სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პროკურატურა პატარკაციშვილის ოჯახის მიმართ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს

საქართველოს მთავარი პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან ბადრი პატარკაციშვილისა და მისი ოჯახის მიმართ განხორციელებული სხვადასხვა დანაშაულებრივი ქმედებების ფაქტზე.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია 2007 წლის ბოლოს ბადრი პატარკაციშვილმა გამოთქვა სურვილი მიეღო მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში, გამოძიებით დადგენილია, რომ აღნიშნულის შემდეგ პატარკაციშვილზე ზეწოლის განხორციელების მიზნით, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დაიწყო მის საკუთრებაში არსებული ქონების და კომპანიების მიმართ სხვადასხვა ხასიათის ღონისძიებების გატარება.

როგორც თვით მორიგების შეთანხმებიდანაც ჩანს პატარკაციშვილის მიმართ განხორციელებულ ღონისძიებებში ჩართული იყო იუსტიციის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი, თავდაცვის სამინისტრო, საგადასახადო დეპარტამენტი, თბილისის მერია, ფინანსური პოლიცია, კომუნიკაციების ეროვნული კომისია. შეთანხმების გაფორმებისას ამ სახელმწიფო ორგანოებს და მთლიანად სახელმწიფოს წარმოადგენდა მაშინდელი იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თინა ბურჯალიანი.

მორიგების შეთანხმებიდან ასევე იკვეთება და გამოძიებით დგინდება, რომ ხსენებულ პერიოდში პატარკაციშვილის და უკვე ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდგომ მისი ოჯახის მიმართ ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლების მხრიდან განხორციელებულ ღონისძიებებს შედეგად მოჰყვა, გამოძიებების და საგადასახადო შემოწმებების დაწყება, პატარკაციშვილის საკუთრებაში არსებული ყველა კომპანიის წილების და ანგარიშების დაყადაღება, მთაწმინდის პარკთან დაკავშირებით თბილისის მერიასთან მოქმედი ლიზინგის ხელშეკრულების გაუქმება, ტელეკომპანია იმედის, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის სხვადასხვა ფორმით ხელისუფლების წარმომადგენლების გამგებლობაში გადაცემა, ასევე სხვა კომპანიების მიმართ სამოქალაქო დავების წამოწყება და სხვა.

აღნიშნული ქმედებები განხორციელდა მაშინდელი შსს, თბილისის მერიის, ფინანსური პოლიციის, შემოსავლების სამსახურის, საჯარო რეესტრის, პროკურატურის და სასამართლოს წარმომადგენლების მხრიდან შეთანხმებულად და ორგანიზებულად, დროის უმოკლეს პერიოდში.

2008 წელს ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა მათ მიმართ განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით დავა დაიწყო საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში, უკანონოდ წართმეული ქონებების დაბრუნების ან/და მათთვის მიყენებული მატერიალური ზარალის 400 მილიონი აშშ დოლარის ანაზღაურების მიზნით. ვინაიდან საერთაშორისო არბიტრაჟში მიმდინარე დავისას შეიქმნა რეალური საფუძველი იმისა, რომ სახელმწიფო წააგებდა დავას და მათ მოუწევდათ არკადი პატარკაციშვილის ოჯახის კანონიერი მოთხოვნების დაკმაყოფილება, აგრეთვე გამოიკვეთებოდა პატრკაციშვილის ოჯახის მიმართ განხორციელებული ქმედებების უკანონობა, 2011 წლის ივნისის თვეში სახელმწიფოსა და პატარკაციშვილის ოჯახს შორის გაფორმდა მორიგები შეთანხმება, რომლის თანახმადაც სახელმწიფო ხელისუფლების წარომადგენლებმა აიღეს რიგი ვალდებულებები პატარკაციშვილის ოჯახის მიმართ, თუმცა ამავდროულად, ვინაიდან მათ არ სურდათ ტელეკომპანია იმედის დათმობა, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს ვალდებულებად განუსაზღვრეს, რომ უარი უნდა ეთქვა ტელეკომპანია „იმედთან“ დაკავშირებულ კომპენსაციაზე“,-აღნიშნულია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

როგორც პროკურატურაში განმარტავენ, გამოძიება ამ ეტაპზე აქტიურად აგრძელებს მუშაობას ყოფილი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ორგანიზებულად, „ტელეიმედის“ და ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული სხვა ქონებების დანაშაულებრივი გზით უკანონოდ დაუფლების ფატქების გამოსავლენად და კონკრეტული პირების ბრალეულობის საკითხის დასადგენად.

„ამავდროულად, საზოგადოებას გვინდა შევახსენოთ, რომ სწორედ ამ გამოძიების ფარგლებში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ თბილისის მერი გიორგი უგულავა და ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი. საქმე ეხება ე.წ. რიყის ეპიზოდს, რა დროსაც თბილისის მერიის კუთვნილი თანხა 10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით იქნა მითვისებული. სწორედ ამ გამოძიების მიმდინარეობისას გამოიკვეთა, რომ ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილი დამფუძნებელი ოფშორული კომპანიების კერძოდ, პანამაში რეგისტრირებული „borex limited”-ს და “rak Georgia”-ს რეალური ბენეფიციარები იყვნენ დავით კეზერაშვილი და გიორგი უგულავა“,-ნათქვამია განცხადებაში

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100