სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აქვს თუ არა ქალს სული?

ადამიანების დაყოფა სუსტ და ძლიერ სქესად კულტურათა კონტექსტში, მისი საფუძვლები, ყბადაღებული თემა გენდერული თანასწორობის შესახებ, შოთა რუსთაველის „ხარკი“ პატრიარქალური სამყაროსადი და პასუხი რიტორიკულ კითხვაზე: აქვს თუ არა ქალს სული? ამ და სხვა საკითხებზე „დრონი.ჯი“ ფსიქოლოგ მამუკა გელაშვილს ესაუბრება:

-მე-19 საუკუნის მეორე ნახევრამდე, ვიდრე დაიწყებოდა მოძრაობები ქალთა უფლებების დასაცავად და ეს ყველაფერი ე.წ. რადიკალურ ფემინიზმში გადაიზრდებოდა, ადამიანებს სჯეროდათ, რომ ქალსა და მამაკაცს არა მარტო განსხვავებული ფიზიკური, არამედ სულიერი ბუნებაც აქვთ და, რაც მთავარია, ეს გაიგებოდა, როგორც ბუნებრივი მოვლენა. თუმცა, მიუხედავად შემდგომდროინდელი ფემინისტური მოძრაობებისა, ადამიანთა ფსიქიკაში მაინც არსებობს წარმოდგენა, შეხედულება მამაკაცთა უპირატესობის შესახებ. საინტერესოა, ზოგადად ადამიანთა ფსიქიკიდან გამომდინარე, რამდენად შეიძლება მსგავს სხვაობებზე საუბარი?

-სინამდვილეში განსხვავება არის, მაგრამ უპირატესობა რომლის, ქალის თუ მამაკაცის? ეს კიდევ საკითხავია. ცნობილია, რომ თავის დროზე რელიგიაშიც დიდი კამათი იყო იმაზე, აქვს თუ არა ქალს სული? არჩევნებში მონაწილეობის უფლებას გაცილებით გვიან არის მიღებული. ჩვენ ამ მხრივ ბევრად წინ ვუსწრებდით ევროპას, როცა მე-12 საუკუნეში ქალი გვყავდა მეფედ.

-რაში ვლინდება ეს სხვაობები?

-ქალები - ნაკლებად აგრესიულები, მამაკაცები კი უფრო კონფლიქტურები არიან. ქალი უფრო მიმღებია, გამგებია, თანაგრძნობის მეტი უნარი აქვს, დიალოგისკენ უფროა მიდრეკილი, ვიდრე მამაკაცი. შემიძლია მოგიყვეთ ასეთი ექსპერიმენტის შესახებ: ორივე სქესის ცდის პირებს უჩვენეს რამდენიმეწუთიანი მუნჯური კინოს კადრები, შემდეგ მათ უნდა გამოეცნოთ მონაწილეთა ემოციები. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ქალები უფრო ზუსტად გამოიცნობდნენ ემოციებს, ვიდრე მამაკაცები. ასევე ექსპერიმენტების შედეგადაა ცნობილი, რომ კაცები უფრო ხშირად აწყვეტინებენ საუბარს ქალ თანამოსაუბრეს, ვიდრე მამაკაცს.

-ეს ხომ არ მიუთითებს იმაზეც, რომ მამაკაცი არ აღიქვამს ქალს თანასწორ პარტნიორად?

-კი, გარკვეულ ასპექტში უკვე მოქმედებს სტერეოტიპი, რომ ის ინტელექტუალურად აღმატებულია და ეს სტერეოტიპი შესისხლხორცებული აქვთ არა მარტო კაცებს, არამედ ქალებსაც. ორივე თანამონაწილეა. თუკი ქალი იჩაგრება, ეს მარტო მამაკაცის „დამსახურება“ არ არის, ეს ქალის „დამსახურებაცაა“. მე შემიძლია ერთი მაგალითი მოგიყვანოთ ჩვენი ისეთი საჭირბოროტო პრობლემიდან, როგორიცაა მოტაცების ინსტიტუტი. რის ნიადაგზე არსებობს ის? განა მარტო მამაკაცია მომტაცებელი? არა, ქალიც აღიარებს თავს მოტაცებულად. კარგი, ვთქვათ მოიტაცეს გოგონა და გოგონამ, რადგანაც განატაცები დაერქვა, დათმო და გაყვა ცოლად მას, ვისაც არ უნდოდა, რომ გაყოლოდა.

