"თოვდა და თბილისს ებურა თალხი“... 1921 წლის „გაფითრებული თებერვლის ლანდი“

"თოვდა და თბილისს ებურა თალხი“... – 1921 წლის თებერვალი… საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი… არადა, საბჭოთა ქართველ ბავშვებს მთელი 70 წლის განმავლობაში ასწავლიდნენ, „თებერვალი საქართველოს გაზაფხულიაო“.

არც სიცოცხლის, არც სიკვდილის აღარა მაქვს ხალისი,
თებერვალმა დამიზამთრა სამუდამოდ მაისი!
გულზე სევდა შემომაწვა თავის მძიმე ლოდებით;
საქართველო გაიჟღინთა მაყაშვილთა გოდებით!“

…:"ჩემს თვალწინ სანიტარულ ეტლს დაეცა ყუმბარა და თვრამეტი წლის ქალწული, შროშანივით ნაზი არსება, ჭიანჭველასაც რომ არ გასრესდა ფეხით, ასეთმა ყუმბარამ აიტაცა და იმ ადგილზე მხოლოდ ადამიანის სხეულის ნამუსრევი ვიპოვნეთ მერე"…

თებერვალია და ძველი ჭრილობები თავს იჩენს…
თებერვალია და გავიხსენოთ მარო მაყაშვილი, 1921 წლის თებერვალში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას შეწირული ქალი რაინდი, რომელიც დრომ მოკლა და დრომ გააცოცხლა!

”დავიღალე… დავიჩაგრე… და შენი ვარ მხმობელი,
ჩემო გმირო და წმინდანო, გამამხნევე მშობელი,
სამშობლო თუ შენ რომელი, ახ, ვიტირო რომელი?..
დავდნი ცრემლად ორივესთვის, სხვათა ცრემლის მშრობელი”!

ეს კოტე მაყაშვილის გულიდან წამოსული სისხლის ცრემლებია, ცრემლები ახალგაზრდა, სათნო ქალიშვილის დაღუპვის გამო..

კოტე მაყაშვილსა და ცნობილი მწერლის, ეკატერინე გაბაშვილის ასულს, თამარს, 5 შვილი ჰყავდათ. მარო მაყაშვილი მათი პირმშო იყო. 1921 წელს, როდესაც თბილისს მე-11 არმია მოუახლოვდა, ქართველი ახალგაზრდების ყველაზე გულმხურვალე, რჩეული ნაწილი კოჯორ-ტაბახმელასაკენ დაიძრა, რათა საკუთარი მკერდით შეეკავებინა სამშობლოსაკენ მიმართული მტრის ტყვია. გამონაკლისი ამ მხრივ არც მაყაშვილების ოჯახი ყოფილა: ჯერ უფროსი ვაჟი, შალვა გაემართა ბრძოლის ველზე. სულ მალე კი, მშობლების ხვეწნა-მუდარის მიუხედავად, მაროც მის გზას დაადგა.

როცა ივანე ჯავახიშვილს სხვა გზა აღარ ჰქონდა, და როცა მთელი ახალგაზრდობა იმხანად საქართველოზე შემოსეულ ათასი ჯურის მტერს იყო უკვე შეწირული, – გამოვიდა და სტუდენტებს მიმართა, – ახლა სწავლის დრო არ არის, სწავლა მოიცდის, სამშობლოს სჭირდება დაცვაო. მაშინ თურმე მარო მაყაშვილმა სხვას დაათმობინა სიაში ადგილი, – შენ მერე ჩაეწერე, გინდა თუ არა, ახლა მე უნდა წავიდეო… ასე იყო აღზრდილი და იმიტომ…

