შეხვედრა ღარიბაშვილთან, მედია აღშფოთებული და შოკირებულია

დღეს შინაგან საქმეთა მინისტრთან მედიის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა.

როგორც შეხვედრიდან გამოსული პირები აცხადებენ, მოხდა სამეგრელოში აღმოჩენილი ჩანაწერების ჩვენება, ამის შემდეგ კი გაიმართა დისკუსია იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა წარიმართოს გამოძიება, რა რეაგირება უნდა მოყვეს აღნიშნულ ფაქტებს.

გაზეთ "კვირის პალიტრის" მთავარი რედაქტორის, გიორგი თევდორაშვილის განცხადებით, ნანახი შოკის მომგვრელია, ვინაიდან ასახავს ყველანაირ სიბინძურეს, რაც ადამიანების მიწასთან გასწორებას, გაუპატიურებას და ძალადობას გულისხმობს.

გიორგი თევდორაშვილი ფიქრობს, რომ სწორი იყო აღნიშნული ჩანაწერების მედიისთვის და არასამთავრობოებისთვის ჩვენება, თუმცა მიიჩნეს, რომ უშუალოდ მედიასაშუალებებით აღნიშნული მასალა არ უნდა გავრცელდეს.


"რომელი მედია აიღებს ამ კადრების გავრცელებას თავის თავზე, არ ვიცი. ვფიქრობ, ამის ჩვენებით რაღაც ძალიან ცუდი დატრიალდება. რაც ჩვენ ვნახეთ, იყო ყველანაირი სიბინძურე, ადამიანების მიწასთან გასწორება, გაუპატიურება, ძალადობა", – აღნიშნა თევდორაშვილმა.

დღევანდელ შეხვედრას მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ექსპერტები ესწრებოდნენ. რამდენიმე მათგანმა შეხვედრა დატოვა. პროტესტის მიზეზად მათ ის ფაქტი დაასახელეს, რომ: შეხვედრაზე მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, შეეტანათ აპარატურა, რაც თავისთავად არ გამორიცხავს იმის ალბათობას, რომ შეხვედრის რომელიმე დამსწრეს თუნდაც ტელეფონით გადაეღო ეკრანზე ასახული ვიდეომასალები.გარდა ამისა შეხვედრაზე მყოფი ჟურნალისტების ნაწილის ინფორმაციით, ფირზე ასახული ადამიანების ამოცნობა, მათი სახეების დაფარვის მუხედავად, მაინც შესაძლებელი იყო.

კომენტარი