სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველო და ყაზახეთი ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას გააღრმავებენ

საქართველოსა და ყაზახეთს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის ორმხრივი შეთანხმება გაფორმდა. დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია ყაზახეთში, ასტანის მეხუთე ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

საქართველოს მხრიდან შეთანხმებას ხელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მიხეილ ჯანელიძემ, მოაწერა, ყაზახურ მხარეს კი ინდუსტრიისა და ახალი ტექნოლოგიების მინისტრის მოადგილე კანიშ ტულეუშინი წარმოადგენდა.


ასტანამ მეხუთე ეკონომიკურ ფორუმს 21-23 მაისს უმასპინძლა. ფორუმში მიხეილ ჯანელიძესთან ერთად ასევე მონაწილეობდა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დაგეგმვისა და განვითარების განყოფილების უფროსი რუსუდან მამაცაშვილი.

გაკეთდა მოხსენება საქართველოს ტურისტული პოტენციალისა და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. ასევე გაიმართა ორმხრივი შეხვედრები ჩეხეთის რესპუბლიკის რეგიონალური განვითარებისა და ტურიზმის სამინისტროს დელეგაციასთან და შვედეთის მოგზაურთა და ტურიზმის ინდუსტრიის ფედერაციის აღმასრულებელ დირექტორთან.

საქართველოს დელეგაცია ყაზახეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების, ინდუსტრიისა და ახალი ტექნოლოგიების სამინისტროების, მცირე და საშუალო ბიზნესის ასოციაციის წარმომადგენლებსაც შეხვდა. შეხვედრებზე განხილული იქნა ტურიზმის, ტრანსპორტის, ვაჭრობისა და ინვესტიციების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები.

ასტანის ეკონომიკური ფორუმი ყაზახეთის დედაქალაქში ყოველწლიურად იმართება. წელს ფორუმს მსოფლიოს 90 ქვეყნის დელეგატები დაესწრნენ, მათ შორის იყვნენ ნობელის პრემიის ლაურეატები, ცნობილი მეცნიერები, პოლიტიკოსები და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები.

წყარო: http://www.economy.ge/?category=4&lang=geo&item=1010

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100