ჯგუფი „სოსიეტე ჟენერალი“ დაარსებიდან 150 წლის იუბილეს აღნიშნავს

წელს ჯგუფი „სოსიეტე ჟენერალი“ დაარსებიდან 150 წლის იუბილეს აღნიშნავს. იუბილე მთელ მსოფლიოში აღინიშნება: ჯგუფის წევრი ბანკები ამ მოვლენას სხვადასხვა საქმიანი და საზეიმო ღონისძიებით ზეიმობენ. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია სპორტული და სოლიდარობის პრინციპზე დაფუძნებული მასშტაბური ღონისძიება „მოქალაქეობრივი სოლიდარობის თამაშები 2014“. მასში ჯგუფის ყველა კოლეგას შეუძლია მონაწილეობის მიღება. თამაშები ამ დღეებში იწყება და 14 ივნისს, პარიზში, გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება. გუნდურობის და სოლიდარობის პრინციპები ჯგუფის მთავარი მიზნებია და კარგად გამოხატავს 150 წლის იუბილეს სულისკვეთებას.

ბანკი „რესპუბლიკა“, როგორც ჯგუფ „სოსიეტე ჟენერალის“ წევრი, უერთდება ამ ინიციატივას და თამაშებში თავისი რაგბის გუნდებით წარსდგება. გაზაფხულზე ბანკის თანამშრომლებს შორის საკვალიფიკაციო თამაშები ჩატარდება, გამარჯვებული გუნდი კი უცხოელ კოლეგებს საფინალო თამაშებზე პარიზში შეხვდება. მონაწილე გუნდები და მათი მხარდამჭერები ახალგაზრდა ადამიანების კარიერისა და განათლების ხელშესაწყობად თანხებს შეაგროვებენ.

კრისტიან კარმანიოლი, ბანკ „რესპუბლიკის“ გენერალური დირექტორი: „შემთხვევითი არაა, რომ გუნდური სულისკვეთება ჩვენი უმთავრესი ღირებულებაა. ჩვენ ვიცით, როგორ დავდგეთ ერთად და როგორ გამოვიჩინოთ თანადგომა. ამ 150–მა წელმა აჩვენა, რომ ჩვენ სირთულეების გადალახვის სხვებზე დიდი უნარი შეგვწევს. ჩვენ ყოველთვის გვწამდა, რომ გუნდის ძლიერება მხოლოდ ამ გუნდის წევრების ინდივიდუალურ ტალანტებს არ ემყარება. როგორც ჩვენი ლოგო ადასტურებს, მას უპირველესად ერთიანი სულისკვეთება განაპირობებს. ამ მნიშვნელოვან ზეიმზე ჩვენ კიდევ ერთხელ, სიკეთის კეთებით ვაჩვენებთ ჩვენს მდგრადობას, ძლიერებას, თანადგომის უნარს და გუნდურობას, თან განვაგრძობთ ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელის შეწყობას.“

„სოსიეტე ჟენერალი“ 1864 წელს, საფრანგეთის ეკონომიკის განვითარების მიზნით შეიქმნა. ეს მაშინდელი ინდუსტრიული რევოლუციის ნაწილი იყო. მას შემდეგ, უკვე 150 წელია, ჯგუფი გამოირჩევა ნოვატორობით, მწარმოებლური სულისკვეთებით, საქმიანობის განვითარებით და კლიენტთა მომსახურებით. ჯგუფის ისტორია მჭიდროდაა დაკავშირებული ეკონომიკურ ზრდასთან, ასევე, იმ ბიზნესის განვითარებაში მიღწეულ პროგრესთან, რომელთაც ბანკი წარმატებით ემსახურებოდა როგორც საფრანგეთში, ისე საზღვარგარეთ. ძნელბედობის ჟამს ჯგუფმა საკმაოდ დიდი გამძლეობა გამოიჩინა: გადალახა ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისები, გაუმკლავდა შორეული და ახლო წარსულის შეტევებსა და ფინანსურ აფერებს.

ადრეული პერიოდიდანვე, „სოსიეტე ჟენერალის“ ფოკუსი ინვესტიციები და ეკონომიკური განვითარება იყო. მისი ხელშეწყობით შეიქმნა საფრანგეთის წამყვანი ინდუსტრიული და ეკონომიკური ჯგუფები. მისი მეშვეობით დაფინანსდა ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც თანამედროვე მსოფლიოს სიმბოლოებად იქცა: პარიზის მეტროპოლიტენი, საფრანგეთის და საერთაშორისო სარკინიგზო ხაზები, პანამის არხი, სუეცის არხი და ეიფელის კოშკი. ბანკი ადრეული პერიოდიდანვე საერთაშორისო ბაზარზე გასვლას ესწრაფოდა და თავიდანვე ნოვატორული თვისებებით გამოირჩეოდა. იგი პირველი იყო, ვინც საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციების დაფინანსება დაიწყო და მე–19 საუკუნიდან მოყოლებული, ფრანგულ კომპანიებს საექსპორტო ოპერაციების დროს თან ახლდა.

