სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლადო გურგენიძე: ხუდონჰესი უალტერნატივოა!

„ბანალობაა მაგრამ ცხადია, რომ ჰიდრორესურსების ათვისებით ქვეყანას ახალი საექსპორტო სექტორი გაუჩნდება“– აცხადებს „ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძე. მან აღნიშნა, რომ ჰიდროპოტენციალის ათვისება, ასევე უალტერნატივოა ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის და მიაჩნია, რომ პროექტის სტრატეგიულად დადებითი მხარეები ბევრად გადაწონის იმ პრობლემებს, რომელიც მშენებლობის დაწყებამდე გამოიკვეთა.

ბანკირს მიაჩნია, რომ ამ მიმართულებით ჯანსაღი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში მედიამ მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს. ის ფიქრობს, რომ ამ პროექტის განხორციელებისთვის მთავრობა ენერგიას არ იშურებს.

ენერგოსექტორშია ჩართული საქართველოს წამყვანი ბანკი „საქართველოს ბანკიც“, რომელიც სვანეთში 27 მგ/ვტ–იან ჰესის მშენებლობას იწყებს.

ბანკის გენერალური დირექტორის ირაკლი გილაურის განცხადებით ქვეყნის კონკურენტუნარიანობისთვის ენერგოპროექტები მნიშვნელოვანია: „ბუნებრივია რაც უფრო მეტი ენერგია ექნება ქვეყანას, მით უფრო კონკურენტუნარიანი იქნება. ამის შემდეგ პოტენციური ინვესტორებისთვის ენერგოსთან ერთად სხვა სექტორებიც მიმზიდველი გახდება, რადგან ელექტროენერგიის კომპონენტი ყველა ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია.“

აზერბაიჯანული „რაბიტაბანკის" მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ შურღაია ფიქრობს, რომ ქვეყნის ჰიდროპოტენციალის გამოყენება და დიდი ჰესების მშენებლობა აუცილებელია: „ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში ქართული კომერციული ბანკების მონაწილეობაც სასურველია, თუმცა ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პროექტების მომგებიანობა და რისკიანობა ბანკების მოთხოვნებს დააკმაყოფილებს და პირიქით, ბანკების საკრედიტო რესურსების ფასი პროექტებისთვის მისაღები იქნება. ჯერ-ჯერობით ეს კომბინაცია უმრავლეს შემთხვევაში ძნელად მუშაობს. გამიხარდება თუ სურათი შეიცვლება, თუ პროექტი ეკონომიკურად გამართლებული, მომგებიანი, საკმაოდ მსხვილია და ჰყავს კაპიტალის მომწოდებელი სპონსორი (ანუ მხარე ვინც არის მფლობელი, იღებს ყველაზე დიდ რისკს დაფინანსების სტრუქტურაში - equity contribution-ის სახით) და პროექტი არის სათანადოდ სტრუქტურირებული (კონტრაქტი გაყიდვაზე/ტარიფზე, გადაცემაზე, მშენებლობაზე...)".

ქართულ ბანკებს ხუდონჰესის მასშტაბის მსხვილი პროექტების დაფინანსების გამოცდილება ჯერ არ გააჩნიათ, თუმცა „საქართველოს ბანკის" დირექტორთა საბჭოს წევრი არჩილ გაჩეჩილაძე იმედოვნებს, რომ ამის დროც მოვა. არჩილ გაჩეჩილაძე ენერგოსექტორში ბანკების მონაწილეობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ორი ძირითადი მიზეზის გამო - საკრედიტო რესურსზე ხელმისაწვდომობა და ინვესტორების მოძიება. ამასთან, არჩილ გაჩეჩილაძემ აღნიშნა, რომ „საქართველოს ბანკი" სისტემატიურად აკვირდება სექტორს და შესაბამის კვლევებს აქვეყნებს, მათ შორისაა „საქართველოს ჰიდროელექტროსადგურების პოტენციალი", რომლის განახლებულ ვერსიას ბანკი უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100