მორიგი „დიდი დეპრესიის“ შედეგები და მისი გადაჭრის გზები

ეროვნული ვალუტის ინფლაცია დღეს დაბალშემოსავლიან ქვეყნებთან ერთად, განვითარებულ სახელმწიფოებსაც აწუხებთ. ქვეყნის მმართველები კი მიიჩნევენ, რომ ფინანსური კრიზისის აღმოფხვრა და ინფლაციის სალდოს შეჩერება ფულითაა შესაძლებელი, თან ბევრი ფულით. მონეტარული პოლიტიკის კორიფე და ცნობილი „Taylor rule“-ის გამომგონებელი ჯონ ტეილორი კი თვლის, რომ იაფი ფულის უზარმაზარი მასა არ წარმოადგენს აქტუალური ფინანსური კრიზისის დაძლევის ეფექტურ საშუალებას.

ამის მაგივრად, სტენფორდის პროფესორი ბანკების გამჭვირვალე ბალანსებსა და სახელმწიფოს ჩარევის ალტერნატიულ ფორმებს ქადაგებს. ტეილორის აზრით, აშშ-ს ცენტარლურმა ბანკმა ვერ შეძლო ფინანსური კრიზისის მიზეზისა და მისი ხასიათის შეცნობა. ეკონომისტის აზრით, ამერიკის ფედერალური სარეზერვო ფონდის ანტიკრიზისული პოლიტიკაც გასული საუკუნის 30-იანი წლების „დიდი დეპრესიის” დაძლევის ღონისძიებებს დაემსგავსა და არსებული პრობლემების ნაწილს თავისთავად წარმოადგენს.

ფედერალური სარეზერვო ფონდის მმართველთა საბჭოს თავჯდომარე, ბენ ბერნანკე, რომელსაც „დიდი დეპრესიის” მიზეზები საფუძვლიანად აქვს შესწავლილი, აღნიშნავს, რომ აშშ-ს ცენტრალური ბანკი ანტიკრიზისული პოლიტიკის წარმართვაში სწორედ „დიდი დეპრესიის” დროინდელ შეცდომებს ინტენსიურად ითვალისწინებს და ტეილორს კონკრეტული კონცეფტის უქონლობას აყვედრის. ტეილორის აზრით კი ორივე კრიზისის ბუნება და საფუძველი რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან.

კრიზისის მასშტაბის ცენტრალურ ინდიკატორად ჯონ ტეილორი ხანმოკლე კრედიტის სარისკო ნამატს („Spread“) მიიჩნევს. აქ იგულისხმება ბანკთაშორისო საკრედიტო აუქციონებზე მოქმედ საპროცენტო განაკვეთსა (Libor) და მომავალი სამი თვის განმავლობაში მოსალოდნელ ძირითად განაკვეთს (Overnight Index Swap) შორის სხვაობა. აღნიშნული ინდიკატორის სიდიდე 2007 წლის ზაფხულამდე მხოლოდ 0,1 პროცენტულ პუნქტს, 2007 წლის აგვისტოსკენ 1 პროცენტულ პუნქტს უდრიდა, ხოლო 2008 წლის ოქტომბერში ეს მაჩვენებელი 3,5 პროცენტულ პუნქტამდეც გაიზარდა.

მართალია, დღესდღეისობით ინდიკატორის სიდიდე საგრძნობლად შემცირდა და დაახლოებით 0,9 პროცენტულ პუნქტს გაუტოლდა, მაგრამ ის მაინც მნიშვნელოვნად აღემატება ფინანსური ქაოსის ესკალირებამდე მოქმედ მაჩვენებელს. მაღალი სარისკო ნამატი ბანკების რეფინანსირებასთან ერთად პოტენციური მევალეებისადმი გამიზნულ კრედიტს აძვირებს და ფინანსური სექტორის ჯანსაღი ფუნქციონირებისათვის უმნიშვნელოვანესი ხელის შემშლელი ფაქტორია.

ტეილორი მიიჩნევს, რომ ფედერალური სარეზერვო ფონდის მთავარი შეცდომა ფინანსურ ბაზრებზე არსებული სირთულეების მცდარი დიაგნოზი და პრობლემისადმი არაადექვატური მიდგომაა. ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მაღალ სარისკო ნამატს არა ფედერალური სარეზერვო ფონდის აზრით არსებული ლიკვიდურობის დეფიციტი, არამედ ბანკთაშორისო ნდობის სიმწირე განაპირობებს. პრობლემის მიზეზის შესაბამისად, ეკონომისტი, უპირველეს ყოვლისა, ნდობის მასტიმულირებელი ინსტრუმენტების გამოყენებას მოითხოვს, რაც, მაგალითად, ბანკების მიერ საკუთარი კაპიტალის გაზრდით, ბანკების ბალანსებში ჯერ კიდევ არსებული ტოქსიკური ფასიანი ქაღალდებისა და სავარაუდო ზარალის შესახებ დამაჯერებელი ინფორმაციის შეცნობით და გამოქვეყნებით არის წარმოსადგენი.

კომენტარი