სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ებრაელმა მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ მარიხუანა კურნავს - რას ფიქრობენ ქართველები?

მსოფლიო მასშტაბით ჯერაც არაა დასრულებული დავა იმაზე, მარიხუანა სამკურნალო საშუალებაა თუ ნარკოტიკული ნივთიერება, თუმცა, ფაქტია, რომ მედიცინა ბევრ ნარკოტიკს, გარკვეულ შემთხვევებში, სწორედ ტკივილგამაყუჩებელ საშუალებად იყენებს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ ტიპის ნარკოტიკული საშუალებები დეკრიმინალიზებულია და მისი მოხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე შესაძლებელია.

ზემოთნათქვამ ჭეშმარიტებას ყველა აღიარებს, ანუ, ყველა ამბობს, რომ მედიცინაში მისი გამოყენების სპეციფიკის გათვალისწინებით, ნებისმიერი ნარკოტიკის აღქმა სამკურნალო საშუალებად დაუშვებელია, მაგრამ მარიხუანას მომხმარებლები მთელი მსოფლიოს მასშტაბით აყალიბებენ ორგანიზაციებს, ქმნიან კლუბებს, აგროვებენ პეტიციებსა და მიმართვებს, რათა მარიხუანა, ერთხელ და სამუდამოდ, აღიარონ, როგორც სამკურნალო საშუალება და მოხდეს მისი დეკრიმინალიზაცია.

რას „სჩადის“ მარიხუანა - ვნებს თუ რგებს ადამიანს? ამ კითხვაზე მედიკოსთა და მეცნიერთა აზრი ორადაა გაყოფილი. ამასთან, ორივე ბანაკში საკმაოდ ავტორიტეტული და ანგარიშგასაწევი პერსონები არიან, რომლებსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ თავიანთი სფეროს კორიფეები. ყველას დასახელება შორს წაგვიყვანს, მაგრამ ბოლო სიახლეები ამ სფეროდან ებრაელ მეცნიერებსა და მედიკოსებს უკავშირდება.

ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დაწყებული ექსპერიმენტის შემდეგ ისრაელის უნივერსიტეტის „ჰაიფას“ სპეციალისტებმა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნეს დასკვნა, რომელმაც კიდევ ერთხელ შესძრა მსოფლიო: მათი აზრით, მარიხუანა კურნავს. ებრაელი მედიკოსების აზრით, მარიხუანა უებარია პოსტტრამვულ პერიოდში და, მათივე დასკვნაში წერია, რომ კანაფი ისეთ ნივთიერებებს შეიცავს, რომელიც ადამიანში აგრესიას, აღელვებასა და გაღიზიანებას ბლოკავს, სტრესულ სიტუაციაში კი სიმშვიდის შენარჩუნების საშუალებას იძლევა. ამ დასკვნამდე მეცნიერები ვირთხებზე ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად მივიდნენ.

ქართველი მედიკოსები მიიჩნევენ, რომ მარიხუანას სამკურნალო თვისებები ადრეც იყო ცნობილი, მაგრამ მისი გამოყენება მხოლოდ ერთჯერადად, ექიმის დანიშბნულებით შეიძლება და არა თვითნებურად. არიან ისეთებიც, რომლებსაც მარიხუანას სამკურნალო თვისებების აღიარება მისი დეკრიმინალიზაციის დასაწყისად მიაჩნიათ და კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. ასეთთა შორის, როგორც უკვე მიხვდებოდით, ყველა ნარკოტიკის დაუძუნებელი მტერი, საქართველოს მთავარი ნარკოლოგი, გელა ლეჟავაა:

ამერიკელი მეცნიერების მიერ დადგინდა, თუ ადამიანმა მოსწია მარიხუანა. მეორე დღეს, მისი აღქმის უნარი სამჯერ კლებულობს. მთელ სამხრეთ- აღმოსავლეთ აზიაში, იმიტომ არის ცხოვრების დაბალი დონე, რომ უმრავლესობა კანაფს ეწევა. ეს ნარკოტიკი იოლად იწვევს განცხრომის გრძნობას, კარგად ყოფნის განცდას, რაც აბრკოლებს, მისწრაფებას რაღაცისკენ. მარიხუანას ლეგალიზებას იმიტომ მოითხოვენ, რომ მიაჩნიათ, ეს არ არის ისეთი ნარკოტიკი, რომელიც სერიოზულ ზიანს იწვევს. მაქვს სტატისტიკა, რომლის თანახმადაც სამკურნალოდ მისულ პაციენთა შორის, პირველ ადგილზე არიან ჰეროინის მომხმარებელნი, მეორეზე, კანაფის. იმ პირებს შორის, ვინც ჰეროინის გამო მივიდა სამკურნალოდ, 25% არის ის, ვინც დაიწყო მარიხუანათი და გადავიდა შემდეგ უკვე სხვა ძლიერ ნარკოტიკზე. მარიხუანას ასევე ეძახიან “ნარკომანიის კარიბჭეს”. რაც შეხება მათ, ვინც ამ ნარკოტიკის ლეგალიზაციას ან თუნდაც, დეკრიმინალიზაციას ითოვენ:

