სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსული იარაღი ტერორისტებისათვის

რუსული იარაღი ყველაზე ხელმისაწვდომია ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისა და იქ მოქმედი საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ კრემლის განცხადებით, ის საკუთარი წარმოების შეიარაღებას ამ ორგანიზაციებს არ აწვდის, ფაქტები სულ სხვას ღაღადებენ. რუსული იარაღი განსაკუთრებულ პრობლემას ისრაელს უქმნის, რომლის ქალაქები და დასახლებული პუნქტებიც ყოველდღიურად რუსული რაკეტებით და ნაღმებით იბომბება. როგორ ხვდება ეს შეიარაღება ამ ტერიტორიაზე, ზუსტად გაშიფრული არ არის, თუმცა მიახლოებითი სქემა ისედაც ნათელია.

ამასობაში კი, ისრაელი რუსეთს სირიისთვის იარაღის მიწოდების შესახებ უკვე ოფიციალურად აკრიტიკებს. საქმე ეხება რაკეტებს და ჰაერსაწინააღმდეგო კომპლექსს, რომელიც რუსული წარმოებისაა და სირიაში არეულობების დაწყების შემდეგ მასიურად გამოჩნდა. როგორც ქნესეთის დელეგაციამ მოსკოვში ვიზიტის დროს განცხადა, ეს საკითხი უკონტროლო და სერიოზული პრობლემაა, რომელიც რეგიონს საფრთხეს უქმნის. რუსული იარაღი დიდი რაოდენობით ხვდება არასტაბილურ სირიაში, ასევე პალესტინაში, ლიბანსა და ლიბიაში.

რუსული წარმოების იარაღს პალესტინის ტეორირისტული ორგანიზაციები უკვე კარგა ხანია ფლობენ. მას იყენებენ ასევე ლიბანური ჰეზბოლა და ზოგიერთი სხვა, საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციებად აღიარებული გაერთიანებები. ცნობილია შემთხვევა, რომ მცირე ხნის წინ, ისრაელში, სასკოლო ავტობუსზე თავდასხმისას, რომლის დროსაც ბავშვები დაზარალდნენ, გამოყენებული იქნა რუსული რაკეტა. მაშინ კრემლმა თავი იმით იმართლა, რომ რუსული წარმოების იარაღი, შესაძლოა, მეორე და მესამე ხელიდან ხვდებოდეს ასეთი ორგანიზაციების ხელში.

ისრაელის ხელისუფლების განცხადებით, რუსეთს უნდა ესმოდეს, რომ ასეთი ქვეყნებისთვის იარაღის მიწოდება რეგიონში არასტაბილურობას იწვევს. ისრაელი და ამერიკის შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის რუსული იარაღის მიწოდების კატეგორიული წინააღმდეგნი არიან. თუმცა, ამ შეიარაღების მოძრაობის კონტროლი, ფაქტობრივად, შეუძლებელია. საამისოდ, რუსული მხარის ნებაა საჭირო, რასაც კრემლის მესვეურები აშკარად არ ავლენენ...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100