სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქეთი მელუა: „საქართველო მუდამ ჩემს გულშია“

დიდ ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ქეთი მელუა ოცნებობს, ჩაწეროს დისკი, სადაც თავმოყრილი იქნება ქართულ მოტივებზე შესრულებული სიმღერები. postimees.ru-სთვის მიცემულ ინტერვიუში მომღერალმა განაცხადა, რომ უნდა მაქსიმალურად დაკავდეს იეთი სიმღერების შექმნით, რომელთა მოსმენა სასიამოვნო ჟრუანტელს გამოიწვევს.

ინტერვიუს დროს ქეთი მელუამ ისაუბრა თავის ბოლო ალბომზეც, რომელიც სხვებისგან საორკესტრო შესრულებითაა გამორჩეული. მიმართულებიდან გადახვევა მომღერალმა იმით ახსნა, რომ მისი ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეპიზოდი სწორედ კლასიკურ მუსიკასთანაა დაკავშირებული.

„ექვსი წლის ვიყავი, როცა დედამ ჩემთვის „მთვარის სონატა“ დაუკრა. მახსოვს, შოკირებული ვიყავი - თითქოს მთელი სამყარო ჩემს თვალწინ გადაიშალა. სწორედ ამიტომ მომინდა განსხვავებული დისკის ჩაწერა, რადგან ორკესტრთან ერთად რამდენიმე წლის განმავლობაში გამოსვლის შემდეგ მივხვდი: სწორედ ეს იყო ის, რისი გადატანაც დისკზე მსურდა“.

ქეთი მელუამ განსაკუთრებული სითბოთი და ნოსტალგიით მის სამშობლოზე - საქართველოზე ისაუბრა:

„საქართველო ჩემო სამშობლოა და, ბუნებრივია, მუდამ ჩემს გულშია. თითქმის ყოველ ზაფხულს ვცდილობ, იქ თუნდაც მცირე დრო გავატარო. ჩემი ოჯახის ნაწილი დღესაც საქართველოში ცხოვრობს“, - აღნიშნა ქეთიმ და დაამატა, რომ მისი მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაში, საერთოდ, იმაში, რომ მუსიკოსი გახდა, ქართული გავლენა უდიდესია. მომღერალმა განსაკუთრებით ქართული ფოლკლორის გავლენაზე გაამახვილა ყურადღება.

საკუთარ შემოქმედებაზე საუბრის დროს ქეთი მელუამ განაცხადა:

„რა თქმა უნდა, ამ 10 წლის განმავლობაში ჩემი ხმაც და სიმღერაც უფრო სიღმისეული გახდა. ჩემი მუსიკა მუდამ ჩემს ცხოვრებას უკავშირდებოდა. სწორედ ახლა ვარ იმ სტადიაში, როცა უკვე უნდა ჩამოვაყალიბო და ავირჩიო ჩემი საბოლოო მიმართულება, რადგან ვთვლი, რომ უკვე გავიზარდე“.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100