რა კავშირი აქვთ ქართველ ბანკირებს სასაკლაოებთან ანუ ფულს და სისხლს სუნი არ ასდის!

ვინ დაგეგმა 32 სასაკლაოს დახურვისა და მეწარმეთა გაკოტრების სქემა?! 

რა კავშირი შეიძლება ჰქონდეთ ქართველ ბანკირებს საქონლის შიგნეულთან! ერთი შეხედვით არც არაფერი, მაგრამ ბიზნესი ბიზნესია, სისხლის სუნიც რომ ასდიოდეს. სხვა საკითხია, ვინ იკადრებს ამას, და ვინ არა!

ყველაფერი სასაკლაოდან დაიწყო, რომელსაც წინ უძღოდა სოფლის მეურნეობის ექს-მინისტრის ბაკურ კვეზერელის განცხადება. 2010 წლის ოქტომბერში  სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულმა სამსახურმა ახალი მოთხოვნა წამოაყენა, რომელსაც უნდა დაერეგულირებინა ხორცისა და ხორცპროდუქტების ბაზარი საქართველოში. ხსენებული უწყების მიერ 22 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში პირდაპირ იყო მინიშნებული, რომ მფლობელს საქონელი მხოლოდ სასაკლაოზე უნდა დაეკლა. ამით უზრუნველყოფილი იქნებოდა უსაფრთხოების ნორმები და ე.წ. სასაკლაოების ბიზნესის წახალისება მოხდებოდა.

იმ პერიოდისთვის ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებდა 32 სასაკლაო და შესაბამისად უნდა მომხდარიყო მათი სრული დატვირთვა. სინამდვილეში კი, მორიგი მონსტრი  წარმოიშვა. კერძოდ, 2010 წლის ბოლოს დარეგისტრირდა ახალი  კომპანია – შპს "იბერ მით ჯორჯია", რომელმაც ნატახტრის ტერიტორიაზე ააშენა, როგორც გაჟღერდა იმ პერიოდში თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი სასაკლაო. ობიექტის ზარ-ზეიმით გახსნას დაესწრო საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც გვერდს უმშვენებდა მცხეთა-მთიანეთის იმდროინდელი გუბერნატორი ცეზარ ჩოჩელი. სწორედ ამ ფაქტმა, და კიდევ იმან რომ ჩოჩელების გვარმა ნატახტარში ქარხნები ააშენა, საზოგადოებაში გააჩინა აზრი, რომ სასაკლაოს გახსნის უკან სწორედ ცეზარ ჩოჩელი იდგა. არადა, არც სასაკლაოს და არც ხორცის  ბიზნესს ექს-გუბერნატორთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. ხორცის მონოპოლიის უკან ბევრად მსხვილი და "ბობოლა" ბიზნესმენები იდგნენ, რომელთა ვინაობა იმ პერიოდში გასაიდუმლოებული იყო. სასაკალოს ნამდვილ მეპატრონეებს აწყობდათ სულ სხვა პირზე, კერძოდ ჩოჩელზე ატეხილი ხმაური, რომელიც შალვა ნათელაშვილმა "გაამყარა" თავისი გამოსვლებითა და გატყავებული ცხვრების აქციებით.

სურსათის უვნებლობის სამსახურის მეირ გამოცემულ ნორმატიულ აქტს დავუბრუნდეთ. მასში ეწერა, რომ ხორცის რეალიზება დედაქალაქის ქსელში მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი, თუკი მეპატრონე საქონლის დაკვლას მოახდენდა შემდეგ ოთხ სასაკლაოზე: ციხისძირის, ნატახტარის, ყარაჯალასა და ასპინძის. ხსენებული ნორმატიული აქტის გამოქვეყნებიდან დაახლოებით ერთი კვირის თავზე, თბილისის თითქმის ყველა ბაზრის ადმინისტრაცია ხორცს მხოლოდ იმ შემთხვევაში იბარებდა, თუ მას ნატახტრის ბეჭედი ერტყა. დანარჩენს ორს (ყარაჯალა და ციხისძირი) ხმაური რომ არ აეტეხათ, ისინი "გუდვილისა" და "პოპულის" ქსელის მომარაგებაზე მიამაგრეს. ისიც, დროებით. პრობლემები თავდაპირველად ყარაჯალას სასაკლაოს შეუქმნეს. საქმე იმაშია, რომ ყარაჯალაში ერთი სული საქონლის დაკვლა 10 ლარი ღირდა. მაშინ, როდესაც ნატახტარში 1 კგ ხორცში გლეხებს 1,20 ლარს ახდევინებდნენ.

