სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

განათლების სამინისტროს განმარტება ხაიშის აქციაზე მოსწავლეების მონაწილეობასთან დაკავშირებით

მეორე დღეა, ხაიშის მაცხოვრებელთა გარკვეული ჯგუფი აზომვით სამუშაოებს აპროტესტებს, რომელიც დაურეგისტრირებელი მიწების მოსახლეობის საკუთრებაში გადაცემას ემსახურება. დღეს მათ პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართეს და ჯვარი-მესტიის დამაკავშირებელი ცენტრალური ავტომაგისტრალი ლოდებით ჩახერგეს.

ხაიშის მოსახლეობის იმ ნაწილს, რომლებიც მეორე დღეა საპროტესტო აქციებს აწყობენ, დღევანდელ აქციაზე სკოლის მოსწავლეებიც შეუერთდნენ.

ამ ფაქტს არც ხაიშის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი პასიკო გულედანი უარყოფს:

"ჩვენ არ გვკითხეს ბავშვებმა, ისე წავიდნენ აქციაზე. მე არავინ გამიშვია სკოლიდან. ჩემი აზრით, ბავშვები ჯერ უნდა დაესწრონ გაკვეთილებს და მერე დაესწრონ აქციას. პირადად მე, სასტიკი წინააღმდეგი ვარ გაკვეთილების გაცდენის.

ზომებიც მივიღე, მათ მშობლებს დავურეკე და თვითონ ბავშვებსაც ვუთხარი, რომ სასწრაფოდ დაბრუნდნენ სკოლაში."

ნანა აფციაური, ხაიშის საჯარო სკოლის სამეურნეო ნაწილის გამგე:

"ბავშვები რომ აქციაზე იყვნენ, ეს გახლავთ არასწორი ინფორმაცია. სულ სამი ბავშვი იყო აქციაზე მისული და მშობლებმა დაურეკეს, სასწრაფოდ სკოლაში დაბრუნდითო. ეგ იყო და ეგ. სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს და ყველა მოსწავლე სკოლაში იმყოფება. კატეგორიულად ვაცხადებ, რომ არც ერთ მასწავლებელს აღნიშნულ აქციაზე არც ერთი ბავშვი არ წაუყვანია.

ჩემს პოზიციას კი ყველგან საჯაროდ და ღიად დავაფიქსირებ. ხუდონჰესი არ უნდა აშენდეს! ყველანაირად წინ აღვუდგებით ამ მშენებლობას და საჭირო თუ გახდა თავსაც შევაკლავთ! მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ კანონს არ ვარღვევთ, სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს."

ზურაბ ნიჟარაძე, პედაგოგი, ხაიშის რწმუნებულის მოადგილე: "ამჟამად მე თბილისში ვიმყოფები, თუმცა ჩემთვის ცნობილია, რომ ხაიშში აქცია დილიდან მიმდინარეობს. მოსახლეობა უარს აცხადებს მიწების აზომვაზე შემდგომი შეფასების მიზნით. ადგილობრივი მოსახლეობა გამოვიდა ამ ინიციატივით.

სიტუაცია არა მგონია, იმ დონემდე გართულდეს, რომ სასწავლო პროცესი ჩაიშალოს. ახლა გადავამოწმე ეს ინფორმაცია და როგორც მითხრეს მხოლოდ 2 მოსწავლე იმყოფება აქციაზე და მათ ახლავე დააბრუნებენ გაკვეთილებზე. მე არა მხოლოდ რწმუნებულის მოადგილე, არამედ პედაგოგიც ვარ და ამას არ დავუშვებ! გუშინდელ აქციას სკოლის მოსწავლეები შეუერთდნენ, ეს სიმართლეა, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ აქცია გვიანობამდე გაგრძელდა და უფროსკლასელები გაკვეთილების დასრულების შემდეგ მოვიდნენ აქციაზე. სასწავლო პროცესი არ ჩაშლილა, ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ.

ჩვენ მიწების აზომვის წინააღმდეგნი არ ვართ. შარშან მოვითხოვეთ, რომ დაგვექირავებინა რომელიმე კომპანია და მოსახლეობა გადაიხდიდა აზომვის საფასურს. ჩვენ უბრალოდ წინააღმდეგნი ვართ მიწის აზომვის შემდგომი შეფასების მიზნით."

მიმოზა ჭკადუა ხაიშის საჯარო სკოლის ბუღალტერი: "რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მხოლოდ მოსწავლეების ნაწილი იმყოფება აქციაზე. ყოველ შემთხვევაში, ჩემი აზრით, სასწავლო პროცესის დროს ეს ნამდვილად არ არის მიზანშეწონილი. ამ პროცესს განათლების სამინისტრო უნდა აკონტროლებდეს. აქციაზე ბავშვები სავარაუდოდ, საკუთარი სურვილით მიდიან."

განათლების სამინისტროს განმარტებით, სასწავლო პროცესის დროს არავის აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს აქციებში. სამინისტროში ასევე ადასტურებენ, რომ მაღალი კლასის მოსწავლეები იღებენ აქციებში მონაწილეობას, მაგრამ ისინი აქციებზე სასწავლო პროცესის შემდეგ მიდიან.

"ჩვენ მითითება მივეცით ადგილობრივ რესურსცენტრს, რომ ყურადღებით დააკვირდნენ პროცესს და არავითარ შემთხვევაში არ დაუშვან სასწავლო პროცესის ჩაშლა. ასეთი რამ არ მომხდარა, მაგრამ თუკი მოხდება, შესაბამის ზომებს მივმართავთ კანონის ფარგლებში. იმ შემთხვევაში, თუ გაირკვევა, რომ საგაკვეთილო პროცესის დროს ამას მობილიზაციას უკეთებს სკოლის პედაგოგი, მას გამოეცხადება საყვედური." _ აცხადებენ განათლების სამინისტროში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100