სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ცვლილება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე

2014 წლიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უცხო ენის გამოცდას მოსმენის ნაწილი დაემატება, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა განაცხადა.

მიმინოშვილმა ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის არსებულ სიახლეებზე ისაუბრა. მისი თქმით, აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ არჩევით საგნად სახვითი და გამიყენებითი ხელოვნებაც ჩააბარონ. გარდა ამისა, მისივე თქმით, საქართველოს ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებებში ამ საგნის სწავლება პირველიდან მე-9 კლასის ჩათვლით სავალდებულოა, დამამთავრებელ კლასებში კი არჩევით საგნად ისწავლება.

მიმინოშვილის განცხადებით, იგეგმება უცხო ენის გამოცდას დაემატოს მოსმენის ნაწილი. გამოცდაზე დაახლოებით 10 წუთი იქნება გამოყოფილი იმისათვის, რომ აბიტურიენტმა მოისმინოს ტექსტი შესაბამის ენაზე და შემდეგ შეასრულოს დავალება. როგორც მიმინოშვილმა აღნიშნა, პირველ ეტაპზე ეს ძალიან მარტივი იქნება, ბარიერის გადალახვაზე ეს ზეგავლენას არ მოახდენს, 100-ქულიან ტესტში მხოლოდ 8 ქულა დაეთმობა ამას და აბიტურიენტებისთვის ეს რთული არ იქნება.

როგორც მიმინოშვილმა განაცხადა, ეს გარკვეულ ლოჯისტიკურ ცვლილებებსაც მოითხოვს და ამის გამო შესაძლოა, საგამოცდო ცენტრების რაოდენობა გაიზარდოს.

უცხო ენის გამოცდის მოსმენის ნაწილის რამდენიმე სამუშაო ვარიანტი ხვალიდან დაეგზავნებათ სკოლებს და ასევე განთავსდება ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge. CD-დისკებს სკოლები ნოემბრის დასაწყისში მიიღებენ.

გარდა ამისა, 2014 წელს, ისევე როგორც წელს, აბიტურიენტებს შეეძლებათ განაცხადში მიუთითონ ყველა პროგრამა, რომელზეც მათ მიერ არჩეული გამოცდები ბარდება. არჩეული პროგრამების რაოდენობა შეზღუდული არ იქნება, აბიტურიენტები კვლავ შეძლებენ საბოლოო არჩევანის გაკეთებას ყველა გამოცდის შედეგის გაგების შემდეგ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100