2010 წლის დეკემბრის დასაწყისში თბილისის არც ერთი ბაზარი და საბითუმო პუნქტი არ იღებდა ხორცს, თუ ე.წ. დაკვლის მოწმობას ანუ ფორმა ¹2-ს ნატახტრის სასაკლაოს შტამპი არ ერტყა. 2011 წლის იანვრიდან კი ქვეყანაში ხორცის მაისური გაძვირების პროცესი დაიწყო. იგივე მებითუმეები ნატახტრის სასაკლაოს გახსნამდე თუ კილოგრამ ხორცს იბარებდნენ 6,4 - 7 ლარად, ნატახტრის სასაკლაოს გახსნის შემდეგ კილოგრამის ფასმა 9,2  ლარამდე აიწია.

"იბერ მით ჯორჯიას" მონოპოლისტად ჩამოყალებების პროცესიც აქედან დაიწყო. საქართველოს კანონმდებლობით, კერძოდ 1995 წლიდან მოქმედი ვეტერინარიის შესახებ კანონით, სარეალიზაციოდ გათვალისწინებული საქონელი სპეციალურ სასაკლაოზე უნდა დაიკლას. კანონის ეს ნორმა არ ვრცელდება იმ მუნიციპალიტეტებზე, სადაც არ არსებობს სასაკლაო. სწორედ ამ კანონში შეიტანა ცვლილება სურსათის უვნებლობის სამსახურმა. ასე მაგალითად, საკმაოდ გამართული სასაკლაოები ფუნქციონირებდა  გარდაბანში, თელავში, სენაკში და ხაშურში, თუმცა სურსათის უვნებლობის სამსახურის განცხადებით, ისინი არ აკმაყოფილებდნენ სანიტარულ ნორმებს და მათ ტერიორიაზე დაკლულის საქონლის ხორცი ვერ დაიშვებოდა თბილისში გასაყიდად. სხვაგან, კი ბატონო!

ეს იყო სწორედ კაზუსი. ანუ სხვა დანარჩენ სასაკლაოებზე საქონელი იკვლებოდა ვეტ-სანიტარული ზედამხედველობის ქვეშ და ვეტერინარის მიერ გაიცემოდა ფორმა ¹2. ეს გახლდათ ხორცის ვარგისიანობისა და უსაფრთხოების შესახებ ცნობა, რომლითაც გლეხს შეეძლო ხორცი გაეყიდა ყველგან, გარდა თბილისისა. ანუ მიუხედავად იმისა, რომ უსაფრხთოების ცნობა გაცემული იყო სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფიაციალური წარმომადგენლის მიერ, გლეხისთვის დედაქალაქის ბაზარი იყო ჩაკეტილი. ისმის კითხვა - ის, რითიც იკვებებოდნენ ხაშურელები ანდა თელაველები, რატომ არ შეიძლებოდა მიერთვა თბილისის მაცხოვრებელს?! თავი დავანებოთ იმას, რომ ამ ყველაფერს დისკრიმაციის ელფერი დაჰკრავდა. საქონლის  გასაღების ძირითიდი ბაზარი იყო  დედაქალაქი, სადაც განთავსებული იყო საბითუმო პუნქტები. ამიტომაც, მესაქონლე  იძულებული იყო იქვე ახლოს მდებარე სასაკალოებზე კი არა, არამედ ნატახტარში ჩამოეყვანა საქონელი - დაეხარჯა ფული ტრანსპორტში, მომსახურებაში და შემდეგ სასაკლაოდან საბითუმო პუნქტებში ხორცის გადატანაში. ამ ყველაფერში გლეხი, მინიმუმ 100-150 ლარს ზარალობდა.

