებითა და თავის მოვლის სიყვარულით რომ გამოირჩევა, ახალი ამბავი არ არის. შეამჩნევდით, ალბათ, რომ ბოლო ხანს ბევრი ქალბატონი შეცვლილი გარეგნობით - ნაოპერაციები ცხვირითა და დაბერილი ტუჩებით დადის. თავდაპირველად ვიფიქრეთ, რომ პლასტიკური ოპერაციები გაიაფდა და ამიტომაც არის ყველასთვის ხელმისაწვდომი, მაგრამ როდესაც პლასტიკური ქირურგიის ოპერაციების ფასები შევიტყვეთ, ცხადი გახდა, რომ ასეთი ოპერაციები სულაც არ არის იაფი.

მაგალითად, ცხვირის პლასტიკური ოპერაცია 2.500-3.000 ლარამდე ჯდება, მკერდის გადიდება-კორექცია - 5.000-დან 6.000 ლარამდე, ბარძაყის ლიპოსაქცია 400 ლარიდან იწყება, მუცლის ლიპოსაქცია 8.000 ლარამდე აღწევს. სახის გადაჭიმვის ოპერაციის საფასური 900 ლარიდან იწყება, ტუჩის გადიდების კი - 500 ლარიდან და ა.შ. ანუ, საკმაოდ სოლიდური თანხა სჭირდება ქალს იმისათვის, რომ უკეთ გამოიყურებოდეს. ყველაზე ხშირად რომელ პლასტიკურ ოპერაციას იკეთებენ ქართველი ქალბატონები და როგორ ახერხებენ ამ ყველაფერს, როდესაც ქვეყანაში უმუშევრობის პრობლემა მწვავედ დგას და მომუშავეთა ხელფასებიც დიდი არ არის? ამ და სხვა საინტერესო თემებზე პლასტიკური ქირურგი გუგა კუზანოვი გვესაუბრება:

- ბატონო გუგა, ჩანს, რომ საქართველოში პლასტიკური ოპერაციების გაკეთების მსურველთა რიცხვი გაიზარდა, არადა, ფასები მაინცდამაინც ხელმისაწვდომი არ არის...
- ნამდვილად ასეა. პირველ ადგილზე, როგორც ყოველთვის, ცხვირის პლასტიკური ოპერაცია დგას. სხვათა შორის, ანალოგიური მდგომარეობაა აზერბაიჯანსა და სომხეთში. ამ მხრივ სომხეთში დიდი პრობლემაა და იკეთებენ და იკეთებენ ცხვირის ოპერაციებს... შემდეგ მოდის მკერდის კორექცია-გადიდება. ბოლო ხანს ფრანგულ კომპანია "პი აი პის" მიმართ ატეხილი აჟიოტაჟის გამო მკერდის გადიდების მსურველთა რიცხვი შემცირდა, თუმცა ბოლო სამი კვირის განმავლობაში ასეთი ოპერაცია ბევრი გავაკეთეთ. შემდეგი არის ლიპოსაქცია, სხეულის კორექცია. ამ ოპერაციის მსურველების რიცხვი განსაკუთრებით ზაფხულის დასაწყისში მატულობს, რადგან ამ პერიოდში ქალი ნაკლებად არის შემოსილი და ცდილობს, ფორმაში იყოს. მართალია, საქართველოში ხალხს უჭირს, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, უმეტესობა არაფერს იკლებს. მაგალითად, თბილისში იმდენი ავტომობილია, რომ ქუჩებში უზარმაზარი საცობები ჩნდება. თითქმის ყველას ჰყავს ავტომობილი, უმრავლესობას კი - საკმაოდ ძვირფასი, თანაც ისეთი, ბევრი საწვავი რომ სჭირდება. საქართველოში კი საწვავი რა ძვირიც ღირს, კარგად მოგეხსენებათ. ევროპაში ასეთი მანქანებით უბრალო მოსახლეობა არ დადის, იქ უმეტესობა ცდილობს, ეკონომიური მანქანა შეიძინოს. თბილისში პარასკევს, შაბათს და კვირას რესტორანში შესვლა რომ მოგინდეს, ვერ მოახერხებ - გადაჭედილია... ასეთი ვითარებაა ჩვენს სფეროშიც. ზოგჯერ ისეთი ადამიანი მოგვაკითხავს, იფიქრებ, ეს რისი გადამხდელიაო, მაგრამ... არ ვიცი, ეს ხალხი ამდენს საიდან და როგორ ახერხებს.

- ფრანგული წარმოების "პი აი პი" ფირმის იმპლანტებთან დაკავშირებული აჟიოტაჟი ჩაწყნარდა?
- თუ ჩვენმა "გენიოსმა" პლასტიკურმა ქირურგებმა კვლავ არ გაააქტუალურეს ეს საკითხი - თითქოს საქართველოში ბევრია "პი აი პის" ფირმის იმპლანტი - აჟიოტაჟი ჯერჯერობით ჩაწყნარებულია. მიმაჩნია, რომ "პი აი პის" ჩაძირვა სურდათ სხვა მსგავს კომპანიებს და ამიტომაც ატეხეს აჟიოტაჟი. როგორც ვიცი, ეს ფრანგული კომპანია საკმაოდ კარგ პროდუქტს აწარმოებდა. ეს ხომ არ იყო ჩინური ან კორეული იმპლანტების პატენტი?


- ვიცი, რომ საქალწულე აპკის აღდგენა არის ოპერაცია, რომლის გაკეთებაც ყველაზე მეტად არ მოგწონთ. ამ ოპერაციის გაკეთების მსურველთა რიცხვმა იკლო თუ იმატა?
- რაც მარხვა დაიწყო, ასეთი ოპერაცია არ გამიკეთებია. მარხვის პერიოდში გოგონები არ თხოვდებიან და ამ ოპერაციასაც არ იკეთებენ. მარხვა რომ დასრულდება, ალბათ, გვესტუმრებიან...

-
ბოლო ხანს ბევრს ჰგონია, რომ ამ ოპერაციას აღარავინ იკეთებს - ე.წ. ქალწულობის ინსტიტუტი საქართველოში წარსულს ჩაბარდაო...
- სხვადასხვა გამოკითხვაში მამაკაცთა 90 პროცენტი კითხვაზე - ცოლად ქალწული გსურთ თუ არა? პასუხობს, რომ სხვასთან ნამყოფ ქალს ცოლად არ შეირთავს. რა ქნას საწყალმა ქალმა? იმისთვის იკეთებს ამ ოპერაციას, რომ გათხოვდეს, თორემ საქალწულე აპკის აღდგენა თვითონ ქალს არ სჭირდება. ჩვენ, პლასტიკურ ქირურგებს, მოგვწონს თუ არა, ამ ოპერაციის გაკეთება დიდი ხნის განმავლობაში კიდევ მოგვიწევს. ღმერთმა ქნას, ვცდებოდე. არადა, ყველამ იცის, რომ ამ ოპერაციის გაკეთება მძულს.

ნინო მაისურაძე



კომენტარი

×