საქართველოს პრეზიდენტი: „ნატოს მხრიდან ასეთი კრიტიკული ტონი არ მახსოვს“

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრაღაში ნატო-ს გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენთან გამართული შეხვედრის შესახებ ”რუსთავი 2”-ს ესაუბრა.

”სამწუხაროა, რომ გენერალური მდივანი კრიტიკული იყო. საქართველოს მიმართ ნატო-ს მხრიდან ასეთი კრიტიკული ტონი არ მახსოვს, რომელიმე სხვა ქვეყნის მიმართაც კი ასეთი ტონი იშვიათია. ვფიქრობ, რომ ეს დაფიქრების საფუძველს იძლევა. იმ პირობებში, როცა რამდენიმე წელია, ვმუშაობდით, რომ საქართველოში ნატო-ს სამხედრო კომიტეტი ჩამოსულიყო, გენშტაბის უფროს კალანდაძის ამ ბრალდებით დაკავებით, თავდაცვის მინისტრის კაბინეტში გამოძახებით, შემდეგ უკან გაყვანით და აყვანით... ეს ვიზიტი ჩაგვეშალა,” - ამბობს მიხეილ სააკაშვილი, - ახლა ნატო-ს გენერალურ მდივანს ველაპარაკე, რომ იქნებ, ვიზიტი გაზაფხულზე მაინც შედგეს. იქნებ დეკემბერში ნატო-ს მინისტერიალი არ ჩაიშალოს და იქ რაღაც პროგრესს მაინც მივაღწიოთ. თუ მაპი არა, ამ სიტუაციაში ეს გასაგებია, მაგრამ იქნებ პროგრესის სხვა სიგნალი წამოვიდეს.”

პრეზიდენტი ამბობს, რომ მან ახალ მთავრობას შანსი კიდევ ერთხელ მისცა. ”გენშტაბის უფროსი, როცა გარეთ გამოუშვეს, ის მოვიწვიე და გვინდოდა, ეს ინციდენტი გვერდზე მოგვეტოვებინა, თავი დაენებებიათ და იქნებ, ეს ყველაფერი არ ჩაშლილიყო. სამწუხაროდ, მათ ეს შანსი არ გამოიყენეს. ვფიქრობ, რომ ყველანი უნდა მივხვდეთ, რომ ეს საკითხები მთავრობასა და პრეზიდენტს შორის კინკლაობის თემა არ უნდა იყოს. საქართველოსთვის, ჩვენი ხალხის უსაფრთხოებისა და ჩვენი ხალხის პერსპექტივისთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ სამხედრო ალიანსს მიებას. პოლიტიკური დაპირისპირების ასპექტში ამის გადაყვანა არ შეიძლება,” - აცხადებს სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ახალ მთავრობას შეცდომები განგებ კი არ მოსდის, არამედ გამოუცდელობით. ”უცხოური ვიზიტებით ალბათ გამოცდილებას შეიძენენ. უცხოეთში პრემიერ-მინისტრის სიარულს მივესალმები. ვფიქრობ, ეს მისთვის ინფორმაციის მომცემი და სასარგებლო გამოდგება. ამ მთავრობის თითოეული წევრი საქართველოს ინტერესებს უფრო ნათლად დაინახავს,” - თქვა სააკაშვილმა.

კომენტარი