არა ერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ: ეს ადამიანები არიან საქართველოს მტრები. ქართველი ერის მტრები. მივიღებთ თაობას, რომელსაც არ აინტერესებს საქმე, რომელიც არის ავადმყოფი და რომლის უმეტესობაც გადავა მძიმე ნარკოტიკზე. განადგურებულ და გაუბედურებლ თაობას მივიღებთ, ეს გვინდა?“

ერთ-ერთი ასეთი "მტერი" კი, ლეჟავას აზრით, „ტაბულა-არტის“ რედაქტორი, ლექსო მაჭავარიანიც გამოდის, რომელმაც მარიხუანას დეკრიმინალიზაციაზე და მის მავნებლობა-მარგებლობაზე საუბრის დროს, „პრესა.ჯი“-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა:

„პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ მარიხუანა არ იწვევს მასზე დამოკიდებულებას. მარიხუანა რიგით მეთერთმეტეა მავნებლობის მხრივ, ნარკოტიკულ ნივთიერებებს შორის. მას უსწრებენ ალკოჰოლი, რომელიც მე-5 ადგილზეა და თამბაქო, რომელსაც მავნე ნივთიერებების სიაში მე-8 ადგილი უჭირავს. მედიცინაში არ არსებობს მარიხუანას მოხმარების შედეგად გულსისხლძარღვთა დაავადების არმქონე ადამიანის გარდაცვალების არცერთი დამტკიცებული ფაქტი. ითვლება, რომ სასიკვდილო დოზის შეფარდება მოქმედ დოზასთან არის მინიმუმ 20 000:1, რაც ფაქტობრივად გამორიცხავს ლეტალური შედეგის შესაძლებლობას.

რაც შეეხება დეკრიმინალიზაციას, „მარიხუანას ლეგალიზაცია, როგორც ასეთი, ჯერჯერობით მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ მომხდარა. არსებობს სახელმწიფოები, სადაც დეკრიმინალიზებულია მარიხუანას მოხმარება და მისი გარკვეული რაოდენობით ფლობა. შესაბამისად, ჩვენს შემთხვევაშიც, ამ ეტაპზე საუბარი შესაძლებელია იყოს არა მარიხუანას ლეგალიზაციაზე, არამედ დეკრიმინალიზაციაზე, ისევე როგორც ეს მოხდა, მაგალითისთვის, 2011 წლის იანვრიდან ჩეხეთში, სადაც კანონდარღვევად აღარ ითვლება მარიხუანას მოხმარება და აგრეთვე 4 გრამამდე კანაბინოიდების შემცველი პროდუქტების შენახვა. ანალოგიური პრაქტიკა არსებობს ევროპის განვითარებული ქვეყნების უმრავლესობაში, ლათინურ ამერიკის ქვეყნებში, კანადასა და შეერთებული შტატების ათზე მეტ შტატში.

ჩვენ შეიძლება ბევრი ვიკამათოთ იმაზე, არის თუ არა მარიხუანას მოხმარება სასურველი ან მავნებელი, მაგრამ მისი მოხმარების გამო სახელმწიფოს მხრიდან დევნა ადამიანის უფლებების დარღვევაა“.

გახდება თუ არა ებრაელი მედიკოსებისა და მეცნიერების სკანდალური დასკვნა იმის საფუძველი, რომ მსოფლიო კიდევ უფრო ლოიალური გახდეს მარიხუანას მიმართ, ცოტა ხანში გამოჩნდება. საქართველოში, სადაც მარიხუანა, იგივე კანაფი, იგივე „პლანი“, იგივე „დურმანი“, იგივე „ბოლი“ - არცთუ შორეულ წარსულში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნარკოტიკი იყო და თუ ვთქვათ, სვანეთში, ბევრ ოჯახში მის პლანტაციასაც კი შეხვდებოდით, საცხოვრებელი კორპუსის სახურავებზე ატანილ ქოთნებში ჩარგული მარიხუანას ნახვა და დაგემოვნება თბილისშიც იყო შესაძლებელი...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100