დღეს „სოსიეტე ჟენერალი“ გლობალური, სოლიდური, უნივერსალური ბანკია, რომელიც დაუღალავად იშრომებს და დააჯერებს კლიენტებს, რომ მათთან ერთად იქნება ენერგიულად და ფხიზლად. ჯგუფის ჰორიზონტი ღია მსოფლიოა, რომელშიც იგი ეკონომიკის მონაწილეებს ერთმანეთთან აკავშირებს; მსოფლიო, რომელიც ბანკის დახმარებას მოითხოვს ზრდის ეფექტიანად დაფინანსებაში, დანაზოგების იქით მიმართვაში, სადაც ისინი ინვესტირების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად იქნება გამოყენებული. ბოლო წლებში საბანკო სისტემის საფუძვლიანი ტრანსფორმაციის, ასევე იმ გამოწვევებისა და სირთულეების მიუხედავად, რომლებიც ჯგუფმა გამოიარა, საბანკო ბიზნესი მაინც ურთიერთობებზე დაფუძნებული ბიზნესია. საბანკო საქმიანობა ნიშნავს შუამავლის როლის ბოლომდე გააზრებას და კლიენტებთან ნდობაზე დამყარებული პარტნიორობის შენარჩუნებას.

ფრედერიკ უდეა, „სოსიეტე ჟენერალის“ თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი: „150 წლის იუბილე მხოლოდ წარსულს არ ეძღვნება. ის აჩვენებს, თუ რაზეა აგებული ჩვენი იდენტობა, ჩვენი ძალა, ჩვენი საუკეთესო თვისებები, რომლებიც მომავლისკენ გაგვიძღვება; გაგვიძღვება იმავე მწარმოებლური ენერგიით, როგორიც ჩვენი ჯგუფის დამფუძნებლებს ჰქონდათ. ჩვენი ისტორია, უპირველესად, ერთგვარი მოგზაურობაა ბიზნესის სამყაროში, რასაც ჯგუფის დამფუძნებლების მიერ შერჩეული სახელწოდებაც ადასტურებს: „სოსიეტე ჟენერალი, ბიზნესისა და ინდუსტრიული ზრდის ხელისშემწყობი“. „სოსიეტე ჟენერალი“ ყოველთვის იყო მეწარმეთა ბანკი, რომელიც სხვა მეწარმეებს ემსახურებოდა. ერთად მუშაობა იმ ღირებულებების საფუძველზე, რომლებიც ყოველთვის ჩვენს ძლიერებას წარმოადგენდა – ეს არის ის, რაზეც გვინდა, ყურადღება გავამახვილოთ 150 წლის იუბილეზე. მწარმოებლური და გუნდური სულისკვეთება, ნოვატორობა – ეს ისტორიულად ძლიერი მხარეები გვაძლევს საფუძველს, განვაგრძოთ სვლა მომავლისკენ. ამას ემატება ჩვენი ინდივიდუალური და კოლექტიური პასუხისმგებლობა. ეს ჩვენი კლიენტების სამსახურში ყოფნის მუდმივი ვალდებულებაა.“

ბანკი „რესპუბლიკა“

ბანკი „რესპუბლიკა“ 2006 წლიდან ჯგუფ „სოსიეტე ჟენერალის“ წევრია. იგი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საბანკო ინსტიტუტია. ბანკი 1991 წელს დაარსდა და საცალო და კორპორაციულ ბაზარზე ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. თავისი უნივერსალური ბიზნესმოდელით ბანკი „რესპუბლიკა“ კლიენტების საიმედო, გრძელვადიანი ფინანსური პარტნიორია. ბანკს ქვეყანაში 38 ფილიალი აქვს, სადაც კლიენტებს მარტივ, სწრაფ, ინოვაციურ პროდუქტებს და უმაღლესი ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ. ყოველწლიურად, ბანკ „რესპუბლიკის“ 1000–მდე თანამშრომელი 225,000–ზე მეტ კლიენტს ემსახურება.

ვებგვერდი:www.br.ge

სოსიეტე ჟენერალი

„სოსიეტეჟენერალი“ ერთ-ერთი მოწინავე ევროპული საფინანსო ჯგუფია. უნივერსალური, დივერსიფიცირებული საბანკო მოდელი წარმატებით უთავსებს ერთმანეთს ჯგუფის ფინანსურ სიმტკიცეს და განვითარების მდგრად სტრატეგიას. „სოსიეტეჟენერალის“ საბოლოო მიზანია, იყოს „ურთიერთობებზე ორიენტირებული“ ბანკი, ბაზრის აღიარებული ლიდერი, მაქსიმალურად დაუახლოვდეს მომხმარებელს და გამოირჩეოდეს უმაღლესი დონის პროფესიონალიზმითა და მომსახურების ხარისხით. მსოფლიოს 76 ქვეყანაში 154 000-ზე მეტი თანამშრომელი ყოველდღიურად 32 მილიონ კლიენტს ემსახურება. „სოსიეტე ჟენერალის“ თანამშრომლები ფიზიკურ პირებს, კორპორაციებს და ორგანიზაციებს საბანკო და საკონსულტაციო მომსახურებას უწევენ.

ვებგვერდი:www.societegenerale.com

კომენტარი