სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა ასოციაციის საგანგებო განცხადება

არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა ასოციაციის სახელით, გვსურს გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია მინერალურ წყალზე გადასახადის გაზრდასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხო მხოლოდ „ნაბეღლავსა“ და „ბორჯომს“.

სამწუხაროა, რომ გადასახადის შემოღებამდე კომპანიებსა და საკანონმდებლო ორგანოს შორის კომუნიკაციის დეფიციტი იყო და ჩვენი ასოციაციის წევრების მხრიდან ვერ მოხდა სრულად არგუმენტების გაზიარება პარლამენტის წევრებისთვის, რაც მნიშვნელოვანწილად განპირობებული იყო საქართველოს პარლამენტის მხრიდან საკითხისადმი არასაკმარისი დაინტერესებით. ამიტომ გვინდა გავამახვილოთ ყურადღება და ფართო საზოგადოაებასაც გავაგებინოთ რამდენიმე არსებითი პრობლემის თაობაზე, რომელიც წარმოიშვება ამ კანონის ამოქმედების შემდგომ:

· აღნიშნული გადასახადის გაზრდით ძლიერი დარტყმა მიადგება კომპანიების სამომავლო გეგმებს. მოსაკრებლის ზრდით ხდება წყლის მოპოვების 25 წლიანი ლიცენზიის გადახედვა, რაც ნეგატიურად აისახება როგორც „ნაბეღლავსა“ და „ბორჯომზე“, ასევე ზოგადად ბიზნეს გარემოზე, რადგან გრძელვადიანი კონტრაქტის პირობების გადახედვისა და მითუმეტეს შეცვლის შესაძლებლობაც კი შეიძლება უარყოფითად აისახოს კომპანიების განვითარების პერსპექტივებზე და უცხოელი ინვესტორების ინიციატივაზეც (და არამარტო ამ სექტორში), რაც შეიძლება გახდეს ინვესტიციების შემაფერხებელი მიზეზი და ზოგადად ცუდად იმოქმედოს ქვეყნის ბიზნეს გარემოსა და საერთაშორისო იმიჯზე.

· აღსანიშნავია, რომ ამ გადასახადის შემოღებით ქართული კომპანიები ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ძვირ გადასახადს გადაიხდიან. შედარებისთვის იტალიური მსოფლიო ბრენდის, მინერალური წყალი „სან-პელეგრინოს“ გადასახადი პეტის პროდუქციისთვის შეადგენს 1,2 ევრო/მ3, ხოლო შუშის ბოთლისათვის 0,9 ევრო/მ3, რაც დაახლოებით 10-12ჯერ ნაკლები იქნება ქართული კომპანიების მოსაკრებელზე, მისი გაზრდის შემდგომ.

· უმნიშვნელოვანესი საკითხი არის ჭაბურღილებისა და საბადოების სისტემატიური კვლევისა და წარმოებაში ტექნოლოგიური პროცესებით გამოწვეული წყლის დანაკარგების საკითხიც. მოგეხსენებათ, კვლევაში გამოყენებული წყალი „გადაღვრილად“ შეიძლება ჩაითვალოს, რადგან ის ინდუსტრიაში აღარ გამოიყენება და არ ხდება მისი ჩამოსხმა. ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ კვლევები მუდმივად უნდა კეთდებოდეს, რომ ამ ტიპის საბადოებში დადგინდეს მინერალური წყლის ზრდის პოტენციალი, ისე რომ შენარჩუნებული იყოს მინერალური წყლის ხარისხობრივი მაჩვენებლები, კომპანიების ზარალი დიდი იქნება, რადგანაც მათ უწევთ ე.წ. გადაღვრილ წყალშიც იგივე გადასახადის გადახდა, რაც წარმოებისთვის განკუთვნილ წყალში უწევთ. გადასახადის გაძვირებით, ფინანსურად, ექსპერიმენტების ჩატარება საბადოებში და თავად წარმოების პროცესი ძალიან გართულდება.

· არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია კომპანიების დისკრიმინაცია. მიგვაჩნია, რომ ერთი და იმავე ტიპის პროდუქტი და მათი მწარმოებელი კომპანიები სხვადასხვანაირად არ უნდა იბეგრებოდნენ, რადგან ეს არაჯანსაღ კონკურენციას უწყობს ხელს. საქართველოს ბაზარი საკმაოდ გაჯერებულია და კონკურენციის დონეც შესაბამისად მაღალია. ამ გადასახადის დაწესებით მხოლოდ ორი კომპანიისთვის, ხდება მათი კონკურენტუნარიანობისა და საექსპორტო პოტენციალის შემცირება, რაც იმას ნიშნავს რომ კომპანიებს პრობლემები შეექმნებათ არამარტო შიდა, არამედ საექსპორტო ბაზარზეც.

· აღსანიშნავია კანონის დამტკიცებიდან, მის ამოქმედებამდე არსებული დროის სიმცირის საკითხიც. ევროპული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებები კანონმდებლობაში კომპანიებისათვის გონივრული დროით ადრე უნდა იყოს ცნობილი. დასავლეთში ნებისმიერი გადასახადის გაზრდის შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღება ხდება რამდენიმე წლით და არა სამი თვით ადრე, როგორც ეს ჩვენს შემთხვევაშია. კომპანიებს უნდა ჰქონდეთ საკმარისი დრო იმისათვის, რომ ახალ პირობებს მოარგონ თავისი გრძელვადიანი გეგმები, მოახდინონ ფინანსების შესაბამის რესტრუქტურიზაცია და სხვ. მითუმეტეს ბუნებრივი რესურსის სარგებლობის გადასახადის 200%-ით გაზრდა დროში ემთხვევა არააქციზური საქონლის ელექტრონული მარკირების შესახებ კანონის შესაძლო ამოქმედებას, რაც თავის ძლიერ ფინანსურ დარტყმას მიაყენებს ჩვენი ასოციაციის წევრებსა და ზოგადად ქართველ მწარმოებლებს.

ეს არის ის ძირითადი საკითხები, რომელიც ჩვენი აზრით შეაფერხებს კომპანიების წარმატებულ არსებობას ქართულ და საექსპორტო ბაზრებზე. მივმართავთ მთავრობას, დაიწყონ აქტიური კონსულტაციები კომპანიებთან, რომ სწრაფად გადაიჭრას ის პრობლემები, რომლის წინაშეც ვდგავართ. იმედს გამოვთქვამთ, რომ გადაწყვეტილების მიმღები ხელისუფლების ეკონომიკური გუნდის წევრები გაიზიარებენ ჩვენს პოზიციას და შეძლებენ კომპრომისული გადაწყვეტილების მოძებნას პრობლემების გადასაჭრელად.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100