„საბა კონსტრაქშენი“ მთავრობის ინიციატივას სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე კომპანიებისთვის კომპენსირების შესახებ დადებითად აფასებს

„სახელმწიფო კომპენსირებას გაუკეთებს სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებულ იმ კომპანიებს, რომლებსაც ვალუტის დევალვაციის გამო პრობლემები შეექმნათ“ - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის ინიციატივას, ტენდერებში მონაწილე კომპანიების უმრავლესობა დადებითად აფასებს. მიაჩნიათ, რომ აღნიშნული ინიციატივის ამოქმედების შემთხვევაში კომპანიებს მიეცემათ შეუფერხებელი საქმიანობის საშუალება და მეორე მხრივ, ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს ცენტრალურ თუ მუნიციპალურ დონეებზე შეუფერხებლად განხორციელდება.

„საბა კონსტრაქშენი“ ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიაა, რომელიც საქართველოში მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს. კომპანიის ხელმძღვანელი ლევან თარგამაძე აღნიშნავს, რომ ზოგადად ქვეყანაში სავალუტო კრიზისი ნეგატიურად აისახება ბიზნესზე, მათ შორის სახელმწიფო ტენდერებში მონაწილე კომპანიების ფინანსურ მდგომარეობაზე. მიზეზი მარტივია - ძვირდება იმპორტირებული საქონელი, ძვირდება მუშახელი, რაც იწვევს კომპანიებისათვის ფინანსური ზარალის რისკს. შეექმნათ იმის საფრთხე, რომ ეროვნული ვალუტით განსაზღვრული, ძველი ფასებით ვერ შეძლებენ არსებული პროექტების დასრულებას. კომპანიის ხელმძღვანელი ტენდერით აღებული ვალდებულების შესრულების საფრთხეზეც მიანიშნებს.

როგორც თარგამაძე აღნიშნავს, გიორგი კვირიკაშვილის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე კომპანიებისთვის კომპენსირებასთან დაკავშირებით, თავისი მნიშვნელობით გადაფარა ლარის დევალვაციიდან გამოწვეული ეიფორია. „კომპანიები მათგან დამოუკიდებელი გარემოების გამო, ფაქტიურად აღმოჩნდნენ გამოუვალ მდგომარეობაში. გარკვეული ნაწილი ამ კომპანიებისა ტენდერის მოცულობებიდან გამომდინარე მომენტალურად გახდნენ გაკოტრების კანდიდატები ან საუკეთესო შემთხვევაში ზარალით მოუწევთ სახელმწიფოსთან აღებული ვალდებულებების შესრულება. სავარაუდოდ, ვიცე-პრემიერის გამოსვლაში აღნიშნული კომპენსირება, თავისთავში შესყიდვების შესახებ კანონში ცვლილებასაც მოიცავს,“ - განმარტავს კომპანიის ხელმძღვანელი.

მოსალოდნელ საფრთხეებს არ გამორიცხავენ მთავრობაშიც. „მოგეხსენებათ, სავალუტო კრიზისის გამო, ბოლო პერიოდში დაზარალდა ძალიან ბევრი კომპანია, რომლებიც მონაწილეობენ სახელმწიფო შესყიდვებში და სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვან პროექტებში (მხედველობაში მაქვს, უპირველეს ყოვლისა, როგორც ცენტრალური მთავრობის მიერ, ასევე სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე ის პროექტები, რომლებსაც ვახორციელებთ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით). მათ შეექმნათ იმის საფრთხე, რომ ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული, წინა გამოცხადებული ფასებით ვერ შეძლებენ არსებული პროექტების დასრულებას. ძალიან ბევრ შემთხვევაში, ჩვენ მოგვივიდა სიგნალი, რომ ეს კომპანიები არ იწყებენ სამუშაოს, მათ ისიც კი ურჩევნიათ, რომ საგარანტიო თანხები დაკარგონ, ვიდრე დაიწყონ სამუშაოები და უფრო მეტი ზარალი განიცადონ. ამიტომ მთავრობამ იმსჯელა ამ პრობლემის შესახებ და მიიღო გადაწყვეტილება, რომ შესაბამის კანონქვემდებარე აქტში, რომელიც ეხება სახელმწიფო შესყიდვებს, გაითვალისწინოს არსებული გარემოებები და გამოიყენოს, უპირველეს ყოვლისა, ის 10%-იანი ლიმიტი, რომელიც კანონქვემდებარე აქტით არის გათვალისწინებული და აქამდე ძალიან იშვიათად გამოიყენებოდა“ - აცხადებს კვირიკაშვილი.


