სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კომპიუტერების იმპორტიორები თბილისის ქარხნის კონკურენციისთვის ემზადებიან

ეთერ ქოქოლაძე: ახალი მოთამაშის სტრატეგიის შესახებ მომწოდებლებს ვაცნობებთ

კომპიუტერული ტექნიკის იმპორტიორები ახალი ქართული ქარხნის პროდუქციის მხრიდან კონკურენციას აღიარებენ და აცხადებენ, რომ ახალი მოთამაშის მიერ ბაზარზე შემოტანილი სიახლეებისთვის ემზადებიან.

შეგახსენებთ: თვენახევრის წინ გახსნილი, კომპიუტერების ქარხნის წარმოების დირექტორი ზურაბ მუნჯიშვილი commersant.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ სხვა კომპანიებს კონკურენციას ადგილობრივ მოთხოვნებზე მორგებით უწევენ. მისი თქმით, ქართული ბაზარი შესწავლილი აქვთ და იციან, რა სეგმენტი როგორ კომპიუტერს მოითხოვს. მუნჯიშვილის განმარტებით, მათთან შეძენილი ტექნიკის ექსპლოატაცია მომხმარებელს უფრო იაფი უჯდება, რადგან, სხვა კომპანიებისგან განსხვავებით, სადაც ავტორიზებულ ცენტრებთან მიმართვაა აუცილებელი, საჭირო მომსახურებას კლიენტი 24 საათის განმავლობაში იღებს.

მუნჯიშვილის განცხადებით, საქართველოში იგივე HP-ს კონკურენტები არიან, რადგან ხარისხის სერთიფიკატი აქვთ და სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა შეუძლიათ.

„ტექნო ბუმის” აღმასრულებელი დირექტორის ეთერ ქოქოლაძის თქმით, მათ კომპანიას მომსახურების მაღალი ხარისხის სერვისი აქვს და შეუძლია საჭირო მომსახურება მომხმარებელს მიმართვიდან 2-3 დღიდან ერთ თვემდე პერიოდში გაუწიოს. თუმცა, ქოქოლაძე ამბობს, რომ თუ ახალი მოთამაშე სერვისის ახალ სტანდარტებს დანერგავს, „ტექნო ბუმი“ ამის შესახებ თავის მომწოდებლებს აცნობებს და მათაც, შესაძლოა, შეცვალონ სერვისის სტრატეგია. „ჯერ არ ვიცით, რას შემოგვთავაზებს ახალი ქარხანა, თუმცა ჩვენ დავაკვირდებით მის პოლიტიკას და აუცილებლად მომზადებული დავხვდებით,“ - აცხადებს ქოქოლაძე.

„მეგატექნიკის” გენერალური დირექტორის მოადგილე ლაშა ხუციშვილი ასევე ელის ბაზარზე კონკურენციის გამწვავებას. ის ამბობს, რომ თბილისის ქარხნის პროექტი „ინტელთან“ ერთად განხორციელდა, ამიტომ მომხმარებელში ამ საწარმოს პროდუქციის ხარისხი ეჭვს არ გამოიწვევს. შესაბამისად, სხვა ბრენდების პროდუქციას სერიოზული კონკურენტი უჩნდება.„ორი აზრი არ არის, რომ ბაზარზე კონკურენცია გამძაფრდება. თუ საწარმო გადაწყვეტს მოგების დაბალი მარჟის ხარჯზე წარმოების მოცულობა გაზარდოს და ბაზრის 20-30%-ის აითვისოს, ეს იმპორტიორ კომპანიებს, ცხადია, აიძულებს, თავადაც შეცვალონ მიდგომები და სიახლეებს უპასუხონ,“ - აცხადებს ხუციშვილი.

Commersant.ge ამ საკითხზე "ელიტ ელექტრონიქსის" პოზიციის მიღებას ელოდება, რომელიც საქართველოს საცალო ბაზარზე HP–ს ოფიციალური წარმომადგენელია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100