სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პაოლო იაშვილის თვითმკვლელობიდან 76 წელი და იდეოლოგიურ რეპრესიებს შეწირული პოეტის განვლილი გზა...

პრეზიდიუმები "მოღალატეობრივ საქმიანობაზე", პოლიტიკური თუ იდეოლოგიური რეპრესიები და მზადება დიდი ტრაგედიისთვის... 1937 წლის 22 ივლისი.. მწერალთა კავშირი.. აკაკი ბელიაშვილის საქმე უნდა გაირკვეს, სადღაც თურმე ცუდად უხსენებია სტალინი. ბელიაშვილი შეშფოთებულია.იგი კატეგორიულად უარყოფს ბრალდებასდარბაზში სიჩუმეა, უცებ იქ მყოფი ადამიანებიდან ერთ-ერთი სიგარეტს უკიდებს, დგება და გარეთ გადის...

დარბაზში ისევ სიჩუმეა.
უეცრად სროლის ძლიერი ხმა გაისმის
ვინ გაისროლა, რა მოხდა?!
ორიოდე წუთი და დერეფნიდან ქალის კივილი ... “თავი მოიკლა, პაოლომ თავი მოიკლა!”

დიახ ეს პალო იაშვილი იყო, პოეტი, რომლის ტრაგედიით სულშეძრულ და აცრემლებულ მიხეილ ჯავახიშვილს უთქვამს: "ნამდვილი ვაჟკაცი ყოფილა, ყველას გვაჯობაო".
ირაკლი აბაშიძემ ვერაფრით მოინელა ეს ტრაგედია:
”ვწერ ამ სტრიქონებს, იქნებ სულმა იგრძნოს დაცხრომა,
იქნებ გათავდეს, შენზე ფიქრი აღარ მომინდეს;
ყურში არ რეკდეს იმ დღეს ჩვენზე ზეცის გაწყრომა,
ზაფრას გავექცე იმ დასაწვავ საღამოინდელს.
ახლა რად გვინდა განსჯა ყოვლის ამრევ-დამრევი:
სჯობდა, არ სჯობდა შენგან შენზევ თოფის გაწყობა?
იყო ნაბიჯი გარდუვალი თუ ნაჩქარევი,
იყო გაქცევა ის გასროლა თუ ვაჟკაცობა?“
დიახ ეს ადამიანი იმ ვაჟკაცთა რიგებში დგას, რომლის სახელის ხსენებაზე შეშინებული მშობლები თავიანთ შვილებს პირზე ხელს აფარებდნენ..
ნოდარ დუმბაძის პაოლოსადმი მიძღვნილ სიტყვაში ვკითხულობთ:
„მე იმ თაობას ვეკუთვნი, რომელსაც პაოლო იაშვილის სახელის ხსენებაზე პირზე ხელს აფარებდნენ შეშინებული მშობლები.
მე იმ თაობას ვეკუთვნი, რომელთა თვალში ზოგიერთი ცდილობდა, პაოლოს ჭეშმარიტად რაინდული საქმეები ისე დაეხურდავებინა, როგორც იესოს ჩადენილი სასწაულები, მისი შემოქმედება ჰგავს დანგრეულ ტაძარს, მაგრამ მან მაინც მოასწრო ხმის ამოღება ვით დიდმა ზარმა, სამრეკლოდან ჩამოგდებულმა და ხმა იმ ზარისა მაინც შეეხო ჩვენს გულებს და ააჩქარა და ააღელვა და ახალი ძალით ააძგერა იგი.
მე, ჩემი მადლიერი თაობის სახელით მოწიწებით ვხრი თავს მისი ნიჭიერების წინაშე.
ნეტავ რა მოკლავს პაოლო იაშვილს, რომელსაც ისეთი ჭირისუფალი ჰყავს, როგორიც ქართველი ხალხია.
და თუ ლექსი და სიყვარული უკვდავია, მაშინ უკვდავია პაოლო იაშვილიც.“

პაოლო იაშვილი საჩხერის რაიონის სოფელ არგვეთში დაიბადა. პაოლოს დედა, ბაბილინე ბარონის ასული მდივანი, კეთილშობილი, სათნო, ღრმად მორწმuნე და სტუმართმოყვარე ქალი ყოფილა. მამა, ჯიბრაელ დავითის ძე იაშვილი, წოდებით აზნაური, მთელ დასავლეთ საქართველოში ფართოდ ცნობილი პიროვნება, კიევში განსწავლული პროვიზორი იყო. 1924 წლის ტრაგიკულმა მოვლენებმა მათ ოჯახს თავზარი დასცა. პოეტის ძმა 22 წლის ვასილი სახალხო აჯანყებაში მონაწილეობისათვის შორაპანში დახვრიტეს.

პაოლო იაშვილის პირველი ლექსი “ღმერთო, ღმერთო” გაზეთ “კოლხეთში” 1911 წელს გამოქვეყნდა. მისი პირველი წიგნი 1955 წელს გამოიცა, ვრცელი კრებული 1959 წელს. პაოლო ტრიოლეტებისა და სონეტების გარდა ოსტატურად იყო დაუფლებული თავისუფალი ლექსის ხელოვნებასაც. მის შემოქმედებაში მარგალიტებივითაა გაბნეული მოთხრობები “ფერადი ბუშტები”, “სამი ტკივილი”. სამწუხაროდ, მან ვერ შეძლო დამთავრება პოემისა “გზა მშვიდობისა”. იგი მუშაობდა პუბლიცისტიკაში და ეწეოდა მთარგმენლობით საქმიანობასაც.

მეწყერივით თავს დამტყდარმა ბედისწერამ პაოლო ტრაგიკული არჩევანის წინაშე დააყენა: ან დალოდებოდა კარს მომდგარ უმკაცრეს განაჩენს, ან ნიშნად, პროტესტისა და უმწეობისა, თავად უნდა დაესწრო ამ განაჩენისთვის და დაასწრო კიდევაც.

სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, უკანასკნელი წერილი მან საყვარელ მედეას გაუგზავნა. მისი სიყვარულითა და უკურნებელი დარდით გაშორდა იგი ამ ქვეყანას. პატარა გოგონას სიყვარულმაც კი ვერ შეაცვლევინა გადაწყვეტილება.

პოეტი თითქოს სიცოცხლეშივე გრძნობდა ამაზრზენი განაჩენის მოახლოებას:

“ღმერთო! აპატიე,-
მე თუ ვერ მიშველი-
დედას, რომ დაგინთო ჩემ სიგრძე სანთელი,
მისთვის, რომ ჩემს გულში
დაყუჩდეს გრიგალი და კორიანტელი”.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100