სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მერლინ მონროს სიკვდილის ახალი სკანდალური დეტალები

სენსაციური წვრილმანები მედიას მერლინ მონროს სტილისტის ძმისშვილმა გაუმხილა. მან აღნიშნა, რომ მსახიობი გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე ფრენკ სინატრას სახლში, კერძოდ ნევადაში, „ტაჰოს“ ტბასთან იმყოფებოდა. მან ღამე ჩიკაგოს „ნათლიმამასთან“, სემ ჯიანკანოსთან ერთად გაატარა.

შესაძლოა, ამ სიახლეებმა მოჰფინონ სინათლე ბურუსით მოცულ მონროს აღსასრულს, რომელიც ოფიციალურად თვითმკვლელობადაა მიღებული.

ტბა „ტაჰოზე“, სადაც მონრო თავის სტილისტთან ერთად, პირადი თვითმფრინავით ჩაფრინდა, ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი განგსტერი, სემ ჯიანკანო დახვდა, რომელიც შეეცადა მსახიობი დაერწმუნებინა, პრეზიდენტ კენედისთან რომანი საიდუმლოდ შეენახა და მედიისთვის არ გაემხილა. ლოს-ანჯელესში მერლინი დილით გაემგზავრა, ხოლო იმავე ღამეს, 1962 წლის 5 აგვისტოს, კინოვარსკვლავი გარდაიცვალა.

ნევადაში მოგზაურობაზე ჯეფ პლატსს მისმა ბიძამ, ჯორჯ მასტერსმა, სიკვდილამდე ერთი თვით ადრე, 1998 წელს უამბო. სწორედ მასტერსი იყო მერლინ მონროს სტილისტი, რომელიც იმ საბედისწერო ღამეს ვარსკვლავს თან ახლდა.

დაძაბული ღამის შემდეგ, მონრო და ჯიანკანო თვითმფრინავში დაბრუნდნენ და ლოს-ანჯელესში გაემგზავრნენ. ჯიანკანომ მერლინი დილის 9 საათზე სახლის კართან დატოვა. ამ დილის შემდეგ აღარც ჯორჯ მასტერსს უნახავს მსახიობი.

ის, რომ მონრო ფრენკ სინატრას სახლში იმყოფებოდა, რომელთანაც ამავდროულად ვარსკვლავს სასიყვარულო რომანი ჰქონდა, სიახლე არ არის. ცნობილია, რომ მონრო სინატრასთან რამდენიმეჯერ, დასასვენებლად ჩავიდა. თუმცა, მისი სიკვდილის ღამეს აღნიშნულ ტერიტორიაზე მსახიობის ყოფნა მედიისთვისაც სენსაციაა.

მერლინის სიკვდილმა ათასი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. გამოითქვა ასეთი ვარაუდიც: „მონრო მოკლეს. მოკლეს იმიტომ, რომ მას ძმებ კენედებთან ინტიმური ურთიერთობის საიდუმლოსთვის ფარდა არ აეხადა.“

ეს ვერსია ძალიან რეალურია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც აღნიშნული ჩვენება გავრცელდა. თუ გამოძიებამ ყოველივე დაადასტურა, საიდუმლოსაც ფარდა აეხდება: მერლინ მონრომ კენედისთან ინტიმური ურთიერთობის დამალვაზე უარი თქვა. ამერიკელმა განგსტერმა კი ვარსკვლავი მოაკვლევინა.

რაც შეეხება მონროსა და ჯიანკანოს ურთიერთობას, გარკვეული წყაროები ირწმუნებიან, რომ ჯიანკანო იყო ერთადერთი მამაკაცი, რომელიც მერლინს ნამდვილად უყვარდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100