სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მარგველაშვილი ტარყაშვილის ოჯახის ბრალდებაზე პასუხის გაცემას ვერ ბედავს

ჯერ კიდევ გუშინ საღამოს, მარგველაშვილის პრესსამსახურის უფროსი, თიკო მჟვანაძე შეგვპირდა რომ დღეს გაგვაცნობდა პრეზიდენტის პოზიციას რუსთაველზე მოკლული ზურა ტარყაშვილის დედის ბრალდების შესახებ.

საზოგადოებამ იცის, რომ 23 წლის მოკლული ჩოგბურთელის დედა, გიორგი მარგველაშვილს ერთ-ერთი მკვლელის, მინდია გოგოჭურის მფარველობაში ადანაშაულებს. ზურა ტარყაშვილი რუსთაველის გამზირზე მოკლეს. მას 5 იარაღიდან 30-ზე მეტი ტყვია ესროლეს. მკვლელობის მოტივი ბრმა შურისძიება გახდა.

გოგოჭური მარგველაშვილის მეგობარი ქალის, მაკა ჩიჩუას სიძე და მაშო ჩიჩუას მეუღლეა. პრეზიდენტი, რომელიც მაშო ჩიჩუას მეორე შვილს უწოდებს, მოკლულის ოჯახის განცხადებით, მკვლელს ლობირებს, რის გამოც, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეც არაა აღძრული.

ზურას ერთ-ერთი მკვლელია მაკა ჩიჩუას სიძე, მინდია გოგოჭური. მან, რუსთაველზე, ერთ-ერთმა პირველმა ესროლა ზურას, იარაღი გზაზე დააგდო, გზა გადაკვეთა და თბილისი მარიოტის მიმართულებით გაიქცა.

ამის შესახებ ჩვენ მოგვიანებით გავიგეთ. ვნახეთ ვიდეოფირიც, სადაც ჩანს თუ როგორ ესვრის გოგოჭური ზურას, რამდენჯერმე.

გავარკვიეთ ამ მკვლელობის ყველა დეტალი. მათ შორის ისიც, ვინ დაიჭირა ზურა, ბარათელთან ერთად... ვინ ირომელი მანქანით მოვიდა, ვინ მართავდა მანქანას, მაგალითად, ერთ-ერთ ჯიპს... ვინ იყვნენ რუსთაველზე, მკვლელობის მომენტში, მათი მეგობრებიდან...

ზურა მოკლეს: მარგველაშვილის მეგობარი ქალის სიძემ, მინდია გოგოჭურმა, დავით ჯოხაძემ, დავით რუსიშვილმა, ირაკლი აგლაძემ და ივერი გოგბერაშვილმა.

ეს პროკურატურამაც იცის. გამომძიებლები პირად საუბრებში ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ აგლაძის, რუსიშვილისა და გოგბერაშვილის გარდა, მკვლელები არიან ჯოხაძეც და გოგოჭურიც, გვპირდებიან რომ მათაც წაუყენებენ მკვლელობის ბრალდებას, თუმცა, „ვიღაცუშლით ხელს“, - აცხადებს ტარყაშვილის ოჯახი.

ის რომ ტარყაშვილის ოჯახის მიერ გაჟღერებული ამ ბარლდების შესახებ იცოდა პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსმა, თიკო მჯავანაძემ მისი გუშინდელი კომენტარიდანაც ჩანს, რომელიც ჩვენ საიტზე გამოქვეყნდა (გვაქვს აუდიოჩანაწერიც).

თუმცა, ქალბატონმა თიკომ, ჩვენდა გასაკვირად, ცოტა ხნის წინ, ფაქტობრივად, გვითხრა რომ რაც იცოდა გუშინ, არ იცის დღეს... არადა, ის გვპირდებოდა რომ პრეზიდენტის პოზიციას ამ საკითხის ირგვლივ, სწორედ დღეს გაგვიზიარებდა.

როგორც ჩანს, ჟურნალისტურ წრეებში უცნობი და გამოუცდელი თიკო მჟავანაძე, გუშინ „პრესა.ჯი“-ზე გამოქვეყნებული მისი კომენტარის შემდეგ, ვიღაცამ დატუქსა. შესაბამისად, მას ჩვენთვის მოცემული პირობაც „დაავიწყდა“ და ისიც, რაც ამ ბრალდების ირგვლივ იცოდა...

"პრესა.ჯი": როგორც გუშინ დაგვპირდით, გაგვირკვიეთ თუ არა, რა ურთიერთობა აქვს მარგველაშვილს, მკვლელობაში დადანაშაულებულ გოგოჭურთან, რომელსაც 23 წლის ზურა ტარყაშვილის ერთ-ერთ მკვლელად ასახელებს გარდაცვლილის დედა?

თიკო მჟავანაძე: იცით რა, თქვენ ახლა მე ზეპირ რაღაცებს მეუბნებით, როცა იქნება კონკრეტული ინფორმაცია, შემდეგ გავაკეთებთ განცხადებას....

- ამ განცხადების შესახებ არსებობს ვიდეო-კადრები, რომლის მოძიება შეიძლება, ეტყობა თქვენ აღარ ხართ საქმის კურსში... არადა, გუშინ გვითხარით რომ საქმის კურსში იყავით...

- ეხლა თქვენ მელაპარაკებით ზეპირად, რომ არსებობს რაღაც...

- თიკო ეს განცხადებები სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელდა, მათ შორის ჩვენთანაც, ტარყაშვილის დედამ სხვადასხვა მედიასაშუალებებისთვის ჩაატარა პრესკონფერენცია... გოგოჭურის გვარმა რამდენიმე დღის წინაც გაიჟღერა...

- მაშინ გადმომიგზავნეთ ეს მასალა“...

P.S: ცხადია შეგვიძლია ქალბატონ თიკოს გავუგზავნოთ მოკლულის ოჯახის განცხადება და ყველა ის ბმულიც, სადაც ამ ბრალდებისა თუ მარგველაშვილის მეგობარი ქალის სიძის შესახებ დაიწერა.

თუმცა, გვაქვს კი გარანტია რომ მას ეს არ “დაავიწყდება“? ამიტომ, გადავწყვიტეთ ზურა ტარყაშვილის დედის ვიდეო-განცხადება აქ, სტატიას დავურთოთ. დასკვნა კი თქვენ, მკითხველმა გამოიტანეთ - რატომ ვერ პასუხობს მარგველაშვილი მოკლულის ოჯახის ბრალდებას.


წყარო: http://presa.ge/new/?m=crimes&AID=24094

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100