საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა "ხუდონჰესის" მშენებლობის თემაზე დისკუსია გამართეს

დღეს, 16 იანვარს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტების შეხვედრა- დისკუსია , მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტ "ხუდონჰესზე".

შეხვედრა გაიმართა სტუდენტური მოძრაობა "ხუდონი უნდა აშენდეს" ინიციატივით და ორგანიზებით. დისკუსიის მსვლელობისას სიტყვით გამოვიდნენ ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი გია არაბიძე და ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ირაკლი ლექვინაძე.

შეხვედრაზე სტუდენტებმა და ექსპერტებმა მიმოიხილეს "ხუდონჰესის" პროექტის ენერგეტიკული და ეკონომიკური ასპექტები და განიხილეს ის სარგებელი, რომელსაც საქართველო პროექტის განხორციელების შედეგად მიიღებს. გამართულ ღონისძიებაზე სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ დაესვათ მათთვის საინტერესო შეკითხვები და მიეღოთ ამომწურავი პასუხები.

"მე ვფიქრობ ხუდონის პროექტი არის ერთგვარი გადამწყვეტი პროექტი, რომელმაც სტიმული უნდა მისცეს ახალ ინვესტორებს. აღნიშნულის გათვალისწინებით საქართველოში არა მარტო ხუდონჰესი, არამედ ძალიან ბევრი ჰესი უნდა აშენდეს. ამ პროექტის სარგებლიანობა რამდენჯერმე აღემატება იმ დანაკარს, რომელიც შეიძლება მიმდებარე ტერიტორიების დატბორვამ გამოიწვიოს. ჩემი აზრით, ხუდონის მშენებლობა ეს არის რაციონალური გადაწყვეტილება ქვეყნის ეკონომიკისთვის და იმედი მაქვს, რომ ეს დისკუსია მშენებლობის სასარგებლოდ დასრულდება" - განაცხადა შეხვედრის მსვლელობისას ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ირაკლი ლექვინაძემ.

"ჩვენი გამოთვლებით, 2025 წლისთვის ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი თუ არ გახდა 50-60 მილიარდი აშშ დოლარის ექვივალენტი, ჩვენს ქვეყანას წინსვლა არ უწერია. იმისათვის, რომ 2010 წლისათვის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა გვქონდეს, ქვეყანას მინიმუმ 25 მილიარდი კილოვატსაათი ელექტროენერგია სჭირდება. ამ ციფრებს დაზუსტება აღარ უნდა. დღეისათვის ჩვენი ქვეყანა დაახლოებით 10 მილიარდ კილოვატსაათ ელექტროენერგიას აწარმოებს. აქედან 9 მილიარდამდე არის ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული. ჩემი აზრით, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ის პოტენციალი, რაც აქვს საქართველოს ჰიდროენერგიას და მაქსიმალურად ავითვისოთ ის" - განაცხადა გია არაბიძემ.

სტუდენტური მოძრაობა "ხუდონი უნდა აშენდეს" ჩამოაყალიბეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის , ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტებმა.

"მოძრაობის ჩამოყალიბების შემდეგ ჩვენს რიგებს უკვე შეუერთდა ასეულობით სტუდენტი. მოძრაობის წევრები გახდნენ არა მარტო სტუ-ს ენერგეტიკოსები, არამედ სხვა ფაკულტეტის სტუდენტებიც. უფრო მეტიც, ჩვენს მოძრაობას ასევე შეუერთდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თსუ-ს სტუდენტები" - განაცხადა მოძრაობის ლიდერმა, მიხეილ კირცხალიამ.

სტუდენტებმა აღნიშნული შეხვედრა პოზიტიურად შეაფასეს. მოძრაობის წევრები მსგავსი ტიპის ღონისძიებების გამართვას მომავალშიც აპირებენ.

კომენტარი