ეს შეგძრავთ:,,მამიკომ მითხრა, შვილო, ჩემს გასვენებაში შემოსული ფულით ოპერაცია გაიკეთეო"

,,მამიკომ მითხრა, შვილო, ჩემს გასვენებაში შემოსული ფულით ოპერაცია გაიკეთე, სხვა გზა აღარ დაგვრჩაო. ნუ გეშინია, მამიკო, დაგვეხმარებიან-მეთქი, ვუთხარი და ჩავეხუტე. ისიც ჩამეხუტა, მეფერებოდა. მეტი არაფერი უთქვამს. მერე გაიღიმა, საუბარი იუმორში გადაიტანა... მეორე დღეს მამიკომ თავი ჩამოიხრჩო. ახლა ოპერაციაც გამიკეთეს, ხელიც აღარ მტკივა, მაგრამ ჩემი მამიკო აღარ მყავს. მამიკო, ძალიან, ძალიან მიყვარდა", - მითხრა 13 წლის ირინა ქარჩხაძემ, რომელიც ტრაგედიის შემდეგ უმძიმეს სტრესულ მდგომარეობაშია.

სულისშემძვრელია ვანის რაიონის სოფელ ქვემო გორაში, ქარჩხაძეების ოჯახში დატრიალებული ტრაგედია. 42 წლის მამაკაცმა თავი იმიტომ მოიკლა, რომ ქალიშვილის საოპერაციო თანხა, 2.100 ლარი ვერ იშოვა(!).

მერაბ ქარჩხაძე, მისი მეუღლე და ერთადერთი ქალიშვილი ძალიან ღარიბულად, პატარა ქოხში ცხოვრობდნენ. ოჯახი სოციალურად დაუცველია. მათ სადაზღვევო კომპანია ჯი-პი-აიში 100%-იანი სადაზღვევო პაკეტიც ჰქონდათ, მაგრამ გოგონას ოპერაციის დაფინანსება მაინც შეფერხდა. ვიღაცების დაუდევრობას კი უმძიმესი შედეგი მოჰყვა. იმედია, დეტალებს შესაბამისი სტრუქტურები გამოიძიებენ და, ალბათ, ყველაფერი გაირკვევა, მაგრამ ქარჩხაძეების ოჯახში ამით არაფერი შეიცვლება, მათ ოჯახის უფროსი დაკარგეს.

ლია ხურციძე, მერაბ ქარჩხაძის მეუღლე:

-მამა-შვილს ძალიან უყვარდათ ერთმანეთი, უერთმანეთოდ ვერ ძლებდნენ. მისი სიკვდილის შემდეგ ნათესავებს შერცხვათ, ამბობენ, დავეხმარებოდით, მაგრამ უცებ ფული არ გვქონდაო(?!). სინამდვილეში ასე არ იყო, იმედიც არავინ მისცა, დედმამიშვილმაც კი. ჩვენი მარჩენალი მერაბი იყო, უმისოდ რა გვეშველება, არ ვიცი. 10 წელია ამ ქოხში ვცხოვრობთ. ადრე მისი მშობლების სახლში ვცხოვრობდით, მაგრამ გვაიძულეს, იქიდან წამოსვლა. რძლებსა და ძმებს სულ ჩხუბი გვქონდა. ჩემს მეუღლეს დედა გარდაცვლილი ჰყავს. მამამისი ლოგინად არის ჩავარდნილი, შვილის სიკვდილი არც იცის.

კომენტარი