რატომ ქმნიან არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებლები ასოციაციას?

ქართული კომპანიები სექტორის პრობლემების მოგვარებისთვის და არააქციზური საქონლის მარკირების წინააღმდეგ ძალისხმევას აერთიანებენ.

დღეს გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი მსხვილი კომპანიების - შპს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“, სს „იბერია რეფრეშმენტსი“ (პეპსი), სს „ლომისი“ (ნატახტარი), შპს „აქვა გეო“ (სნო), შპს „აიდიეს ბორჯომი საქართველო“ და სს „წყალი მარგებელი“ (ნაბეღლავი) - წარმომადგენლებმა მიიღეს გადაწყვეტილება „არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა ასოციაციის“ შექმნის თაობაზე. ქართული კომპანიების გაერთიანება მომავალში გეგმავს დარგში არსებული პრობლემების გადაჭრისთვის, სფეროს მომავალი განვითარებისა და ექსპორტის გაძლიერებისთვის სხვადასხვა სახის ერთობლივი პროექტების განხორციელებას. ასოციაციის პირველი მნიშვნელოვანი წამოწყება კი არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების  რეგულაციისგაუქმებისკენ ან შეცვლისკენ იქნება მიმართული, რაც კომპანიების წარმომადგენელთა განცხადებით, მნიშვნელოვანი ტესტი იქნება, როგორც გაერთიანების, ასევე სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის თანამშრომლობის ჩამოყალიბების გზაზე.

არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებთა განცხადებით, არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების  ამოქმედება მნიშვნელოვნად შეაფერხებს სექტორის განვითარებას და საექსპორტო ბაზრებზე მის კონკურენტუნარიანობას სერიოზულ ზიანს მიაყენებს. ახალი წესიდან გამომდინარე, პროდუქცია უბრალოდ გაძვირდება, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი მომხმარებლისთვის. ეს კი გაყიდვების მოცულობის შემცირებას გამოიწვევს, რაც იმას ნიშნავს, რომ მეწარმეების მიერ გადახდილი გადასახადების მოცულობაც შემცირდება. ცხადია, ეს საზიანო იქნება მწარმოებლებისთვის და ამავე დროს საქართველოს ბიუჯეტისთვისაც.

ზოგადად აღრიცხვიანობა და მკაცრი ფინანსური კონტროლი, საგადასახადო ადმინისტრირებისთვის მნიშვნელოვანია და ამაზე არავინ კამათობს. სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ზუსტი მონაცემები და რა თქმა უნდა, ყველაფერი ბოლომდე ტრანსპარენტული უნდა იყოს. თუმცა, აქ მეთოდებზეა საუბარი. კომპანიები არ უნდა ვიხდიდეთ დამატებით თანხას იმისთვის, რომ სახელმწიფომ გაგვაკონტროლოს. აღრიცხვის წარმოება სახელმწიფოს მოვალეობაა. ამასთან, აღრიცხვის წარმოების უამრავი სხვა, გაცილებით უფრო მარტივი და იაფი საშუალება არსებობს, რომლის გამოყენებაც თავისუფლად შეიძლება დღეს საქართველოში და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, სხვა მწარმოებლებიც მზად არიან მხარი დაუჭირონ სახელმწიფოს ალტერნატიული სახის სისტემის დანერგვაში.

2012 წლის 24 აპრილს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის №129 ბრძანების საფუძველზე, რომელიც წარმოადგენს ცვლილებას „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის № 996 ბრძანებაში, განისაზღვრა არააქციზური საქონლის მარკირების სავალდებულო წესი. თავად  ეს ცვლილება კი ეფუძნება საგადასახადო კოდექსის 1921 მუხლს, რომლის მიხედვითაც საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის ნუსხა და მარკირების პირობები.

აღნიშნული ბრძანების თანახმად, მატერიალური ან არამატერიალური ფორმით სავალდებულო მარკირებას ექვემდებარება არაალკოჰოლური სასმელები (მათ შორის, მინერალური და მტკნარი წყლები). სავალდებულო მარკირება ხორციელდება ბოთლის, ქილის ან კასრის გვერდზე, თავსახურზე ან ტარის ძირზე. ამასთან, შერჩეული პირის მიერ არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების ნომინალური ღირებულება განისაზღვრება: ა) არაალკოჰოლური სასმელისთვის (გარდა მინერალური და მტკნარი წყლისა) – 1000 ცალ ერთეულზე – 5,5 ევროს ეკვივალენტი ლარებში და ბ) მინერალური და მტკნარი წყლისათვის – 1000 ცალ ერთეულზე – 4,63 ევროს ეკვივალენტი ლარებში.

ელექტრონულ მარკირებას, საქართველოს სახელმწიფოსთან დადებული ექსკლუზიური ხელშეკრულების საფუძველზე, ახორციელებს შვეიცარული კომპანია SICPA, რომელსაც მოქმედი რეგულაციის ამოქმედების შემთხვევაში, არაალკოჰოლური სასმელის მწარმოებელი გადაუხდის მომსახურების საფასურს.

კომენტარი

×