როგორ არეგულირებდა ამას იმდროინდელი (და სხვათაშორის, დღევანდელი) კანონმდებლობა. ვეტერინარიის შესახებ საქართველოს კანონში, მუხლი 321 ვკითხულობთ: ”ცხოველების სახორცედ დაკვლა, მათი რეალიზაციის მიზნით, დაიშვება მხოლოდ შესაბამის სასაკლაოებზე ვეტერინარულ-სანიტარული ზედამხედველობის ქვეშ, შესაბამის რაიონში არანაკლებ ერთი სასაკლაოს არსებობის შემთხვევაში”. ეს არის და ეს! ანუ რეალურად, ეს კანონი არ იძლეოდა იმის სამართლებრივ საფუძველს, რომ თბილისში ხორცის რეალიზაციის უფლება აეკრძალა სხვა რაიონიდან ჩამოსული პირისთვის. არადა, თუ ამ კანონს გადაუხვევდა გლეხი და საქონელს ნატატხრის სასაკლაოზე არ დაკლავდა, 1000-დან 1500 ლარამდე ჯარიმდებოდა.

იმ პერიოდისთვის, როდესაც ნატახტრის სასაკლაო სრული დატვირთვით ამუშავდა, საქართველოში არსებობდა 32 სასაკლაო. ისინი მთლიანად გაჩერდა. შედეგად, 2011 წელს საქართველოში ხორცი 1,7-ჯერ გაძვირდა, საერთაშორისო ბაზარზე კი მისი გაიაფების ტენდენცია შეიმჩნეოდა. ფასთასხვაობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებისთვის ასე გამოიყურებოდა (აშშ დოლარში): საქართველო 7.3 - 9.13, პოლონეთი 7 - 7.99, რუსეთი 8.57 -13.03, ინგლისი 4.4 - 5.07, სომხეთი 3.63 – 4.24, ამერიკა 4 - 4.50, უკრაინა 4.38 - 8.14.

ის, რომ დღეს-დღეობით - 2013 წლის მიწურულს 1 კილოგრამი  საქონლის ხორცის ფასი 13-15 ლარის ფარგლებში მერყეობს, ღორის ხორცის კი - 13 ლარის ფარგლებში, სწორედ 2011 წელს ხორცის ბაზარზე შექმნილი მონოპოლისტური ვითარების ბრალია. ყოველივე ამის უკან კი იდუმალი სამეული იდგა.   

იდუმალი სამეული ანუ რაც ფულს და არც სახაშე თავ-ფეხს სუნი არ ასდის! 

"იბერ მით ჯორჯიას" მიერ ნატახტრის სასაკლაოს გახსნიდან რამოდენიმე თვეში მოხდა კიდევ ერთი ღირშესანიშნავი მოვლენა. "იბერ მით ჯორჯიამ" დაარეგისტრირა მეორე ფირმა და დაიწყო  საკუთარი ხორცის სარეალიზაციო მაღაზიათა ქსელის "იბერულას" გახსნა. ღირშესანიშნავი კი ამ ყველაფერში ის იყო, რომ "იბერულას" ქსელში მომხმარებელს ხორცს დაბალ ფასად სთავაზობდნენ. ეს კი "იბერულას" ქსელს ავტომატურად აყენებდა უპირატეს მდგომარეობაში ბაზრის სხვა მოთამაშეებთან შედარებით და ქმნიდა არაკონკურენტუნარიან გარემოს. "იბერულას" ქსელი სოფლის მეურნების იმდროინდელმა მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა გახსნა, რომელმაც შემდეგ პირობა დადო, რომ "ამ ქსელში 1 კილოგრანი საქონლის ხორცის ფასი 8 ლარს არ გადააჭარბებსო". გახსნიდან 4 თვის თავზე მაღაზიათა ქსელში ხორცის საშუალო ფასი 17 ლარი გახდა ანუ  ანუ მინისტრის შეპირებულზე 2-ჯერ მეტი.

ადგილობრივი ხორცის გაძვირებამ გამოიწვია იმპორტირებული ხორცის მოხმარების წილის გაზრდა და ასევე გაძვირება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2010 წელს საქართველოში განხორციელდა  55.139.200 ტონა ხორცისა და ხორცპროდუქტების (76.824.300 აშშ დოლარის) იმპორტი. 2011 წელს ეს მაჩვენებელი გაიზარდა და 62.989.700 ტონა (111.289.000 აშშ დოლარი) შეადგინა. იმპორტიორ ქვეყნებს შორის პირველი ადგილი ეკავა არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს, მეორე ადგილზე  იყო არგენტინა და შემდეგ - აშშ, ბელგია, ბრაზილია და ინდოეთი. 

