მავნე საკვები იმაზე მეტ ადამიანს კლავს, ვიდრე სიგარეტი - მეცნიერების შემაშფოთებელი დასკვნა

გემრიელი, თუმცა მავნე საკვები მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმაზე ბევრად მეტ ადამიანს კლავს, ვიდრე თამბაქო - ამის შესახებ დასკვნას სიეტლის უნივერსიტეტის მკვლევარები აქვეყნებენ.

კვლევის თანახმად, ყოველი მეხუთე გარდაცვლილს მავნე საკვებისგან შექმნილი ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, რამაც სიცოცხლის ნაადრევი შეწყვეტა გამოიწვია. 2017 წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 10,9 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა ზემოთ აღნიშნული მიზეზის გამო.

მავნე საკვები, გარდა იმისა, რომ შინაგან ორგანოებს აზიანებს, წნევაზეც მოქმედებს და ინსულტის რისკი საგრძნობლად იზრდება. გასულ წელს ინსულტით გარდაცვალების 10,4 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო თამბაქოსგან გამოწვეული პრობლემებით გარდაცვალების შემთხვევა 8 მილიონს აღწევს.

მეცნიერები აქვე იმასაც დასძენენ, რომ მხოლოდ მავნე საკვების მიღებაში არ არის პრობლემა. კიდევ უფრო დიდი პრობლემაა ის, რომ ადამიანები ჯანსაღ პროდუქტზე ამბობენ უარს და ხილსა და ბოსტნეულს აღარ ეტანებიან, რაც ასევე საზიანოა ორგანიზმისთვის. შესაძლოა, მავნე საკვებზე უარი ვთქვათ, თუმცა არც ჯანსაღი პროდუქტები მივიღოთ, რაც დაუშვებელია.

მკვლევარები ურჩევენ ყველას, რომ საკვებში მოიხმარონ ნაკლები მარილი, ნახევარფაბრიკატებზე თქვან უარი, გაზიანი სასმელები და სწრაფი კვების ობიექტები კი სულ დაივიწყონ.

რაც შეეხება აუცილებელ პროდუქტებს, ხილისა და ბოსტნეულის გარდა ის მოიცავს თევზეულს (რომელშიც დიდი რაოდენობით არის ომეგა 3), რძის პროდუქტებს, ლობიოს, თხილს, მზესუმზირას, გოგრის კურკასა და სხვადასვხა მარცვლეულს, რომლებიც საჭმლის მომნელებელ სისტემას საკვების გადამუშავებაში ეხმარება, რათა ნაწლავური პრობლემებისგან აიცილოთ თავი.

"თანამედროვე მსოფლიოში არც ერთ ქვეყანას არ აქვს რეგულაციები საკვებთან დაკავშირებით, ამიტომ საზოგადოების ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო და უფრო უკან მიდის. საჭიროა, ცნობიერების ამაღლება, რათა შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა და ხანგრძლივი სიცოცხლე. საკვებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებლით ლიდერობენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა საფრანგეთი, ესპანეთი, ამერიკა, ისრაელი, უზბეკეთი და იაპონია" - განაცხადეს სიეტლის ინსტიტუტის მკვლევარებმა.

კომენტარი

×