100 წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ერთსქესიან ქორწინებას, ოდესმე ვინმე დაიცავდა

100 წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ისეთ იდეას, როგორიცაა თუნდაც ერთსქესიანი ქორწინება, ოდესმე ვინმე დაიცავდა, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.
პატრიარქის თქმით, ადამიანმა უზარმაზარი ნაბიჯები გადადგა ცოდნასა და ტექნიკაში, მაგრამ ამავდროულად, დიდი ნაბიჯები გადადგა უკან სულიერებასა და სულიერ ფასეულობებში.
"ჩვენ ძალიან ხშირად გვესმის სიტყვები: "ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა". ნათელი ქრისტესი განანათლებს ყოველთა და განსაკუთრებით მათ, ვინც მზად არის მიიღოს ეს ნათელი. ამასთან დაკავშირებულია უფლის სიტყვებიც - იყავით სრულყოფილი, ვითარცა მამა თქვენი ზეციერი სრულყოფილ არს. შეუძლია თუ არა ადამიანს ეს?! რა თქმა უნდა არა, მაგრამ ეს არის მითითება იმაზე, რომ ადამიანის სრულყოფა დაუსრულებელია. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როდესაც ადამიანმა უზარმაზარი ნაბიჯები გადადგა ცოდნასა და ტექნიკაში. მაგრამ, ამავე დროს უზარმაზარი ნაბიჯები გადადგა უკან სულიერებასა და სულიერ ფასეულობაში. ვინ წარმოიდგენდა, რომ მოვიდოდა დრო, როდესაც ისეთ იდეებს, როგორიცაა თუნდაც ერთსქესიანი ქორწინება, ვინმე დაიცავდა", - ბრძანა პატრიარქმა.
უწმინდესის თქმით, საჭიროა განათლება, რაც გულისხმობს არა მხოლოდ უმაღლესის დამთავრებას, არამედ ადამიანის ჰარმონიულ სრულყოფას ცოდნაში, ცხოვრებასა და ზრდილობაში. "ჩვენ ძალიან ბევრს ვლაპარაკობთ ცოდნაზე, მაგრამ გვავიწყდება, რომ ცოდნის მიღება ურწმუნო ადამიანის მიერ, მეტად საშიშია იმ ადამიანისთვისაც და საზოგადოებისთვისაც, რადგან მან, თავისი ცოდნა შეიძლება ბოროტად გამოიყენოს", - ბრძანა პატრიარქმა.

კომენტარი