კახეთის საინფორმაციო ცენტრი ბაჩო ახალაიას საკანში გადაღებულ ფარულ ვიდეომასალას აქვეყნებს

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ექსკლუზიურად მოიპოვა ვიდეომასალა, რომელიც გადაღებულია N7 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას საკანში. ვიდეომასალა შეიცავს ბრალდებულის ყოველდღიური ცხოვრების ამსახველ კადრებს, ციხეების საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის წევრ ჟურნალისტებთან, დეპუტატ აკაკი მინაშვილთან შეხვედრებს და მათთან გასაუბრებას.

ვიდეომასალა რამდენიმესაათიანია და 2012 წლის ნოემბერშია ჩაწერილი. კადრებში ჩანს, რომ სხვადასხვა დროს ბაჩო ახალაია საკანში მოინახულეს და გამოკითხეს სასჯელაღსრულების დაწესებულებების საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა გელა მთივლიშვილმა, ნინო ზურიაშვილმა და ზურაბ ვარდიაშვილმა. გადაღებულია ასევე ახალაიას და „ნაციონალური მოძრაობიდან“ პარლამენტის წევრის აკაკი მინაშვილის შეხვედრები. მინაშვილი ციხეში პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის სპეციალური ბრძანების საფუძველზე შედიოდა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი ვიდეომასალიდან მხოლოდ რამდენიმე ფრაგმენტს აქვეყნებს.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია N7 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში, რამდენჯერმე მოინახულეს ციხეების საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა, რომლებიც სასჯელაღსრულების მინისტრის მოვალეობის ყოფილი შემსრულებლის გიორგი ტუღუშის ბრძანების საფუძველზე მოქმედებდნენ. ჯგუფის წევრებს უფლება ჰქონდათ, როგორც სამუშაო, ასევე არასამუშაო საათებში შესულიყვნენ ყველა დაწესებულებაში, გაცნობოდნენ იქ არსებულ მდგომარეობას და შეხვედროდნენ თავისუფლებააღკვეთილ პირებს.

საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის წევრი ჟურნალისტებისთვის (გელა მთივლიშვილი, ნინო ზურიაშვილი, ზურაბ ვარდიაშვილი), ცნობილი იყო, რომ ბაჩო ახალაიას საკანში ვიდეომეთვალყურეობა ხორციელდებოდა, თუმცა მათ არ იცოდნენ, რომ სასჯელაღსრულების სამინისტრო აუდიოჩაწერასაც ახორციელებდა.

იმ მიზეზით, რომ საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფი ფორს – მაჟორულ პირობებში შეიქმნა (ციხეებში პატიმრების წამებისა და არაადამინური მოპყრობის ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ), არ ყოფილა გაწერილი დაწვრილებით ჯგუფის წევრთა უფლება – მოვალეობები.

ეს უფლებები საკანონმდებლო დონეზეა დადგენილი სახალხო დამცველის წარმომადგენლების და პრევენციის ეროვნული მექანიზმის ექსპერტებისთვის.

„სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველის / სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის შეხვედრა დაკავებულებთან, პატიმრობაში მყოფ ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდულ პირებთან და მსჯავრდებულებთან, აგრეთვე ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და ბავშვთა სახლებში მოთავსებულ პირებთან კონფიდენციალურია. რაიმე სახის მიყურადება ან თვალთვალი დაუშვებელია.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ მოპოვებულ ვიდეომასალაში სახალხო დამცველის წარმომადგენლები არ ფიგურირებენ, თუმცა წყარო ამტკიცებს, რომ სხვა დღეებში, მაგალითად, 14 ნოემბერს, ბაჩო ახალაიასთან, სახალხო დამცველის წარმომადგენლების შეხვედრაც ჩაწერილია.

სახალხო დამცველის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დასტურდება, რომ ომბუდსმენის წარმომადგენლებმა 14 ნოემბერს ნამდვილად მოინახულეს ბაჩო ახალაია. ომბუდსმენის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ახალაიას საკანში დამონტაჟებულია ვიდეოთვალი. განცხადების თანახმად, სახალხო დამცველის რწმუნებულები გაესაუბრნენ ბაჩო ახალაიას, რომელმაც განაცხადა, რომ ადმინისტრაციის მიმართ არ აქვს რაიმე სახის პრეტენზია, თუმცა დაწესებულების სპეციფიკური კონტინგენტიდან გამომდინარე, გაუმართლებლად მიაჩნია მისი N7 დაწესებულებაში განთავსება. (ამ დაწესებულებაში არიან მოთავსებულები ე.წ. „კანონიერი ქურდები“).

