სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

წმინდანების გამონათქვამები მიმტევებლობაზე

აბბა ისაია: სხვებს ყველაფერი მიუტევე, საკუთარ თავს კი ნურაფერს შეუნდობ.

წმინდა იოანე ოქროპირი: როდესაც მოყვასს წყენისათვის სამაგიეროს უხდი, მაშინ მას ღმერთი აღარ სჯის. თუკი მიუტევებ, მაშინ ღმერთი ან მას სჯის, ან შენ მოგიტევებს ცოდვებს.

წმ. ამბროსი მედიოლანელი: როდესაც სიკეთეს გვიკეთებენ, მადლიერების გრძნობით უნდა გვახსოვდეს იგი; ხოლო თუ ცუდად მოგვექცევიან, სიყვარულმა უნდა დაგვავიწყოს იგი.

წმ. ნილოს სინელი: ვისაც ეშმაკის ბოროტება ახსოვს, იგი ადამიანთა ბოროტებას არ იხსომებს. მაგრამ ეშმაკთან მშვიდობიანად თანაცხოვრობს ის, ვინც ძმის შეცოდებებს არ ივიწყებს.

დედა სინკლიტიკია: რატომ გძულს ადამიანი, რომელმაც გაწყენინა? მან კი არა, ეშმაკმა გატკინა გული, ავადმყოფი კი არა, ავადმყოფობა გძულდეს.

პროტოპრესვიტერი . სოკოლოვი: ცოდვები შეიძულე და არა ცოდვილი.

პროტოპრესვიტერი . ტოლმაჩოვი: ნამდვილი ქრისტიანული სიყვარული იმაში მდგომარეობს, რომ თავი შეიკავოს სამართლიანი შურისძიებისგანაც კი და იგი ღმერთს მიანდოს. „ჩემი არს შურისმიგებაбѓІ და მე მივაგო - იტყვის უფალი“ (რომ. 12, 19).

წმ. ეფრემ ასური: მიიღე სინანულით მოსული, როგორც უფლის გზავნილი, რათა ამით არ შეურაცხყო და განარისხო თავად ღმერთი.

წმ. იოანე ოქროპირი: რაც უფრო მეტად სცოდავს ვინმე ჩვენს წინაშე, მით მეტად უნდა ვესწრაფვოდეთ მასთან შერიგებას, რადგან ამისათვის უფრო მეტი ცოდვა მიგვეტევება.

ღირსი ისიდორე პელუსიოტი: მტერსაც უნდა შეურიგდე, თუკი იგი მშვიდობას გთხოვს. რადგან ვინც სხვას არ შეუნდობს, მას ვერ აცდება ღვთის სასჯელი.

წმ. იოანე ოქროპირი: შენდობის მიუცემლობით სხვას იმდენად ვერ ავნებ, როგორც საკუთარ თავს.

წმ. ნილოს სინელი: ნუ იტყვი: „მტერს სამაგიეროს მივუზღავ“, რადგან ზეცაში გყავს მართლმსაჯული.

წმ. მარკოზ მოსაგრე: ვინც საკუთარი თავის გამო შურს თვითონ იძიებს, იგი თითქოს ღმერთს განიკითხავს სამართლიანობის უქონლობის გამო.

ნეტარი ავგუსტინე: მოწყალების მრავალი სახე არსებობს, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია ღვთისაგან საკუთარი ცოდვების შენდობა მივიღოთ, მაგრამ მათგან ყველაზე მთავარი უფლის სახელით მიტევებაა.

მთავარეპისკოპოსი მაკარი: წყენა კი არ არის უბედურება, არამედ ის, რომ იგი სიძულვილს გვიჩენს მის მიმართ, ვინც გვაწყენინა და ჩვენი გულისთვის ნაცნობი ხდება სიძულვილის, ბოროტებისა და შურისძიების გრძნობა.

მთავარეპისკოპოსი მაკარი: მოყვასს წყენისათვის სანაცვლოს ნუ მიაგებ, არამედ მიუტევე, რამეთუ თვითონ საჭიროებ მიტევებას უფლისაგან.

მთავარეპისკოპოსი მაკარი: ვისაც სურს, მოვალეს მკაცრად მოჰკითხოს, ახსოვდეს, რომ თვითონაც ღმერთის მოვალეა.

მთავარეპისკოპოსი მაკარი: წყენის მიტევება უცილობელი პირობაა იმისა, რომ ღვთისაგან საკუთარი ცოდვებისთვის შენდობა მივიღოთ, შეუძლებელია მეორე პირველის გარეშე. „ნუ განიკითხავთ და არა განიკითხნეთ“ (ლუკ. 6, 37) - ბრძანებს უფალი.

წმ. ტიხონ ზადონელი: მიუტევე მოყვასს ასი ლეპტა, რათა უფალმა ტალანტების გროვა მოგიტევოს.

წმ. იოანე ოქროპირი: თუ მოყვასმა ძალიან გაწყენინა, რაც მეტს შეუნდობ, მით მეტად შენდობილი იქნები ღმერთისგან.

წმ. ანტონი დიდი: დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ.

წმ. ისააკ ასური: გახსოვდეს წყენა და ლოცულობდე - იგივეა, რაც ზღვაში დათესო და მოსავალს ელოდე.

აბბა ევაგრი: ძლიერი ქარი ღრუბლებს გადაყრის, ბოროტების ხსომა კი კეთილ გრძნობებს განდევნის სულიდან.

აბბა ისაია: მიმტევებლისათვის სამსჯავროც მიმტევებელი იქნება.

წმ. ეფრემ ასური: თუკი შენ არ პატიობ ყველას, ვინც კი შეგცოდა, მაშ მარხვასა და ლოცვაში ნუ დაშვრები... ღმერთი არ მიგიღებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100