მე მყოლია პაციენტი გოგონები მსგავსი პრობლემით, მისაუბრია მათთან ამის შესახებ და მათ უთქვამთ:„რა მექნა, მშობლებმა არ დამიჭირეს მხარი“. არადა, იმ მშობლებში დედაც ხომ შედის, ანუ ქალი? ორივე თანამონაწილეა ამ პროცესის.

თანასწორობაზე საუბრი სოციალურ ასპექტში თუ შეიძლება, თორემ ბიოლოგიურ ასპექტში სისულელეა. ბიოლოგიურად ორი მამაკაციც კი არ არის თანასწორი. ქალს გააჩნია ამხელა ფუნქცია - გააჩინოს ბავშვი, მამაკაცს კი - არა, რომელ თანასწორობაზეა აქ საუბარი?

-ანდროცენტიზმი და მთელი მასკულინური კულტურა ასე მიიჩნევს, რომ მამაკაცი არის კაცობრიობის განსახიერება, ქალი კი - დამატება, არამთავარი, დამხმარე, უფრო უხეშად რომ ვთქვათ, კვლავწარმოების ობიექტი, რომელსაც მხოლოდ რეპროდუქციული ფუნქცია გააჩნია და მეტი არაფერი...

-ის კაცები, ვინც ამას ამბობენ, ქალის გაჩნილები არ არიან? „მეტი არაფერია“ რეპროდუქციული ფუნქცია? ექსპერიმენტი რომ ჩავატაროთ და ავიღოთ ერთ ჯგუფში ერთი კაცი და ასი ქალი, მეორეში - ასი კაცი და ერთი ქალი. როგორ გგონიათ, გარკვეული დროის შემდეგ, რომელი ჯგუფი გადარჩება? რა თქმა უნდა ის, სადაც მეტი ქალია. იმ მამაკაცებს, ვინც ამას ამბობს, ეტყობა ცუდი დედები ჰყავდათ.

-მთელი ძველი ბერძნული მითოლოგია და ფილოსოფიაც მამაკაცთა უპირატესობაზე საუბრობს. როგორც ერთ-ერთი მითი ამბობს, ქალები ამქვეყნად უღირსად ნაცხოვრები მამაკაცების მეორედ მოვლენილი სახეები არიან მხოლოდ...

-არსებობს მითი ანდროგინების შესახებ, რომლის მიხედვითაც თავიდან სხვადასხვა სქესი არ არსებობდა. არსებობდნენ მხოლოდ თვითკმარი არსებები - ანდროგინები, რომელთაც ჰქონდათ 8 კიდური, 2 თავი და ა.შ. მათში სამი ტიპი გაირჩეოდა: ქალ-ქალი, კაც-კაცი და ქალ-კაცი. ისინი საკმაოდ ძლიერი არსებები იყვნენ. ერთ დღესაც ზევსი განრისხდა და შუაზე გახლიჩა, მთელი თავიანთი ენერგია გამთლიანებისთვის რომ დაეხარჯათ და ღმერთებთან ბრძოლას შეშვებოდნენ. პლატონის თქმით, ვინც კაც-კაცი იყო, მათგან მივიღეთ ჰომოსექსუალები, ქალ-ქალებისგან - ლესბოსელები და ა.შ.

-ქალსა და მამაკაცს შორის არსებულ სხვაობებზე საუბარია ქრისტიანულ რელიგიაშიც. ეკლესიის მამები ქალს, როგორც „ჯოჯოხეთის კარიბჭეს“ ისე მოიხსენიებენ...

-გეტყვით, რატომაც: ქრისტიანული რელიგია პატრიარქატის პერიოდში წარმოიშვა.

-თუნდაც ის ფაქტიც, რომ მონოთეიზმზე გადასვლით ხდება ღმერთის მამრობითობის აღიარება და მანამდე არსებული ყველა ქალღმერთის უარყოფა...

-შემთხვევითი არაა, რომ გვაქვს „მამა, ძე და სულიწმინდა“. სულიწმინდა მდედრობითი სქესისაა და ბოლოშია მოქცეული. ეს ქვეცნობიერი კლიშეებია. რატომ აღიქვამენ ღმერთს მამის სახით? ის ხომ აბსოლუტია? ეს სამობითი კლიშე ჩვენი ლოგიკური დიალექტიკის ამოსავალი წერტილია. ასეთი ლოგიკა გვაქვს: წარსული, აწმყო და მომავალი... თეზისი, ანტითეზისი და სინთეზი... ყველა თეორია, იქნება ეს რელიგიური თუ სოციალური, ადამიანის გონებაშია გავლილი, ინტერპრეტირებული და პატრიარქატის ეპოქაში რაცაა შექმნილი, ყველაფერს ეს კლიშე ადევს - პატრიარქატული კლიშე.

