უფროსი ძმის პედანტობით დაზარალებული გენიოსის ცხოვრება

იოჰან სებასტიან ბახი არის უდიდესი ჰუმანისტი კომპოზიტორი, რომელმაც თავის შემოქმედებაში განასახიერა უბრალო ადამიანის მდიდარი სულიერი სამყარო.

ბახის მუსიკას მაღალ შეფასებას აძლევდნენ მომდევნო თაობის კომპოზიტორები ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი და ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი. მისი მუსიკით აღფრთოვანებულმა ბეთჰოვენმა თქვა: "ნაკადული კი არა, ზღვა უნდა იყოს მისი სახელი"... ("ბახი" - გერმანულად ნაკადულს ნიშნავს).

იოჰან სებასტიან ბახი დაიბადა 1685 წლის 8 მარტს გერმანიის ქალაქ ეიზენახში. ბახის გვარიდან არა ერთი დიდებული კომპოზიტორი გამოსულა, ამიტომ გერმანიაში ყოველ მუსიკოსს უწოდებდნენ ბახს და ყოველ ბახს უწოდებდნენ მუსიკოსს.

პირველი მუსიკალური გაკვეთილები ბახმა მამისაგან მიიღო, რომელიც იყო მევიოლინე. იგი ბავშვობიდან სწავლობდა ორღანზე დაკვრას, ასევე მას ჰქონდა კარგი ხმა (სოპრანო). 9 წლისა დაობლდა და მისი აღზრდა უფროსმა ძმამ ქრისტოფმა იტვირთა, რომელიც ეკლესიაში ქორმაისტერად მუშაობდა. სწორედ მან აიღო საკუთარ თავზე ძმის მუსიკალური განათლება. მაგრამ ის უკრძალავდა იოჰან სებასტიანს დამოუკიდებლად ცოდნის გაღრმავებას. მომავალი კომპოზიტორი ჩუმად მთვარის შუქზე იწერდა მუსიკალურ ჩანაწერებს ძმის ბიბლიოთეკიდან. ამან დაღი დაასვა მის ჯანმრთელობას და ბავშვობიდანვე დააკლდა თვალს. სებასტიანს ყველაფერი წყალში ჩაეყარა, როცა თავზე ძმა წამოადგა და ხელნაწერები დაუწვა. ფაქტია, რომ უფროსი ძმის პედანტიზმმა შეაყოვნა მომავალი კომპოზიტორის მუსიკალური განვითარება და ისიც ფაქტია, რომ არა იოჰან სებასტიან ბახი იოჰან კრისტოფ ბახის შესახებ დღეს არავის არაფერი ეცოდინებოდა.

15 წლის ბახმა მკაცრი ძმისგან განმარტოვება არჩია და დამოუკიდებლად დაიწყო ცხოვრება. იგი მუშაობდა ვიოლინოზე, ორღანზე, კლავესინზე დამკვრელად, კაპელმეისტერად და კომპოზიტორად. სწავლობდა არა მარტო გერმანელ, არამედ იტალიელ, ფრანგ და სხვა ცნობილ კომპოზიტორთა შემოქმედებას.

გენიალური მუსიკოსი სხვადასხვა დროს იყო სასახლის კარის მუსიკოსი, ქალაქის ორღანისტი და საეკლესიო გუნდის ხელმძღვანელი. ამ ყველაფრის პარალელურად ბაჰი მუდმივად ქმნიდა ნაწარმოებებს, რომლებმაც დროს გაუზლო და დღეს 300 წლის შემდეგაც კი კლასიკური მუსიკის მოყვარულთა ფავორიტად რჩება.

ბახს ყავდა მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული ოჯახი.პირველი მეუღლის ტრაგიკულმა გარდაცვალებამ დიდი მწუხარება მოუტანა ბახს თუმცა მის ცხოვრებაში ჩნდება მასზე 16 წლით უმცროსი ანა მაგდალინა რომელიც საუცხოო სოპრანოთი იყო დაჯილდოვებული, ასევე მის ქალიშვილსაც საუკეთსო ვოკლაური მონაცემები ქონია. ვაჟებიც ვილჰელმ ფრიდმანი, ფილიპ ემანუილი, იოჰან ქრისტიანიც ბრწყინვალე ნიჭის პატრონები იყვნენ. ბახი საკუთარი ოჯახისთვის წერდა ანსამბლებს.

სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ბახი დაბრმავდა და კარნახით აწერინებდა იგი საკუთარ ნაწარმოებებს. 1750 წელს ლაიფციგში გარდაიცვალა ბახი. იგი მალე მიეცა დავიწყებას. მისი საფლავიც კი დაიკარგა ეკლესიის ეზოს რეკონტრუქციის დროს. მისი აღიარება, მხოლოდ 100 წლის შემდეგ დაიწყო, გრემანელი კომპოზიტორის მენდელსონის თაოსნობით.

კომენტარი