ქართველ ბანკირები და შაჰრამ შამელ რაჯაბის ვნებანი! 

2010 წლის თებერვალში თენგიზ მეზურნიშვილის, ანტონ ინგორყვას და გრიგოლ ლომიძის 100%-იანი წილობრივი მონაწილოებით დაფუძნდა კომპანია - შეზღუდული შესაძლებლობის საზოგადოება "იბერულა". პარტნიორთა წილები საზაგადოებაში გადანაწილდა შემდეგნაირად: თენგიზ მეზურნიშვილი 33%, გრიგოლ ლომიძე 34%, ანტონ ინგოროყვა 33%. შეზღუდული საზოგადოების დირექტორად დაინიშნა და მართვის უფლება მიენიჭა დავით ბარაბაძეს.  ვინ არიან ისინი?

ანტონ ინგოროყვას სახელი ყველასთვის კარგად არის ცნობილი. იგი გახლდათ "გაერთიანებული ქართული  ბანკის", შემდეგ "ვითიბი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, მის შვილს ეკუთვნის სადაზღვევო კომპანია "აისი". თენგიზ მეზურნიშვილი არის სადაზვევო კომპანია "აისის" გენერალური დირექტორი, ხოლო გრიგოლ ლომიძე ასევე "ვითიბი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.

ეს პირები არიან ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი მსხვილი დამფინანსებლები და სააკაშვილის კარის ბიზნესმენები. 2012 წლის არჩევნების წინ, მათ შემოწირულობა ნაციონალურ ყულაბაში ასე გამოიყურება.

"ვი თიბი ბანკი": გრიგოლ ლომიძე - სამეთვალყურეო საბჭოს წევრი - 60 000 ლარი; არჩილ კონცელიძე - გენერალური დირექტორი - 60 000 ლარი; გიორგი რაზმაძე - ვიცე პრეზიდენტი - 52 000 ლარი. საერთო ჯამში, 172 000 ლარი.

"აი სი ჯგუფი" (სადაზღვევო კომპანია) - თენგიზ მეზურნიშვილი - გენერალური დირექტორი და მეწილე - 60 000 ლარი.

გრიგოლ ლომიძესთან დაკავშირებით ერთი მეტად საინტერესო დეტალი იკვეთება. 2011 წელს, როდესაც "იბერულა" ახალ ინვესტიციების ათვისების პროცესში იყო და თბილისის მასშტაბით 20 მაღაზიის გახსნას გეგმავდა, “ქართუ" ბანკში ლომიძის გირაოდ  ჩადებული ქონების საჯარო აუქციონზე გაყიდვის პროცესი იყო დაწყებული. კერძოდ, 2011 წლის დეკემბერში სააღსრულებლო ბიურომ აუქციონზე  “მალი ჯგუფის” და “გრენფილდ” ჯორჯიას”  კუთვნილი “ბესიკის ბიზნესცენტრი”  გაიტანა.

საჯარო რეესტრში შპს “ბესიკის ბიზნესცენტრი”  2005 წლის დეკემბერშია რეგისტრიტებული, ხოლო მისი დამფუძნებლები “ვითიბი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი წევრები არიან.  გრიგოლ ლომიძე, რომელიც შპს “ბესიკის ბიზნესცენტრში” 25 პროცენტს ფლობს, ამავე დროს  “ვითიბი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრიცაა. ბანკიდან სესხი  შპს “ბესიკის ბიზნესცენტრმა” აიღო. “ბესიკის ბიზნესცენტრი” ვალს დათქმულ ვადებში ფარავდა და ამ კრედიტორთან პრობლემა 2011 წლამდე არ შემქნილა. მაგრამ, გადასახდელი დაახლოებით მილიონ 900 ათასი დოლარი დარჩა, ამიტომაც “ბესიკის ბიზნესცენტრმა” ვალდებულებები “მალი ჯგუფს” და “გრენფილდ ჯორჯიას” გადასცა”. კომპანია “მალი ჯგუფის” დამფუძნებლებში “ვითიბი” ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გრიგოლ ლომიძე ფიგურირებდა, რომელიც კომპანიაში 33,33 პროცენტს ფლობდა.. თბილისის აღსრულების ბიურომ “მალი ჯგუფის” და “გრენფილდ ჯორჯიას” კუთვნილი  “ბესიკის ბიზენსცენტრი” აუქციონზე  2011 წლის 10 დეკემბერს გაიტანა. აუქციონი 16 დეკემბერს უშედეგოდ დასრულდა.  რადგან აუქციონი უშედეგოდ დარულდა, კომპანიის ქონება ნატურით გადაეცა სახელმწიფოს

ისმის კითხვა - გაკოტრებული ბიზნესი ერთ მხარეს და მსხვილი ინვესტიციები - მეორე მხარეს.