ექსპერტთა ერთი ნაწილი მთავრობის ინიციატივას დადებითად აფასებს, თუმცა დანარჩენებს მიაჩნიათ, რომ ასეთი კომპენსირება სავალუტო კრიზისისგან შექმნილი პრობლემის დარეგულირებას რეალურად ვერ შეძლებს.

„ბუნებრივია, ლარის დევალვაციის პროცესი ნეგატიურად აისახა სახელმწიფო ტენდერებში მონაწილე კომპანიების ფინანსურ მდგომარეობაზე. აქ ორი საფრთხე არსებობს. ერთი ის, რომ სახელმწიფო ტენდერებში მონაწილე კომპანიებისთვის ნედლეულის გაძვირება აჩენს ამ კომპანიებისათვის ფინანსური ზარალის რისკს და მეორე, თავად სახელმწიფო ტენდერით აღებული ვალდებულების შესრულება საფრთხის წინაშე დგება. რიგ შემთხვევებში, ეს საფრთხე შეიძლება გამოიხატოს ტენდერით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობით და, რიგ შემთხვევებში, არ არის გამორიცხული ტენდერით განსაზღვრული სამუშაოები უხარისხოდ შესრულდეს. ყველა შემთხვევაში, ზარალდება სახელმწიფოც, ბიზნესიც და მთელი საზოგადოება,“ - განმარტავს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძე. ამასთან მიაჩნია, რომ ინდივიდუალური მიდგომა და მთავრობის მხრიდან სახელმწიფო ტენდერის პირობების გადახედვა და ლარის დევალვაციის დონის გათვალისწინება, რაციონალური და პრაგმატული გადაწყვეტილება იქნება.

მინისტრის თქმით, გათვალისწინებული იქნება ყველა გარემოება და ყველა კონკრეტული შემთხვევა. კერძოდ, კომპანიას შეძენილი აქვს თუ არა უკვე მარაგები, მომავალში აპირებს თუ არა შეძენას და ა.შ. „სახელმწიფომ გადადგა ძალიან მნიშვნელოვანი შემხვედრი ნაბიჯი და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას, რათა, უპირველეს ყოვლისა, კომპანიებს მიეცეთ შეუფერხებელი საქმიანობის საშუალება და მეორე მხრივ, არცერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს ცენტრალურ თუ მუნიციპალურ დონეებზე, არ იქნეს შეფერხებული. მე მინდა მოვუწოდო ყველა კომპანიას, რომელთა სამუშაოების გაგრძელებას ამ მიზეზით ექმნებოდა პრობლემები, შეუფერხებლად გააგრძელონ საქმიანობა“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომპენსირება შეეხება მხოლოდ მიმდინარე სამუშაოებს და მომავალში გამოცხადებულ პროექტებს. „მიმდინარე სამუშაოები მაქვს განსაკუთრებით მხედველობაში, რადგან სწორედ იმ კომპანიებს ექმნებათ დღეს პრობლემები, რომლებიც კონკრეტული ფასებით არიან გამარჯვებულნი ტენდერებში და ამ ფასით ვეღარ ახდენენ სამუშაოების დასრულებას დევალვაციის ეფექტიდან გამომდინარე. დავაკონკრეტებ, ეს არის სამუშაოები, რომელთა ჩაბარების ანგარიშიც ჯერ არ შემდგარა“ - აღნიშნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა რაოდენობის თანხა იქნება გათვალისწინებული კომპენსირებისთვის. წინასწარი შეფასებით, დევალვაციის ეფექტი არ უნდა იყოს მთლიანი შესყიდვების ათ პროცენტზე მეტი. შეგახსენებთ, რომ, 2014 წლის ნოემბრიდან მოყოლებული, ეროვნული ვალუტა 27 პროცენტით არის გაუფასურებული.

კომენტარი