მცირემხედველი და უსინათლო ადამიანებისთვის ინფორმაციული ტექნოლოგიების სწავლების პროგრამა შეიქმნა

თბილისი, 16 დეკემბერი, 2014 – ფონდი „სიცოცხლის ხის“ დაფინანსებით, ორგანიზაციამ „ახალგაზრდული მოძრაობა თანაბარი შესაძლებლობებისათვის“ შექმნა მცირემხედველი და უსინათლო ადმიანებისთვის ინფორმაციული ტექნოლოგიების სწავლების პროგრამა. პროექტის ფარგლებში ასევე შეიქმნა სპეციალური ვებპორტალი (www.cvd.ge). ადაპტირებულ ვებპორტალზე განთავსებულია სპეციალური კომპიუტერული პროგრამები, ელექტრონული წიგნები და სხვადასხვა საინტერესო მასალები, მცირე მხედველთათვის და უსინათლოთათვის ხელმისაწვდომი ფორმით. აქვე განთავსებულია ფორუმიც, რისი საშულებითაც უსინათლო ადამიანებს და არა მარტო მათ შესაძლებლობა ექნებათ ისაუბრონ მათთვის საინტერესო თემებზე. პროექტის მიზანს წარმოადგენს უსინათლოებისთვის საინფორმაციო ტექნოლოგიების შესწავლის ხელშეწყობა მათთვის ხელმისაწვდომი ფორმით. პროექტის ფარგლებში ასევე შეიქმნა, ხმოვანი სინთეზატორის სახელმძღვანელო, რომელიც გამოიცა ბრაილის შრიფტით და გაკეთდა სახელმძღვანელოს აუდიო ვერსიაც, რათა უსინათლოებმა სმენით შეისწავლონ კომპიუტერული პროგრამები. პროექტის შედეგად შექმნილი სახელმძღვანელო 202-ე უსინათლოთა სკოლა-პანსიონში დაინერგება, როგორც დამატებითი სახელმძღვანელო, ასევე მოხდა ამავე სკოლის ინფორმატიკის პედაგოგების გადამზადება შექმნილი სახელმძღვალოს მიხედვით.

ფონდმა „სიცოცხლის ხე“ მიმდინარე წელი შეაჯამა, ფონდმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად 2013 წელს ორი საგრანტო კონკურსი გამართა, რომელთა ფარგლებშიც დააფინანსა 26 პროექტი. ჯამში, 2013 წლის განმავლობაში 1 600 000 ლარამდე თანხა დახარჯა, განათლების, გარემოს დაცვის და შშმ ბავშვების მხარდასაჭერად. ფონდმა ასევე, ინდვიდუალური პირების 13 სხვადასხვა პროექტი განახორციელა და 300 შშმ ადამიანს ეტლი გადასცა.

###

„სიცოცხლის ხის“ ფონდის შესახებ

ფონდი „სიცოცხლის ხე“ საქართველოს წამყვანი ბანკის, საქართველოს ბანკის მიერ 2008 წელს დაარსებული საქველმოქმედო ფონდია. ფონდის მიზანია მხარდაჭერა გაუწიოს საქართველოს საზოგადოებისთვის აქტუალურ საკითხებს და ხელი შეუწყოს ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნას. ფონდის პრიორიტეტები ყალიბდება საზოგადოებრივი საჭიროებებიდან გამომდინარე და სხვადასხვა დროს მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულთა მხარდაჭერა, მზრუნველობა მოკლებული ბავშვების მხარდაჭერა, გარემოს დაცვა. ფონდს აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს ბანკის პარტნიორები და ინვესტორებ. ფონდიდან თანხების მიზნობრივად ხარჯვას კი ზედამხედველობას უწევს ბანკის მიერ ჩამოყალიბებული მონიტორინგის სამსახური, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციებთან. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.foundation.ge


კომენტარი