სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვინ დაესწრება საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციას?

საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციას სხვადასხვა ქვეყნის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალი რანგის პირები დაესწრებიან. ღონისძიებაზე დამსწრე სტუმართა არასრული სია მედიას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა. უწყების ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციას ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე დაესწრება.

ამ დროისთვის არსებული არასრული მონაცემებით, ინაუგურაციაზე ავსტრიას წარმოადგენს ფედერალური საბჭოს პრეზიდენტი, ჩეხეთის რესპუბლიკას - პარლამენტის ვიცე-სპიკერი, რუმინეთს, ყირგიზეთს და სომხეთს - საგარეო საქმეთა მინისტრები; პორტუგალიას - ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მდივანი; თურქეთს - შრომისა და სოციალური უსაფრთხოების მინისტრი; იაპონიას - საგარეო საქმეთა ვიცე-მინისტრი; ყაზახეთს - ვიცე-პრემიერი; თურქმენეთს - ეკონომიკის მინისტრი; მოლდოვას - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. კატარის სახელმწიფოს წარმოადგენს კულტურის მინისტრი; ირანს - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე; ისრაელს კი - შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.

სამინისტროს ცნობით, პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად, საქართველოს ასევე ეწვევიან ეუთო-ს გენერალური მდივანი და ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

საერთაშორისო თანამეგობრობის ქვეყნები, რომელთა უმაღლესი თანამდებობის პირები ვერ დაესწრებიან ინაუგურაციის ცერემონიას, წარმოდგენილი იქნებიან ელჩების სახით.

"აღსანიშნავია, რომ ეს არ გახლავთ ინაუგურაციაზე დამსწრე მაღალი რანგის სტუმრების საბოლოო სია", - განმარტავენ საქართველოს სააგრეო უწყებაში.
საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 17 ნოემბერს გაიმართება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100