სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ფონდი ნატახტარი“ წელს 161 313 ლარით შეივსო

166 მზრუნველობამოკლებული მოზარდის ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალა

12 მარტს, სასტუმრო “ჰოლიდეი ინში“, „ფოდმა ნატახტარმა“, საზოგადოებას პროექტის „იზრუნე მომავალზე“, მეოთხე ტალღის ანგარიში წარუდგინა. კომპანია „ნატახტარის“ მარკეტინგის დირექტორმა თორნიკე ნიკოლაიშვილმა და ასოციაცია „ჩვენი სახლი- საქართველოს“ ფსიქოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელმა მანანა ომარაშვილმა, მოწვეულ სტუმრებს ფონდის საქმიანობისა და შეგროვებული თანხის შესახებ, დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
„ფონდი ნატახტარი“, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანადგომითა და ლოცვა-კურთხევით, 2010 წლის ნოემბერში შეიქმნა. პროექტი „იზრუნე მომავალზე“, მზრუნველობამოკლებულ მოზარდებს საზოგადოებაში თავის დამკვიდრების შესაძლებლობას აძლევს. პროექტი, რომელსაც კომპანია „ნატახტარი“ და ასოციაცია „ჩვენი სახლი - საქართველო“, უკვე ოთხი წელია ახორციელებენ, ხელს უწყობს მცირე საოჯახო სახლების აღსაზრდელებს, რომ დამოუკიდებელ ცხოვრებას უფრო მომზადებულები შეხვდნენ. მზრუნველობამოკლებულ მოზარდებს ასოციაცია „ჩვენი სახლი - საქართველოს“ კვალიფიციური ფსიქოლოგების გუნდი ეხმარება.
„ფონდი ნატახტარის“ დახმარებით, საქართველოს მოსახლეობას შესაძლებლობა ეძლევა, რომ საკუთარი წვლილი შეიტანოს ამ საქველმოქმედო პროცესში. უკვე ოთხი წელია, რაც ყოველი წლის 25 ნოემბრიდან 25 თებერვლის ჩათვლით, „ნატახტარის ლიმონათის“ თითოეული გაყიდული ბოთლიდან, გარკვეული თანხა ფონდის ანგარიშზე ირიცხება. თუ ამ პერიოდში, „ნატახტარის ლიმონათის“ 0.33 ლიტრიან ლიმონათს შეიძენთ, ფონდში - 1 თეთრი, 0.5 ლიტრიანი ლიმონათის შეძენისას - 3 თეთრი, ხოლო 2-ლიტრიანი ლიმონათის შეძენისას - 5 თეთრი ჩაირიცხება.
კომპანია „ნატახტარის“ მარკეტინგის დირექტორმა, თორნიკე ნიკოლაიშვილმა აღნიშნა, პროექტის „იზრუნე მომავალზე“ წარმატება, მხოლოდ ერთი კომპანიისა და ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამსახურება არ არის. მისი თქმით, ამ ოთხი წლის მანძილზე, პროექტის წარმატება საზოგადოების კონსოლიდაციამ განაპირობა:

„პროექტის „იზრუნე მომავალზე“ მეოთხე ტალღა უკვე დასრულდა და წელს 161 313 ლარი შეგროვდა. მინდა გითხრათ, რომ ამ ოთხი წლის მანძილზე, ეს პროექტი მზრუნველობამოკლებული მოზარდების გაძლიერების გზით, საზოგადოებაში მათ ინტეგრაციას უწყობს ხელს. მთლიანობაში, მიმდიანრე წელს, 166 მოზარდის ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალა“.
ასოციაცია „ჩვენი სახლი - საქართველოს“ ფსიქოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელმა მანანა ომარაშვილმა განაცხადა, რომ განვლილი ოთხი წლის მანძილზე, პროექტი „იზრუნე მომავალზე“, ბიზნესისა და არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივი და ნაყოფიერი მუშაობის აშკარა მაგალითია. მისი თქმით, როგორც წესი, ცალკეული ბიზნეს-კომპანიები დამოუკიდებლად ახორციელებენ სხვადასხვა საქველმოქმედო პროექტებს, თუმცა კომპანია „ნატახტარი“, მზრუნველობამოკლებული მოზარდების დასახმარებლად, თავიდანვე ენდო არასამთავრობო ორგანიზაციას:
„წელს, 166 მზრუნველობამოკლებული მოზარდიდან, 61 მათგანი უკვე დასაქმდა, 10 სტუდენტი გვყავს, რომლებიც სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობენ, 54 მოზარდი კოლეჯში სწავლობას და მათთვის სასურველ ხელობას ეუფლება. ჩვენ ისეთი სტუდენტებიც გვყავს, რომლებიც პარალელურად, ხელობასაც სწავლობენ, რათა დამოუკიდებელი ცხოვრება უფრო მალე დაიწყონ. ამ ხნის მანძილზე, მიღწევაა ის, რომ გაცილებით მეტი წარმატებული ისტორია გვაქვს, რადგან მზრუნველობამოკლებულ მოზარდებთან მიზანმიმართული მუშაობის შედეგად, სასურველ შედეგს ვიღებთ. რაც შეეხება კონკრეტულ სპეციალობებს, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები ტურიზმის, ჟურნალისტიკის, ფსიქოლოგიის ფაკულტეტებზე სწავლობენ, ორი მათგანი იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობს, ერთი საჯარო მმართვლობას ეუფლება, ერთი კი მომავალი აგრონომი გვეყოლება“.
მანანა ომარაშვილის განმარტებით, კოლეჯის მოსწავლეები ძირითადად, სტილისტისა და ავტოშემკეთებლის პროფესიებს ეუფლებიან. თუმცა მზრუნველობამოკლებული მოზარდები სპეციალობებს ფსიქოლოგების დახმარებით ირჩევენ. თავის მხრივ, ფსიქოლოგთა გუნდი ბაზრის მოთხოვნებს ითვალისწინებს, რათა ამ მოზარდებმა უფრო ადვილად დაიწყონ მუშაობა და დამოუკიდებელი ცხოვრება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100