სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნაფიცმა მსაჯულებმა მკვლელობაში ბრალდებული გაამართლეს

ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტით, მეზობლის მკვლელობისა და დაჭრისთვის ბრალდებული, 49 წლის ვაჟა ახალკაციშვილი მკვლელობის ბრალდებაში გამართლდა.
ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილება დღეს მოსამართლე ეკა არეშიძემ გამოაცხადა.
ბრალდებული ვაჟა ახალკაციშვილი რამდენიმე მუხლით იყო ბრალდებული. ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტით, მას ბრალდება რამდენიმე მუხლში მოეხსნა და ბრალი დაედო იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში, ვერდიქტის მიხედვით, იგი მკვლელობის ჩადენის დროს ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში იმყოფებოდა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვაჟა ახალკაციშვილი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 234-ე მუხლში, 108-ე მუხლში, ასევე 19-109-უ მუხლში, ხოლო დამნაშავედ იქნა ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველ ნაწილში, ასევე 111-ე მუხლის პირველ ნაწილში.
აღნიშნული მუხლების მიხედვით, ვაჟა ახალკაციშვილს სასჯელის შთანთქმის საფუძველზე შეეფარდა ორი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის ათვლა დაიწყო მისი ბრალის წარდგინების თარიღიდან – 2012 წლის 25 დეკემბრიდან.
როგორც სასამართლო პროცესის შემდეგ ვაჟა ახალკაციშვილის ადვოკატმა, გიორგი ონიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, იგი სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილია.
ადვოკატის შეფასებით, ნაფიცი მსაჯულების პირობებში მართლმსაჯულებაში კანონიერება დამკვიდრდება და დღევანდელი გადაწყვეტილება სამართლის ისტორიაში შევა.
რაც შეეხება ბრალდების ეპიზოდს, ადვოკატის განმარტებით, საქმე ეხება 2005 წელს ვაჟა ახალკაციშვილის მხრიდან ბინის შეძენის ფაქტს, რომლის სანაცვლოდ მან 11 ათასი დოლარი გადაუხადა მეზობლებს, და-ძმა ციალა და ელგუჯა ნიკოლიძეებს.
"მეზობლებმა მას უთხრეს, რომ ბინის გაფორმების საკითხებში პრობლემები არსებობდა, რადგან ბინა მემკვიდრეობით უნდა გადაეფორმებინათ, რის შემდეგაც ისინი მყიდველზე გადააფორმებდნენ, თუმცა ამით დრო გაწელეს, რის შემდეგაც ბინები გაძვირდა და მეზობლებმა მოინდომეს, აღარ მიეცათ ვაჟა ახალკაციშვილისთვის ფართი. მას სთავაზობდნენ ფულის დაბრუნებას, რაზეც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იყო უარზე და ითხოვდა ფართს. შემდეგ მიმართა პროკურატურას, რის საფუძველზეც ერთ-ერთი მეზობელი ელგუჯა ნიკოლიძე დააკავეს, თუმცა გირაოს სანაცვლოდ მძიმე ავადმყოფობის გამო გაათავისუფლეს. ციხიდან გამოსვლის შემდეგ ელგუჯა ნიკოლიძესთან მივიდა ვაჟა ახალკაციშვილი და სცადა შეეშინებინა, ამ დროს გამოჩნდა ელგუჯა ნიკოლიძის და ციალა ნიკოლიძე, მოხდა შელაპარაკება და ვაჟა ახალკაციშვილმა ვეღარ მოითმინა აღელვების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღი გახსნა და-ძმის მიმართულებით. და გარდაიცვალა, ხოლო ძმა დაიჭრა", - განაცხადა ადვოკატმა.
მისი ინფორმაციით, სწორედ აქედან გამომდინარე დააკავეს მისი დაცვის ქვეშ მყოფი რამდენიმე მუხლის საფუძველზე და მისი ერთ-ერთი ბრალდება იყო განზრახ მკვლელობა, ასევე განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში.
"სწორედ ამ ნაწილში ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ნაფიცმა მსაჯულებმა უდანაშაულოდ ცნეს", - განაცხადა ონიანმა.
ამასთან, ადვოკატის ინფორმაციით, 49 წლის ვაჟა ახალკაციშვილი მძიმე ავადმყოფია და შესაძლოა, ამ მოტივით მან სასჯელის სრული ვადა არც მოიხადოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის ამოქმედების შემდეგ დღეს პირველად გამოაცხადეს ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტი სისხლის სამართლის საქმეზე, თუმცა როგორც ცნობილია, ნაფიცი მსაჯულების შერჩევა კიდევ რამდენიმე საქმეზე მიმდინარეობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100