მაგალითად, შოთა რუსთაველი რომ ავიღოთ, იწერება თემები ქალთა სახეებზე „ვეფხისტყაოსანში“ და ა.შ. მე მიგაქცევინებთ ყურადღებას ერთ ფრაზაზე: „კაცი ჯაბანი რითა სჯობს, დიაცსა ქსლისა მბეჭველსა“. რა შინაარსი დევს აქ? ქალი დამცირებულია, თითქოს ჯაბანი კაცის დამცირებაა და იგულისხმება, რომ ჩვეულებრივ კაცი სჯობს ქალს. წამოცდა ეს შოთა რუსთაველს, მიუხედავად იმისა, რომ ქალი ჰყავდა მეფედ. მაინც პატრიარქატული ეპოქა იყო.

-ქრისტიანული რელიგია სხვაობას იმით ხსნის, რომ, თითქოს, ქალი ღმერთთან ნაკლებად სრულყოფილი მიახლოებაა, ვიდრე მამაკაცი. ღმერთმა კაცი შექმნა ხატად თავისად, ხოლო ქალი კაცისგან შექმნა...

-ვინ დაწერა ეს? ეს ტექსტები ხომ ადამიანის მიერაა დაწერილი?

-ბიბლიის მიხედვითაც, ადამია სამყაროში ყველაფრისთვის სახელის დამრქმევი, ევა - არა.

-მე გაჩვენებთ, რა წერია ბიბლიაში. ძველი აღთქმის მეხუთე თავი, „ადამის შთამომავლობა შეთიდან ნოემდე“ იწყება ასე: „როცა ღმერთმა შექმნა ადამი, ღვთის მსგავსად შექმნა ი გ ი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ი ს ი ნ ი. და აკურთხა და უწოდა მ ა თ სახელად ადამ მ ა თ ი შექმნის დღეს“. აქ ადამი კრებითი სახელია. ესაა სუფთა მითოლოგიური ტექსტი, რაც ყველას ავიწყდება და რატომღაც სურთ პირდაპირ გაიგონ. აღქმა ხდება სტეროტიპების მიხედვით, თითქოს ღმერთმა თიხისგან გამოძერწა ადამიანი, სული ჩაბერა და ა.შ. როცა „ოპერაციას“ აკეთებს ღმერთი, აძინებს ადამს და იმ მომენტში გამოაქვს ნეკნი, ესაა გამოძახილი მითისა ანდროგინების შესახებ. ანუ ადამი ქალ-კაცია.

-რამდენად სწორია დაყოფა ძლიერ და სუსტ სქესად?

-დაყოფა მაინც პირობითია. თუკი მამაკაცი ძლიერი სქესია, მაშინ რატომ ცხოვრობენ მამაკაცები უფრო ხანმოკლე და ქალები უფრო ხანგრძლივი სიცოცხლით? არა მარტო იმიტომ, რომ კაცები უფრო ინტენსიურად ეწევიან სიგარეტს და იღებენ ალკოჰოლს, ვიდრე ქალები, არამედ იმიტომაც, რომ მამაკაცი უფრო ამბიციურია, ვიდრე ქალი. ამაშია ქალის სიძლიერე. მამაკაცს რცხვენია თავისი სისუსტის გამომჟღავნების. მაგალითად, თაგვის დანახვაზე ქალი შეკივლებს და შეიძლება სკამზეც შეხტეს, მამაკაცი კი ემოციას არ გამოხატავს. მამაკაცთა უმრავლესობას, ამ ამბიციებისგან გამომდინარე, ჭკვიანი და ძლიერი ქალების ეშინია, კაცი მიისწრაფვის, რომ ქალს მოსწონდეს, მისი თვითშეფასება იმაზეა დამოკიდებული, ქალს რამდენად მოსწონს.

-თუმცა ქალებიც ხომ იმისკენ მიისწრაფიან, რომ მამაკაცებს მოსწონდეთ? რატომღაც გაუთხოვრობა გაიგება სოციალურ ინვალიდობად, როცა იგივე არ ითქმის დაუქორწინებელ მამაკაცზე...

და ბოლოს, რა პრობლემები აქვთ ძირითადად თქვენს პაციენტებს?

-პაციენტთა უმრავლესობა ქალია, ესეც მამაკაცთა ამბიციური ბუნებიდან გამომდინარე, კაცებს არ უყვართ სისუსტეებზე საუბარი. პრობლემები ძირითადად საყოფაცხოვრებო ხასიათისაა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100