“მაგ ოპოზიციას ეს ერთი ფენოვანი მირჩევნია”

ამ გაგანია მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე, დღე ისე არ გაივლის, რომ ქალბატონმა ციალამ ორი-სამი კილოგრამი მზესუმზირა არ გაყიდოს. როგორც ქალბატონი ციალა ამბობს, მისი მზესუმზირა მომიტინგეებს შორის საკმაოდ პოპულარობით სარგებლობს. “კარგი მოხალულია შვილო და იმიტომ.
აქ უკვე მიცნობენ. მეც ვიცნობ ჩემ კლიენტებს. ადრე ვაგზალზე ვყიდდი “სემიჩკას”, მაგრამ რაც ეს გაუთავებელი არეულობა დაიწყო, აქეთ გადმოვედი. თავიდან გამიჭირდა, ვერ შევეგუე ამდენ ყაყანსა და კივილს.
არც ვაგზალზე იყო ნაკლები ხმაური, მაგრამ აქ ნამეტანია. რომ ჩაირთვებიან, აღარ გაჩერდებიან”, - აცხადებს ქალბატონი ციალა და დასძენს: “მაგათ უფროსებს როცა მოუნდებათ “სემიჩკა”, ვინმეს აგზავნიან და ისე ყიდულობენ”.
ქალბატონი ციალას მსგავსად, ბედს არც სიგარეტისა და ხაჭაპურის რეალიზატორები უჩივიან. მათი თქმით, ზოგჯერ ისეთი “შემოსევაა”, რომ გასაყიდიც აღარაფერი რჩებათ.
“ერთ-ორს ნისიადაც კი მივეცი ეს დასაწვავი სიგარეტი, მაგრამ ფული აღარ მომიტანეს. ერთხელ, თურმე, ნასვამ ბიჭებს ერთი გამყიდველისთვის სიგარეტები წაურთმევიათ. ტიროდა თურმე საწყალი. ჩვენ რომ ვინმე რამეს წაგვართმევს, როგორ უნდა შეერგოს? მაგათ დაეწვათ ფილტვები”, - რატომღაც საკმაოდ გაღიზიანებული იყო შავებში ჩაცმული ქალბატონი, რომელიც მიტინგის სიახლოვეს სიგარეტით ვაჭრობდა.
ქაბაბითა და ხაჭაპურით მოვაჭრეები კი ხალხში დადიოდნენ და მომიტინგეებს საკუთარ პროდუქციას სთავაზობდნენ.
- კარგად იყიდება?
- არაუშავს, როცა ხალხია კი, როცა არადა – არა.
- ცნობილი ადამიანებიც ყიდულობენ თქვენ პროდუქტს?
- რა ვიცი აბა. ვინ არი ცნობილი? ტელევიზორს მე არ ვუყურებ და ვინც უნდა ის იყოს, გინდა ნაცნობი და გინდა უცნობი, იყიდოს და...
- რაო რას ითხოვენ ეს მომიტინგეები?
- რას და სააკაშვილო წადიო.
- მერე უნდა წავიდეს თუ უნდა დარჩეს?
- მაგათ რო შეეკითხო უნდა წავიდესო, ასე აცხადებენ, მაგრამ ეგ ოპოზიციონერები რა, ანგელოზები არიან? თავად წავიდნენ აბა, თუ კაია. ჩვენისთანებისთვის ეგენი არ არიან. მაგ ოპოზიციას ეს ერთი ფენოვანი მირჩევნია”.
“დრონი. ჯი” მოწყალების ერთ-ერთ მთხოვნელსაც გაესაუბრა. როგორც მოწყალების მთხოვნელი აცხადებს, ხალხი მას ხურდას ჩუქნის, მაგრამ როცა ერთხელ ბურჯანაძე დაინახა, ვიღაც კაცმა მასთან მიახლოვების საშუალება არ მისცა და არც ხურდა აჩუქა.
“მინდოდა ბურჯანაძესთან მივსულიყავი და ჩემი გაჭირვება მომეყოლა, მაგრამ არ მიმიშვეს. წადი აქედანო – მითხრეს და მეც წავედი~.
მართალია, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის გარემოცვამ მოწყალება არ გაიღო, მაგრამ რუსთაველზე თავმოყრილი `წვრილი ბიზნესმენები~ მაინც ახერხებენ ლუკმა-პურის შოვნას.
რადიკალები ყოველ დღე იკრიბებიან და ახალ-ახალ მოთხოვნებს აყენებენ. მზესუმზირით, სიგარეტით, ხაჭაპურით მოვაჭრეები და მოწყალების მსურველები კი სწორედ იმ დროს ელოდებიან, როდესაც ხალხი რადიკალების მოსასმენად იკრიბება, რადგან ეს პერიოდი მათთვის ყველაზე სარფიანია. თუმცა, მათ მხოლოდ ერთი რამ “აღელვებთ” – ხალხის რაოდენობა სულ უფრო და უფრო იკლებსო – აცხადებენ სინანულით...

კომენტარი

×