“მე იქ უნდა ვიყო, სადაც იღვრება სისხლი და ცრემლი ჩემ თანამემამულეთაო” – ქალწულის ფარული ფიქრი ხომ მისივე დღიურიდან გამჟღავნდა: – “ღმერთო, რად დამბადე ქალად… მინდოდა ვყოფილიყავი მძლავრ და ჭკვიან კაცად!” – ეს 1919 წლის ზაფხულის ჩანაწერია; მასთან ერთად მოხალისეებად წავიდნენ ქეთო ჯაფარიძე, სუსანა ღამბაშიძე, სოფიო ჭრელაშვილი, ნათელა ერისთავი და სხვები. ...საყვარელო მამა! მე ჯერჯერობით კარგად ვარ. სულ ერთი პოზიციისგან 112 ვერსზე ვართ, მეორისგან 5 თუ 7-ზე. მტერი ჯერ შორს არის, ძალიან სცხებენ ჩვენები. ძალიან აღფრთოვანებულები არიან. ცოტა თხილი და თუ შესაძლებელია, რამე ტკბილეული გამოგზავნეთ... თავს გაუფრთხილდით. გკოცნით ბევრს. ისე არა ცივა. მოკითხვა ყველა ჩვენებს. ნუ გეშინიანთ. გავიმარჯვებთ სახელოვნად. შენი მარო.

ამ წერილიდან სულ რაღაც დღეების შემდეგ, მარო მაყაშვილის ლამაზი სიცოცხლე გამსკდარმა ყუმბარამ შეიწირა. ამ ამბის გამგები კოტე მაყაშვილი ერთ ღამეში გაჭაღარავებულა თურმე.

1921 წლის 23 თებერვალს, დღის 12 საათზე, ქაშუეთის ეკლესიის პირდაპირ მდებარე სამხედრო ტაძრის გალავანთან დაკრძალეს კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლებში გმირულად დაღუპული იუნკრები. მთელი თბილისი და საქართველო გლოვობდა არა მარტო უდროოდ დაღუპული შვილების, არამედ იმ საფრთხის გამოც, რომელიც ქვეყანას კარს მოსდგომოდა.მოგვიანებით, ზაქარია ფალიაშვილს ”დაისის” მთავარი გმირისთვის მარო სწორედ მაყაშვილების ასულის პატივსაცემად დაურქმევია. მისი სათნოება, ღვთისმოსაობა, კეთილშობილება ქართველ შემოქმედთათვის შთაგონების წყარო გამხდარა. მას ხშირად იხსენიებდნენ ნინოს, თამარის, ქეთევანის გვერდით, ”ქართველ ჟანა დარკსაც” ეძახდნენ მანამ, სანამ საქართველოში ბოლშევიზმი მოიკიდებდა ფეხს და კოჯორ-ტაბახმელას გმირების ხსენებაც კი საშიში არ გახდებოდა.

მარო მაყაშვილის დაკრძალვა ეროვნულ გლოვად იქცა. ქაშუეთის ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აღასრულა პანაშვიდი. თვით პირსისხლიანი ბოლშევიკებიც კი იმდენად შეაძრწუნა ამ საყოველთაო მდუმარე გლოვამ, რომ მისთვის ხელისშეშლა ვერავინ გაბედა... მერე იქვე, სამხედრო ტაძრის გალავანთან დაკრძალეს. დრომ კი ტაძარიც გააქრო და საფლავებიც.

ბრძოლის ველზე გმირულად დაეცნენ: მარო მაყაშვილი, ალექსანდრე ახვლედიანი, პლატონ დოლიძე, შალვა ერისთავი, პავლე იაკობაშვილი, ლევან კანდელაკი, ოთარ ლორთქიფანიძე, მიხეილ ლოლუა, ილია ჯანდიერი, იოსებ ჯანდიერი, არჩილ ჯანდიერი, გიორგი ანდრონიკაშვილი, გიორგი ზედგინიძე და სხვა ქართველი გმირები. ისინი გმირები იყვნენ და მათ მთელი საქართველო დასტიროდა.

„...ისე არა სცივა. მოკითხვა ყველა ჩვენებს. ნუ გეშინიათ, გავიმარჯვებთ სახელოვნად!“...

კომენტარი