სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა ღირს მანქანის „სახელობითი ნომრები“ საქართველოში და როგორია მათი ისტორია?

ე.წ. ოქროს ნომრები სქართველოში ძალიან მოდურია და „მარიაჟობის“ ერთ-ერთ უმაღლეს ფორმას წარმოადგენს. ავტომობილის სანომრე ნიშნით საკუთარი ფინანსური შესაძლებლობების დემონსტრირების მსურველ ქართველებს ეს სიამოვნება არც თუ ისე იაფი უჯდებათ.

როგორც მომსახურების სააგენტოში განმარტავენ სტანდარტული სანომრე ნიშნები (სამი ასოსგან შემდგარი სერია და 3 ნიშნა რიცხვი) „სამარიაჟო წყობით“ 150-დან 800 ლარამდე ღირს. ხოლო რაც შეეხება არასტანდარტულ სანომრე ნიშნებს (სასურველი სიტყვის, რიცხვის და მათი რაოდენობის მყიდველის მიერ შერჩევის შემთხვევაში) მათი ფასი 10 ათასი ლარი გახლავთ. თუმცა შეზღუდვა აქაც არის, სანომრე ნიშანზე განსათავსებელი სიტყვა ან რიცხვი (ან ორივე ერთად) არ უნდა მოიცავდეს 7 სიმბოლოზე მეტს. საქართველოში სანომრე ნიშანზე ასევე დაუშვებელია ლათინური ასოებისა და რიცხვების გარდა სხვა რაიმე სიმბოლოს დაწერა.

ბევრმა არ იცის, რომ ე.წ. ოქროს ნომერს საკმაოდ რომანტიული ისტორია აქვს. პირველი „სახელობითი ნომერი“ 1901 წელს გერმანელმა მამაკაცმა საჩუქრის სახით შეიძინა საკუთარი ცოლისთვის. „IA 1“ - ეს გახლდათ წარწერა მსოფლიოს ნომერ პირველ ფასიან ნომერზე. ი.ა. საჩუქრის ადრესატი ქალბატონის ინიციალები იყო, რიცხვი ერთი კი მიუთითებდა იმაზე, რომ ეს ქალბატონი ქმრისთვის პირველი და ერთადერთი სიყვარული გახლდათ.

სტატისტიკის თანახმად მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მანქანის სანომრე ნიშნებია:

1) 2008 წელს არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გაცემული სანომრე ნიშანი წარწერით 1 - რომელიც 5,2 მილიონ დიხრამად გაიყიდა (14,2 მილიონი აშშ დოლარი)

2) 2009 წელს დიდ ბრიტანეთში სანომრე ნიშანი წარწერით 1D – 513 ათას აშშ დოლარად გაიყიდა

3) 2006 წელს ბრიტანეთში სანომრე ნიშანი წარწერით M1 – 331,5 ათას ფუნდად შეიძინეს (500 ათასი აშშ დოლარი)

რაც შეეხება ზოგადად სანომრე ნიშანს, ავტომობილის პირველ ოფიციალურ სანომრე ნიშნად მიუნხენში 1899 წლის 14 აპრილს გაცემული ნომერი ითვლება. თუმცა ეს მაინც საკამათო საკითხია რადგან არსებობს მოსაზრება, რომ პირველი ნომერი 1893 წლის 10 ოქტომბერს პარიზში გაიცა. მესამე მოსაზრების თანახმად კი 1901 წელს ნიუ იორკში, მეოთხე მოსაზრების მიხედვით კი 1903 წელს ლონდონში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100