სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ღარიბაშვილის კომენტარი ჟვანიას გვამის კადრებთან დაკავშირებით

"ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის გარდაცვალების ამსახველი კადრების ნახვა ჩემთვის შემზარავი და შოკისმომგვრელი იყო", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

პრემიერ--მინისტრი ინტერნეტში გუშინ გავრცელებულ კადრებს მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ესმის, რამდენად მძიმეა ზურაბ ჟვანიას ოჯახისთვის ამ კადრების ნახვა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, წლების განმავლობაში საზოგადოებაში დამკვიდრებული იყო აზრი, რომ გარდაცვლილი ზურაბ ჟვანია ძალიან ბუნდოვან გარემოებებში იპოვეს, რის შესახებაც მიმდინარეობდა სპეკულაციები და ახლაც გრძელდება. ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს და იმედოვნებს, რომ პროკურატურა ჩაატარებს ეფექტურ გამოძიებას და ძალიან მალე ნათელი გახდება, რა მოხდა სინამდვილეში. „გავრცელებულ კადრებში შეუიარაღებელი თვალით აშკარად ჩანს, რომ ძალიან ბევრი საეჭვო გარემოება იკვეთება - თუნდაც ის ფაქტი, რომ ზურაბ ჟვანიას თავის არეში აღენიშნება სერიოზული დაზიანებები. როგორც მე მომაწოდეს ინფორმაცია, ეს იყო სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები და სისხლჩაქცევები. ასევე, რაულ უსუპოვის ცხედარი ასევე ძალიან საეჭვო ვითარებაში არის აღმოჩენილი, ძალიან დამაეჭვებელია მისი ტანსაცმელი. ვფიქრობ, ამ საქმეს აღარ სჭირდება ზედმეტი სპეკულაციები, პროკურატურას აქვს გაწერილი სამოქმედო გეგმა. დიდი იმედი მაქვს, ისინი ძალიან მალე დაასრულებენ გამოძიებას. ასევე ვიცი, რომ მოლაპარაკებებს აწარმოებენ საერთაშორისო საექსპერტო ბიუროებთან, რათა ოჯახების თანხმობის შემდეგ ცხედრების ეგსჰუმაცია მოხდეს. დაველოდოთ, იმედი მაქვს, ძალიან მალე საზოგადოება და ჩვენ ყველა ერთად გავიგებთ სიმართლეს, როგორ მოხდა ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის გარდაცვალება", - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100