სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბაჩო ახალაია სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

ბაჩო ახალაიას, გიგი კალანდაძეს და მათთან ერთად ბრალდებულ სხვა პირებს მოსამართლე გიორგი დარახველიძემ გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა.

საქმე ეხება სამხედრო მოსამსახურეებისთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების, თავისუფლების აღკვეთის ეპიზოდებსა და ზვიად აბესაძესთან დაკავშირებულ ეპიზოდს, პროკურატურის ინფორმაციით, აბესაძეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და თავისუფლება აღუკვეთეს.

სასჯელაღასრულების დაწესებულებაში დარჩებიან მხოლოდ გაგა მკურნალიძე და ბაჩო ახალაია, რომლებსაც სხვა საქმეებისთვისაც აქვთ შეფარდებული პატიმრობა, დანარჩენი პირები - გიორგი კალანდაძე, მერაბ კიკაბიძე, მანუჩარ დარსალია, ზურაბ შამათავა, ალექსანდრე გორგაძე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.

დარასელია და კინწურაშვილი ძებნილებად ითვლებიან, ხოლო კალანდაძე, გორდაძე, კიკაბიძე და შამათავა გირაოთი არიან პატიმრობიდან გათავისუფლებული.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია კიდევ ორ სისხლის სამართლის საქმეზეა ბრალდებული. გამოძიება მას 7 სპეცრაზმელის პოლიტიკური ნიშნით წამების და ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე ედავება. თავდაცვისა და შს ყოფილ მინისტრს ამ საქმეებზეც პატიმრობა აქვს შეფარდებული.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულების მხარდამჭერები გამამართლებელ განაჩენს ოვაციებით შეხვდენენ.

პროცესს თავად ბაჩო ახალაიაც ესწრებოდა, თუმცა სხდომაზე მას არაფერი უთქვამს.

სასამართლოს გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა პირველი შეფასებები. ბაჩო ახალაიას მამა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი როლანდ ახალაია აცხადებს, რომ ის დღეს მიღებულ გამამართლებელ განაჩენს ელოდა.

როლანდ ახალაია: „როგორც პროფესიონალი, როცა ვესწრებოდი სასამართლო სხდომებს, ვხედავდი, საქმე შეთითხნილი იყო და აქედან გამომდინარე, ველოდი ასეთ გადაწყვეტილებას. მართლმსაჯულებამ თავის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა".

გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსის, გიგი კალანდაძის განცხადებით, კი დღევანდელი გადაწვეტილება მისთვის მოსალოდნელი იყო.

სასამართლო პროცესზე იმყოფებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც. როგორც ჟურნალისტებს ნუგზარ წიკლაურმა განუცხადა, სასამართლომ დადასტურა ის ინფორმაცია, რაც მთელმა საქართველომ იცოდა.

„პროკურატურის ინფორმაცია, ვერ უძლებდა ვერანაირ კრიტიკას, დღეს კი სასამართლო მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება და გამოიტანა განაჩენი რაშიც მთელი საქართველო დარწმუნებული იყო“,- განმარტა წიკლაურმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100