როგორ მოაჭამა ჯანო ბაგრატიონს ყური გაბრაზებულმა გულშემატკივარმა

„თბილისი იყო ურთიერთობა“ მაია კახიძის ჩანაწერებს ასაჯაროებს, სადაც ქალბატონი მაია ჯანო ბაგრატიონის მიერ ნაამბობ ისტორიებს ყვება.

„...დღეს რომ მეტროს სადგური "რუსთაველია",იქ იყო ჩვენი სახლი, ლენინის ქუჩის ორი ნომერი, მანდ დავიბადე (მართლა შინ გახლავართ დაბადებული) და გავიზარდე.

ვერის ბაღიც ახლო იყო და სპორტთან დაახლოება სწორედ ვერის ბაღიდან დავიწყე. მაშინდელი კალათბურთის კორიფეები - ოთარ ქორქია, სულიკო თორთლაძე, ოთარ სულაბერიძე და სხვანი პირველად რომ ვნახე ენით აუწერელი ბედნიერება ვიგრძენი. მათმა შემხედვარემ, მეორე კლასიდან დავიწყე კალათბურთზე სიარული. თბლისის პირველ სკოლაში ვსწავლობდი და ისეთი აქტიური ვიყავი, "ფიზორგას" მეძახდნენ.

ვერის ბაღი საოცრება იყო, სპორტის ყველა გულშემატკივრის ნამდვილი სავანე. მართალია, უზომოდ მიყვრდა კალათბურთი, ხელბურთი, მაგრამ ფეხბურთის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული მქონდა. ეს კი არა, ფეხბურთი კალათბურთის მოედანზეც კი მითამაშია.

მაშიდელი თბილისი სულ მესიზმრება და სულ მენატრება...

ეხლა ის დაპირებული ამბავი, რაც საჯაროდ არავისთვის მითქვამს: ხელბურთის თამაშს თავი რომ დავანებე, პოლიტექნიკურ ინსტიტუტში დავიწყე მუშაობა სპეციალობით. სპარტაკიადა უნდა გამართულიყო და მთხოვეს, ითამაშეო. დავთანხმდი.

ერთი სიტყვით, ვთამაშობთ გეპეის და სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის გუნდები. ერთ - ერთ მოწინააღმდეგეს უხეშად ვეთამაშე და ტრიბუნიდან გულშემატკივარმა დამიძახა : თმა აღარ გაქვს თავზე და ჭკუა ვერ ისწავლე, როგორ უნდა ითამაშოო. დამიწყო გინება. თურმე იმ მოთამაშის მეგობარია. მეც დავუბრუნე ხურდა, ვაგინე და ვაგინე. ახლა მოედანზე ჩამოვიდა, ვხედავ დასარტყმელად ემზადება და დავასწარი, გვარიანად დავარტყი. ალბათ იფიქრა, უფრო მეტად არ გამლახოსო და მოულოდნელად, ჩამეხვია.

ისე მაგრად მოვუჭირე, სუნთქვა შეეკრა, ნეკნები ეტკინა, ალბათ, გამწარდა და ყურში ჩამაფრინდა. გავუშვი ხელი, მაგრამ თქრიალით მომდის სისხლი, იმან კი , საშინელებათა ფილმებში რომაა, ჩემი ყურის ნაგლეჯი გადმოაფურთხა.

სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში წამიყვანეს. ცოტა ხანში ერთი პატარა ბიჭი მოვარდა აქოშინებული: ჩუმად ავიღე და იქნება მიგაკერონო. ექიმმა ( ცნობილი ექიმი იყო თბილისში, გვარად ბოხუა), აღარ გამოგვადგებაო და ურნაში გადააგდო.

გავიგე ვინც იყო ის ახალგაზრდა, ვეძისში ცხოვრობდა. მივედი, დამეგობრება მსურდა, ჩემი ძმაკაცებიც ეძებდნენ, მაგრამ ამაოდ, გვემალებოდა. მოგვიანებით კი გავიგე, ცხოვრება ასწეწვია და გზას ასცდენია ის გულშემატკივარი...

თბილისი ისეთი გამორჩეული იყო... ყველა მიყვარს, ყველა მეგობარი და ნაცნობიც კი თბილად მახსენდება, ვენაცვალე, მაგათ... მთელი ცხოვრება მეგობრების სიყვარულში გამიტარებია, ლუკმა მქონია, სხვისთვის გამიყვია. პოპულარობა კი... ვფიქრობ თავისით მოდის, მაგრამ არა შემთხვევით.

ალბათ, ტყუილად არ მიცხოვრია...“ - იხსენებდა ბატონი ჯანო.

პ.ს. ჯანსუღ (ჯანო) ბაგრატიონი დაიბადა 1938 წლის 4 აპრილს თბილისში. იყო ხელბურთელი და მწვრთნელი. თამაშობდა თბილისის “ბურევესტნიკში”. სსრკ ჩემპიონი (1964), სამგზის მეორე (1965, 66, 67) და მესამე (1963) პრიზიორი. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფიზიკური აღზრდის კათედრის გამგე (1973-84), თბილისის სპორტკომიტეტის თავმჯდომარე (1984-86), საქართველოს სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე (1986-96) და პირველი მოადგილე (1996-2000), საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი (1996-04) და საპატიო პრეზიდენტი (2004 წლიდან). სპორტის საპატიო ოსტატი, სსრკ დამსახურებული მწვრთნელი, თბილისის საპატიო მოქალაქე, ღირსების ორდენის და სოკ-ის ორდენის კავალერი.

კომენტარი