სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„არემჯის“ საკითხის გადაწყვეტა სახელმწიფოს პრესტიჟის საკითხია

„არემჯის“ პრობლემის გადაწყვეტა არა კომპანიის, ან კულტურული მემკვიდრეობის დამცველების საქმე, არამედ სახელმწიფოს პირდაპირი მოვალეობაა. ეს სახელმწიფოს პრესტიჟის საკითხია - ან ვეუბნებით, რომ ბოდიში, აქ კულტურული მემკვიდრეობა აღმოჩნდა და უკან გიბრუნებთ ლიცენზიაში გადახდილით ასობით მილიონ ლარს, ან პასუხისმგებლობას ვიღებთ იმაზე, რომ თქვენ ბიზნესის წარმოებას შეძლებთ, - მიაჩნია ექსპერტს ეკონომიკის საკითხებში და გეოლოგს სანდრო თვალჭრელიძეს.

ის ფიქრობს, რომ გამოუვალი მდგომარეობები არ არსებობს და მისი პირადი და მსოფლიო პრაქტიკაც მიუთითებს, რომ ყველა პრობლემის მოგვარება შესაძლებელია. „აზერბაიჯანში გვქონდა შემთხვევა, როცა წიაღისეულის საბადო კერძო საკუთრებაში არსებულ მიწაზე აღმოჩნდა და მიუხედავად ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებებისა, შეთანხმება შედგა“, - აცხადებს თვალჭრელიძე და ამბობს, რომ „არემჯის“ შემთხვევაშიც უამრავი გზა არსებობს, რაც კულტურულ მემკვიდრეობასაც ხელუხლებელს დაიცავს და „არემჯისაც“ ექნება მუშაობის გაგრძელების საშუალება.

„ერთ-ერთი გზაა, რომ ყაჩაღიანში მოძიებული არტეფაქტების გადატანა მოხდეს მუზეუმში, როგორც არაერთხელ მომხდარა მრავალი ქვეყნის შემთხვევაში“, - ამბობს ექსპერტი.

ის ასევე აცხადებს, რომ 1,5-2 წლის წინათ, მაშინდელი კულტურის მინისტრის, გურამ ოდიშარიას მიერ ყაჩაღიანის საბადოს შესასწავლად შექმნილი სახელმწიფო კომისიის წევრია და მაშინ ჩატარებული სამუშაობით გაირკვა, რომ ყაჩაღიანში ოქროს მაღაროს კვალი არაა, შესაძლოა ეს იყოს სპილენძის მაღაროს კვალი და ასევე ცალსახად ფიქსირდება ადამიანის კვალი.„თავის დროზე, 2006 წელს, როდესაც ყაჩაღიანის საბოდოსთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის აღდგენა მოხდა, ეს აფიორის შედეგია. საქართველოში ძეგლებისთვის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭება საბჭოთა პერიოდში მოხდა, შესაბამისი კანონით, რომელსაც ძეგლების ნუსხა ერთვოდა თან. შემდეგ 1999 წელს, ეს კანონი შეიცვალა, თუმცა ნუსხის დართვა არ მომხდარა. უკვე 2006 წელს, როცა იმდროინდელმა კულტურის მინისტრმა გოკა გაბაშვილმა ახალი ნუსხა დაამტკიცა, ყაჩაღიანის საბადო იქ ჩუმად მიაწერეს, არავინ იცის რა მოტივით და ვისი ინიციატივით მოხდა ეს“, - აცხადებს სანდრო თვალჭრელიძე.

„არემჯი“ ახლა ელოდება გადაწყვეტილებას, მისცემენ თუ არა უფლებას, რომ ოპერირება განახორციელოს ყაჩაღიანის უბანზე, სანდრო თვალჭრელიძე ამბობს, რომ ყაჩაღიანის უბნის დამუშავების გარეშე, ოქროს მიპოვება „არემჯისთვის“ ეკონომიკურად გაუმართლებელია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100