რაც შეეხება ანტონ ინგოროყვას. თავის დროზე, „საქართველოს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ (აფბა) ჩაატარა კვლევა, რომელიც ეხებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დაწყებული ფინანსური სფეროს ტრანსფორმაციის საკითხებს. ხსენებულ კვლევაში განსაკუთრებით გამოკვეთილი იყო ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობის საკითხი. სწორედ ის გახლდათ თავის დროზე მიზეზი ფულად საკრეტიდო პოლიტიკის არევის და პასუხისმგებელი იმ მოვლენებზე, რაც 90-იან წლებში საქართველოში განვითარდა. ანუ რეალურად ჰიპერინფლაციური ტალღა სწორედ ეროვნული ბანკის პოლიტიკის შედეგი იყო. ინფლაციის ასეთი მასშტაბები არც ერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში არ დაფიქსირებულა. "აფბა" თავის კვლევაში ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ამ პროცესში კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის და ბრალეულობის საკითხი უნდა გამოიკვეთოს და ამიტომაც, მასალები შემდგომი შესწავლისა და რეაგირებისათვის საგამოძიებო ორგანოებს გადასცა. საკითხი ეხებოდა ასევე სავალუტო ანაბრების მიტაცების საკითხს, რომლითაც მაშინ "ვნეშნეკონომბანკის" საქართველოს ფილიალი (ხელმძღვანელი ლიხაჩოვი), შემდეგში მისი სამართალმემკვიდრე "ექსიმბანკი" (ხელძღვანელი ზაზა სიორიძე), იქიდან კი "გაერთიანებული ქართული ბანკი" (ზაზა სიორიძე, ვანო ჩხარტიშვილი, ანტონ ინგოროყვა) და ბოლოს კი მათი საბოლოო მეპატრონე "ვი-თი-ბი ბანკი" იყვნენ.

"ქრონიკა +" აგრძელებს ამ თემაზე მუშაობას და შემდეგ ნომერში გაკოტრებლი სასაკლაოების მეპატრონეების, ასევე სურსათის უვნებლობის სამსახურის დღევანდელ პოზიციას შემოგთავაზებთ. საქმე იმაშია, რომ არჩევნების შემდეგ ზემოხსენებულმა სამეულმა გაყიდა თუ გაასხვისა სასაკლაო და დღეს იგი ეკუთვნის მეტად საინტერესო პერსონას. კერძოდ,  2013 წელს შპს "იბერ მით ჯორჯია"-ს ახალი მეპატრონე ხდება  შაჰრამ შამელ რაჯაბი, ირანელი (ისლამური რესპუბლიკა) 1953 წელს დაბადებული. იგი გახლავთ სასაკლაოს 100%-იანი წილის მფლობელი. რაც მთავარია, ამ ირანელს 2011 წელს აქვს აღებული საქართველოს მოქალაქის პასპორტი და ორმაგი მოქალაქეობა აღრიცხული პორტუგალიასთან. დავით ბარაბაძე ისევ რჩება კომპანიის დირექტორად.

სად გაქრნენ სასაკლაოს რეალური მეპატრონეები? 2012 წლის არჩევნებამდე ამ სამეულს იმედი ჰქონდა რომ ხელებს ცეზარ ჩოჩელს შეაწმენდავდნენ, რომელსაც ისეთივე საერთო ჰქონდა ხორცის ბაზართან, როგორც თერმობირთვულ ფიზიკასთან. არჩევნების შემდეგ, პორტუგალიასა და საქართველოში მაცხოვრებელი ირანელი გამონახეს, რომელზეც ისე მოხდა ამ 10 მილიონიანი ობიექტის გადაფორმება, რომ არსად არც გაჟღერებულა.

კომენტარი