სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მსოფლიო დაზოგვის დღე საქართველოში მესამედ აღინიშნება

მსოფლიო დაზოგვის დღეს საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები წელს უკვე მესამედ აღნიშნავენ.

დაზოგვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 31 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნულ ბანკში გამართული პრესკონფერენციით დაიწყება. ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული ბანკი, გერმანული შემნახველი ბანკების ფონდი საერთაშორისო თანამშრომლობისთვის და 8 ქართული კომერციული ბანკი: ლიბერთი ბანკი, საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, ბანკი ქართუ, ვითიბი ბანკი, ბანკი რესპუბლიკა, ბაზისბანკი და პროკრედიტ ბანკი.

წელს დაზოგვის დღე მასშტაბურად აღინიშნება თბილისსა და ქუთაისში. ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის განკუთვნილი ღონისძიება ქ. თბილისში, რიყის პარკში 1 ნოემბერს, ხოლო ქ. ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე, ლ. მესხიშვილის თეატრის წინ 2 ნოემბერს გაიმართება. ბავშვებს კომპანია ,,მულტი პულტის სამყარო“ ორივე ქალაქში 14:00 საათიდან უმასპინძლებს სპეციალური გასართობი პროგრამით, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ცეკვა–თამაშებს, შეჯიბრებებს, გამოცანებს, იუმორისტულ და შემეცნებით ნაწილს. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება მონაწილე ყველა კომერციული ბანკი.

ლიბერთი ბანკი ღონისძიებაზე მისულ ბავშვებს დაურიგებს სხვადასხვა სახის საჩუქრებს, გაავრცელებს ბროშურებს, ასევე, ბანკის ფილიალებში, ბანკომატებზე, ვებ გვერდზე და სოციალურ ქსელში განათავსებს ვიდეოს მსოფლიო დაზოგვის დღის ქართულ სიმბოლოს - ,,გროვიას“მონაწილეობით.

მოქმედებს სპეციალური ვებ-გვერდი www.grovia.com.ge, სადაც განთავსებულია ინფორმაცია როგორც დაზოგვის დღესთან დაკავშირებით, ასევე საბანკო პროდუქტებზე, მომსახურებებსა და ზოგადად, მომხმარებელთა უფლებებზე.

მსოფლიო დაზოგვის დღე მოსახლეობასა და კომერციულ ბანკებს შორის არსებული ბარიერის გადალახვის კარგი საშუალებაა. ეს დღე აამაღლებს ნდობას ფინანსური სექტორისადმი და მოუწოდებს ხალხს, დაზოგონ ფული ბანკებში.

მსოფლიო დაზოგვის დღეს დიდი ისტორია აქვს და მას 1925 წლიდან ბევრ ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავენ. დაახლოებით 90 წელია გერმანული შემნახველი ბანკები (ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში) აღნიშნავენ და ორგანიზებას უკეთებენ მსოფლიო დაზოგვის დღეს. მსოფლიო დაზოგვის დღე, ან მსოფლიო მომჭირნეობის დღე, როგორც მას ადრე უწოდებდნენ, დაარსდა მსოფლიო შემნახველი ბანკების ინსტიტუტის (WSBI) მიერ და ხალხს აწვდიდა სახლში დაგროვებული ფულის ბანკში შენახვის იდეას. 1925 წლიდან მოყოლებული დაზოგვის დღე ბევრ ქვეყანაში იქცა ყოველწლიურ ტრადიციად და დანაზოგების წახალისების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება.

შემნახველი ბანკების ფონდი საერთაშორისო თანამშრომლობისთვის (SBFIC) ახორციელებს პროექტს ,,დანაზოგების დაგროვება და ფინანსური შესაძლებლობები“ საქართველოსა და აზერბაიჯანში. პროექტის მხარდამჭერია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100