არწივების ოჯახის ცხოვრება პირდაპირ ეთერში

ვიდეომ, რომელიც არწივების ოჯახის ცხოვრებას რეალურ დროში ასახავს, უკვე 95 მილიონზე მეტი მაყურებელი მიიზიდა.

უცხოური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ვიდეოკამერა ბუდის სიახლოვეს, აიოვას შტატის ქალაქ დეკორში იქნა დაყენებული. ერთ-ერთი ჰოსტინგის მომხმარებლებს კი ფრინველების, დედ-მამის და მათი ბარტყების ცხოვრების ნახვა კვირის განმავლობაში, 24 საათი შეუძლიათ.

ტრანსლაცია ჯერ კიდევ 2010 წლის თებერვალში დაიწყო, თუმცა მისი პოპულარობა მიმდინარე წლის თებერვალში განსაკუთრებით გაიზარდა, რადგან ამ დროს ბარტყები გამოიჩეკნენ.

საიტის მონაცემებით, ფრინველებზე დაკვირვების მოსურნე მეცნიერების, სპეციალისტების, მოყვარული ნატურალისტების თუ უბრალოდ, ცნობისმოყვარეების რიცხვი, საათში ათი ათასობითაა.

ვიდეოჰოსტინგის ექსპერტების თქმით, არწივების ცხოვრების პირდაპირი ტრანსლაცია ყველაზე პოპულარული პირდაპირი ეთერია ინტერნეტის ისტორიაში. მან უილიამის და ქეითის ქორწილის ტრანსლაციასაც კი გადაუსწრო იუთუბზე, თუმცა არწივებს პოპულარობისთვის ცოტა უფრო მეტი დრო დასჭირდათ.

თუმცა, ფრინველებზე ინტერნეტის მეშვეობით პირდაპირ ეთერში დაკვირვება ნოვაცია არ არის. მსგავსი ტრანსლაცია 2007 წელს, ერთ-ერთმა ესტონურმა საიტმაც განახორციელა, რომლის მეშვეობითაც ნაკრძალში სხვადასხვა ცხოველების ცხოვრებაზე დაკვირვება იყო შესაძლებელი.

კომენტარი