სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ექსპერტები ხუდონჰესის პროექტის მნიშვნელობას აფასებენ

რას ფიქრობენ ხუდონჰესის პროექტის შესახებ სხვადასხვა დარგის ექსპერტები და როგორია მათი არგუმენტები, ამის შესახებ კომენტარებს ენერგეტიკის და სამთო საინჟინრო დარგის წარმომადგენლები აკეთებენ.

სიმონ ბახტურიძე, ჰიდროენერგეტიკოსი: “ხუდონჰესის მშენებლობა მნიშვნელოვანია, მაგრამ აქ მთავარი ისაა, თუ როგორ უნდა აშენდეს. დღეს ელექტროენერგიის ნაწილი შემოდის გარედან, ანუ გვაქვს ენერგიის დეფიციტი, რის გამოც ქვეყნიდან გადის ვალუტა. ვალუტის გადინების გამო ბოლო თვეებში ლარის კურსი მნიშვნელოვნად დაეცა. ლარის გამტკიცების ერთ-ერთი საშუალება შიდა წარმოების გაზრდაა. ამასთან, ენერგოდამოუკიდებლობის გაზრდა პოლიტიკური პოზიციების გამტკიცების საშუალებას მოგვცემს. პოლიტიკურად დამოუკიდებლები რომ ვიყოთ, აუცილებელია გვქონდეს საკუთარი ელექტროენერგია. ხუდონჰესი უნდა აშენდეს, მაგრამ აქ საინტერესოა, როგორც უნდა აშენდეს ის, ძველი თუ ახალი პროექტით? ჩემი აზრით, გასული საუკუნის პროექტით ამ საუკუნეში ჰესი ვერ აშენდება. ამიტომ საჭიროა ცვლილება. შესაძლებელია მოხდეს პროექტის დამუშავება და პარამეტრები შეიცვალოს”.

ირაკლი გუჯაბიძე, სამთო ინჟინერი: “ხუდონჰესის მშენებლობა აუცილებელია და ვფიქრობ, რომ ის აშენდება კიდეც. ამ ჰესის მშენებლობა საქართველოს როგორც ჰაერი ისე სჭირდება. იმაზე საუბარი, რომ ჰესის მშენებლობა გარემოზე ცუდ ზეგავლენას მოახდენს, მხოლოდ ზღაპრებია და მეტი არაფერი. ხუდონჰესის მშენებლობა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის ხარისხს გაზრდის”.

თემურ არშბა, ჰიდროენრგეტიკოსი: „ხუდონჰესის იმ ნაწილის დაკონსერვება რომ მოხდეს, რაც უკვე აშენებულია, ქვეყანას ძალიან ძვირი დაუჯდება, თანაც ეს არაფერს არ მოგვცემს. ენერგეტიკული თვალსაზრისით ხუდონის აშენება ძალიან მნიშვნელოვანია, ორი წყალსაცავის ერთმანეთთან მუშაობა არის მომგებიანი. არ ვიცი, გადასახლების საკითხი როგორ მოგვარდება, მაგრამ იმაზე საუბარი, რომ ჰესის მშენებლობა ეკოლოგიას პრობლემას შეუქმნის, არასწორია. ეკოლოგიის კვლევა ჩატარებულია და შედეგიც დადებითია დადებული. ენგურმა რა ეკოლოგიური ზიანი მოუტანა რეგიონს? - არაფერი. ასევე არანაირ ზიანს არ მოუტანს ხუდონჰესი რეგიონს. ვფიქრობ, რომ პარამეტრები გადასახადია და ალბათ, ამაზე იზრუნებენ სპეციალისტები. ენერგეტიკისთვის რაც ბევრი ჰესი აშენდება, მით უფრო კარგი იქნება“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100