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში კონტროლისა და ზედამხედველობის ტექნიკურ საშუალებებს, პატიმრობის კოდექსის 54–ე მუხლი განსაზღვრავს. ამ მუხლის 1–ლი პუნქტის თანახმად, „ადმინისტრაციას უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს აუდიო, ვიზუალური, ელექტრონული ან კონტროლის სხვა ტექნიკური საშუალებები დაწესებულებიდან გაქცევის, სხვა დანაშაულისა და სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოფაქცევის შესახებ აუცილებელი ინფორმაციის მიღების მიზნით“. ამავე მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ადმინისტრაცია ვალდებულია გააფრთხილოს ბრალდებულები/ მსჯავრდებულები კონტროლისა და ზედამხედველობის ტექნიკური საშუალებების გამოყენების თაობაზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საქმეზე „ალანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (2002 წლის გადაწყვეტილება), აღნიშნავს, რომ საკნის ვიდეომეთვალყურეობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა განხორციელდეს კანონის დაცვით და სათანადოდ უნდა იყოს დასაბუთებული.

სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელის ირაკლი კორძაიას განმარტებით, ბაჩო ახალაიმ იცოდა, რომ მის საკანში ვიდეომეთვალყურეობა ხორციელდებოდა.

„ბრალდებულმა ახალაიამ ამის შესახებ იცოდა. მის მიერ ხელმოწერილი განცხადებაც გვაქვს, რამდენიმე, სადაც ის თანხმობას აცხადებს ვიდეომეთვალყურეობის განხორციელებაზე.

რამდენიმე განცხადება გაქვთ?

– რადგან ხდებოდა მისი გადაყვანა სხვადასხვა დაწესებულებაში, ამიტომ გვაქვს რამდენიმე განცხადება. ის თავად იყო თანახმა, რომ მისივე უსაფრთხოების გამო, განხორციელებულიყო ვიდეომეთვალყურეობა და როგორც გითხარით, დადასტურებული აქვს წერილობით.

საკანში გადაღებული ვიდეომასალის გავრცელებით, მისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა არ დაირღვა?

– არა, მისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა არ დარღვეულა.

ვიდრე ჩვენ მივიღებდით ვიდეომასალას, დიდი ალბათობით ,ის სხვა პირებმაც ნახეს.

– ჩვენთვის პრიორიტეტი არის პატიმრის უსაფრთხოება და პატიმრის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, პატიმრის ნებართვით და წერილობითი თანხმობით ხდებოდა მისი ჩაწერა.

როგორ გავრცელდა ვიდეომასალა, დაცული არ უნდა იყოს სათანადოდ?

– შენ ჟურნალისტი ხარ და იცი ჩემზე კარგად, რომ წყარო არის კონფიდენციალური.

მე კი დავიცავ წყაროს კონფიდენციალობას, მაგრამ ვიდეომასალა რატომ გავრცელდა?

– როგორც ჩანს, რაკი შენამდე მოხვდა, რაღაც ხარვეზი არის და დაიწყება გამოძიება.

მე–7 საპყრობილეში, ახალაიას საკანში ვიდეომეთვალყურეობა 24 საათის განმავლობაში ხორციელდებოდა?

– კი.

უწყვეტად?

– კი.

ბაჩო ახალაიას თანხმობა რაზე გაქვთ თქვენ, 24 საათიან ვიდეომეთვალყურეობაზე თუ აუდიოჩაწერაზეც?

– 24 საათიანი მეთვალყურეობა.

ეს მოიცავს აუდიოჩაწერასაც? იქნებ ხმის ჩაწერის გარეშე მეთვალყურეობაზე იყო თანახმა?

– კანონში წერია მეთვალყურეობა. მეთვალყურეობაში შედის თვალიც და ყურიც, შეიძლება გულისხმობს, შეიძლება არა. მე იურისტი არ ვარ.

24 საათიანი მეთვალყურეობა თუ ხორციელდებოდა, ბრალდებულ ახალაიასთან საკანში შედიოდნენ სახალხო დამცველის წარმომადგენლებიც. ალბათ, იცით, რომ სახალხო დამცველის რწმუნებულები და პრევენციის ეროვნული მექანიზმის ექსპერტები სახალხო დამცველის შესახებ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობენ, რომლის თანახმადაც: თავისუფლებააღკვეთილ პირებთან გასაუბრება უნდა განხორციელდეს პირადად ყოველგვარი დაკვირვების გარეშე ადმინისტრაციის მხრიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როცა უსაფრთხოების ინტერესები მოითხოვს გარკვეულ ზედამხედველობას, ისიც მხოლოდ და მხოლოდ ვიზუალურ კონტროლს და არცერთ შემთხვევაში არ უნდა გახდეს ცნობილი საუბრის შინაარსი დაწესებულების ადმინისტრაციისთვის. ამასთან, ციხეების საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის წევრმა ჟურნალისტებმაც, მათ შორის, პირადად მეც, არ ვიცოდი, საუბარსაც თუ იწერდით.

– ვიმეორებ კიდევ ერთხელ, ბრალდებულ ბაჩო ახალაიას მიერ იყო ხელმოწერა, რომ ის თანახმაა, 24 საათის განმავლობაში მოხდეს მის საკანში ვიდეომეთვალყურეობა.

რადგან იყო თანხმობა, იწერდით ყველაფერს?

– ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას მსჯავრდებულის უსაფრთხოებაზე. ჩვენი პრიორიტეტი არის მსჯავრდებულის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა“.

კომენტარი